ოგიუსტ ბარბიეს გარდაცვალების დღისადმი
10:46:11     13-02-2012
1882 წლის 13 თებერვალს, ნიცაში გარდაიცვალა დიდი ფრანგი პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და დრამატურგი ანრი ოგიუსტ ბარბიე (Henri-Auguste Barbier).
ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო ფრანგული რომატიზმისა.
ოგიუსტ ბარბიე დაიბადა 1805 წლის 29 აპრილს პარიზში. მისი პირველი პოეტური კრებული გამოვიდა 1831 წელს, რომელიც მიძღვნილი იყო 1830 წლის ივლისის რევოლუციისადმი. ოგიუსტ ბარბიე უმღეროდა უბრალო ადამიანებს, აკრიტიკებდა ბურჟუებს. კრებულმა დიდი წარმატება მოუტანა. ის მოსწონდათ რევოლუციურად განწყობილ მასებს, ასევე პოეზიის მოყვარულებს მთელს საფრანგეთში. მალე მის შემოქმედებას გაეცნენ უცხოეთშიც. რუსეთში მისი ნაწარმოებები უმალ აკრძალეს.
1830 წლის 27 ივლისს საფრანგეთში დაიწყო რევოლუცია, მეფე კარლოს X-ის წინააღმდეგ, რომელიც კონსერვატიულ პოლიტიკას ატარებდა და ოცნებობდა, 1789 წლის რევოლუციამდელი ვითარება აღედგინა ქვეყანაში. 2 აგვისტოს მეფე იძულებული გახდა გადამდგარიყო. გაამეფეს მისი მოგვარე, ბურბონთა უმცროსი შტოს წარმომადგენელი, ორლეანის ჰერცოგი, რომელიც ტახტზე ავიდა ლუი-ფილიპე I-ის სახელით. რევოლუციონერებმა მონარქს „მეფე-მოქალაქის“ ტიტული მიანიჭეს. ეს იმდროინდელი საზოგადოების მიერ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა, რადგან კანონები უფრო ლიბერალური გახდა.
თავისი მეორე კრებული გამოსცა 1833 წელს იტალიაში მოგზაურობის შედეგად, სადაც უმღეროდა თავისუფლებას. ის შთააგონა იტალიელი ხალხის ბრძოლამ თავისუფლებისათვის. უმღეროდა რენესანსის გიგანტებს...
1869 წელს აირჩიეს საფრანგეთის აკადემიის წევრად.
ოგიუსტ ბარბიეს გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გთავაზობთ მის ლექსს „კერპი“ (5 ნაწილიანი ნაწარმოების 3-ე ნაწილი), რომელიც თარგმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა.
კერპი
3
კორსიკანელო! საფრანგეთი დაუდგრომელი,
რომ მესსიდორის ამხნევებდა იმას საყვირი
იყო მრისხანე მშვენიერი ჯანყის მდომელი,
ისე ვით რაში, რომ არ იცის დეზი, აღვირი!
გაუხედნელი ბუცეჶალი, რომლის ფერდები
მეფეთა სისხლით იკვამლებიან;
ამაყი მითი, რომ პირველად მაგარი ტერფით
ის ეგმირება თავისუფალ მიწას - ვნებიანს!
არ შეხებია მის უდრეკელ და ფართე გავას
არც ერთი ხელი მედიდური, თუ შემპარავი
მონობის ნიშნის ამოსაწვავად,
და უნაგირიც არ შეუდგამს მასზედ არავის!
ფაფარაყრილი, გიჟ თვალების აელვარებით,
მიჰქრის ნადიმზე გაბრაზებულ ფრთიან ჭენებით,
ძლიერ ჭიხვინით, ამბოხებით და მღელვარებით
ის ემუქრება მთელ ქვეყანას გადაშენებით!
შენ გამოცხადდი! ის მიჰქროდა მეტ გახელებით,
დაუღალავი და მგზნებარე თავის გეზებით:
კენტავრისავით შენ ჩაჰკიდე ფაფარს ხელები -
და რაშს მოახტი - ფეხზე დეზებით.
რადგან უყვარდა მას გრიგალის და გრგვინვის ნანა,
ტყვიების ცეცხლი, ბარაბნის მწვავე ხმაური,
ჭენებისათვის მას მიეცი მთელი ქვეყანა,
თავშესაქცევად - თვით ომების აურზაური!
ის ვერარ ჰპოვებს დასვენებას - ძილმორეული,
ბრძოლის მინდვრები და სასტიკი ყოველთვის შრომა.
უნდა ეკეპა სამუდამოდ კაცის სხეული,
მის ირგვლივ მუდამ სისხლიანი მორევის კრთომა.
იგი თხუთმეტ წელს ნავარდობდა, ვით ქარი მწველი,
მან დაამარცხა თაობათა მთელი კრებული,
იგი შენს აღვირს ემორჩილა თხუთმეტი წელი
და ტომებს გულზე ის დაადგა გაშმაგებული.
ამდენ ჭენებით მოიქანცა მერანი ხარბი,
მუდამ სისხლი და მუდამ ომები!
არ შესწევს ძალა დაამსხვრიოს მსოფლიო ჭარბი,
გაანიავოს მიწის ტომები!
იგი უძლური, დახუთული, თითქო ალერსით
სთხოვს კორსიკანელს შევედრებას და შეცოდებას,
მაგრამ მხედარი სასტიკია შეუბრალისი,
იგი არ უსმენს - ყრუ ჯალათი - კვნესას, გოდებას!
სწრაფად დასჭიმე შენ მუხლები. სულ ერთი წამი!
მისი ხროტინი დაადუმე მკაცრ გაფრთხილებით,
დაატრიალე შენ ქაფიან პირში ლაგამი,
გადაუმტვრიე მას უხეში რკინით კბილები,
კიდევ გაქანდა! კიდევ ჩეხის დადგა ავდარი!
აღვირისაგან მის ტუჩებზე სისხლის ზოლია.
ის ყუმბარების სარეცელზე დაეცა მკვდარი,
და დაცემის დროს შენ ერთბაშად მოგიყოლია.