
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პროკურორი დააკავა
12:34:52     13-02-2012
დღეს, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, მთავარი პროკურატურის პროკურორი – კახა ცნობილაძე დააკავა. ცნობილაძეს ბრალად, უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით, კორუფციულ გარიგებებში ჩართვა ედება. ცნობილაძესთან ერთად, ასევე დაკავებულია ადვოკატი გოგა გაჩეჩილაძე.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით: ,,იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კორუფციის ბრალდებით, დაკავებულია მთავარი პროკურატურის პროკურორი - კახა ცნობილაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო შემოსავლების მიღების მიზნით, მან შექმნა საკუთარი იურიდიული კომპანია, სადაც იურიდიული მომსახურების მისაღებად ამისამართებდა თავის წარმოებაში არსებულ საქმეებში ბრალდებულის სტატუსის მქონე პირებს და მათთვის საშეღავათო პირობების დაპირების სანაცვლოდ, იღებდა ფულად გასამრჯელოს.
ჩვენ ვართ მიუკერძოებელნი საკუთარი უწყების თანამშრომელთა მიმართ, რითაც ვიცავთ საზოგადოების ინტერესებს’’ – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები პროკურატურაში ბოლო წლებში აღარ დაფიქსირებულა.