ივანე კრილოვის „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ (აკაკისა და რაფიელის თარგმანები)

  10:45:08     13-02-2012

1769 წლის 2 (ახალი სტილით 13) თებერვალს დაიბადა დიდი რუსი მწერალი, პოეტი, მეიგავე, დრამატურგი, მთარგმნელი ივანე კრილოვი.

ივანე კრილოვი დაიბადა მოსკოვში, ღარიბი ოფიცრის - კაპიტნის, ანდრეი პროხორეს ძე კრილოვის ოჯახში. მამა დრაგუნთა პოლკში მსახურობა, დიდი განათლება არ ჰქონდა, თუმცა ძალიან ჰყვარებია წიგნების კითხვა. მას თავი გამოუჩენია პუგაჩოვის რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში. შემდეგ მამა თადარიგში გავიდა და ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ტვერში. 1778 წელს ანდრეი კრილოვი გარდაიცვალა, რამაც ოჯახი, ცოლი და ორი შვილი, უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. მომავალმა მწერალმა სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ვინაიდან ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა. თუმცა მამასავით ძალიან უყვარდა კითხვა და ბევრს კითხულობდა.

ივანე კრილოვი ათი წლიდან მუშაობდა ტვერის სასამართლოში. ოჯახმა ვერ შეძლო მამის პენსიის მიღება. 1782 წელს გაემგზავრნენ პეტერბურგში პენსიის საქმეების მოსაგვარებლად. თუმცა იქაც არაფერი გამოუვიდათ. იქვე დარჩა და დაიწყო მუშაობა.

1786-1788 წლებში დაწერა თავისი პირველი პიესები. 1789 წლიდან გამოსცემდა სატირულ ჟურნალს „Поста духов“. მალე პოპულარული გახდა ახალგაზრდა სატირიკოსი და დრამატურგი. ჟურნალი რვა თვეში აიკრძალა. 1792 წლიდან უშვებდა ჟურნალს „Зритель“. იმავე წელს გამომცემლობაში ჩხრეკა ჩატარდა, ჟურნალი დაიხურა.

1801 წლამდე მიატოვა ჟურნალისტობა, მოგზაურობდა პროვინციებში, ტამბოვში, სარატოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, იყო უკრაინაში. თან წერდა. თუმცა მისი ნაწარმოებები იშვითად ქვეყნდებოდა.

1806 წელს, მოსკოვში, გამოაქვეყნა პირველი იგავ-არაკები. იმავე წელს დაბრუნდა პეტერბურგში. განაგრძობდა სატირული კომედიების წერას.

1812 წელს დაიწყო მუშაობა საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც 30 წელი იმუშავა. როგორც ვთქვით, დიდი მეიგავე და დრამატურგი გარდაიცვალა 1844 წლის 9 (ახალი სტილით 21) ნოემბერს.

ივანე კრილოვი ძალიან პოპულარული იყო არა მარტო რუსეთში, არამედ იმპერიის ყველა მხარეში, მათ შორის საქართველოშიც. 1832-1833 წლებში გრიგოლ ორბელიანმა თარგმნა კრილოვის სამი იგავი. თარგმნიდნენ სხვებიც მის იგავებს (მიხეილ ბებუთაშვილი, რევაზ ერისთავი). მის ნაწარმოებებს თარგმნიდა რაფიელ ერისთავიც. აკაკი წერეთელმა თარგმნა და გადმოაკეთა კრილოვის ას ორმოცდათორმეტი იგავი. ამის შემდგომაც კრილოვის იგავები არა ერთმა ქართველმა თარგმნა (იოსებ გრიშაშვილი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, ალექსანდრე აბაშელი, გრიგოლ ცეცხლაზე, დავით გაჩეჩილაძე და სხვები).

დღეს, გავიხსენოთ  ივანე კრილოვის იგავი „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ (Стрекоза и Муравей, 1808), რომელიც შესანიშნავად თარგმნეს აკაკი წერეთლმა და რაფიელ ერისთავმა. დღეს ორივე ვარიანტი გავიხსენოთ.
 
ჭრიჭინა და ჭიანჭველა

(თარგმანი აკაკი წერეთლისა)

დაჭრიჭინობდა, დახტოდა
ჭრიჭინობელა პატარა
და უშრომ-უზრუნველობით
მთელი ზაფხული ატარა.

მაგრამ ბოლო დროს, ზამთარმა
თვალი რომ გამოუჭყიტა,
შეკრთა მოცლილი მღერალი
და შიშმა წელი მოსწყვიტა.

გაჰქრა იგი დრო, როდესაც
ყოველგან დროს ატარებდა,
ცა ქუდად აღარ მიაჩნდა,
მიწას ფეხს არ აკარებდა!..

სიმშილით კუჭი უხმება,
თანაც სიცივით კანკალობს,
ვეღარ ჰხტის, ენაც ჩაჰვარდა,
ჩვეულებრივად ვერ გალობს!

ან კი რაღა დროს ხტომაა
და რა დროს ჭიანურია,
როცა რომ ლხინის მოყვარეს
სცივა, ჰშია და სწყურია?

კარზე მიადგა ჭინჭველას
ვედრებით: „ჩემო ნათლია!
ნუ მომკლავ გაზაფხულამდე
და გამომკვებე, მადლია!“

ჭინჭველამ ჰკითხა: „ზაფხული
როგორღა გაატარეო?“
- „ვილხენდი, გამოვაყრუე
ჭრიჭინით არე-მარეო“.

- „მაშ, თუ მაგრეა, რადგანაც
ზაფხულში იფარფაშეო,
მიბრძანდი ეხლაც და სინჯე –
იხტუნე, ითამაშეო!“.

ჭრიჭინა და ჭიანჭველა

(თარგმანი რაფიელ ერისთავისა)

ხტუნია, ლეგა-ჭრიჭინა მთელი ზაფხული გალობდა
შეექცეოდა, დახტოდა, მანამ ბუნება სწყალობდა;
ლხინობდა, მკალსა ვერა რამ ვერ შეუხურა ბეწვია.
უცებ შეხედა საბრალომ, ზამთარი წამოეწია!

შემოჭკნა ველი, მინდორი, წავიდნენ დღენი ლხენისა.
ჭრიჭინას გამხარებელნი, გამქარვებელნი სენისა,
როცა მას, ყოველ ჯაგის ძირს, უსრულდებოდა წადილი.
მზად ჰქონდა სახლი და ბინა, ვახშამი, გინდა სადილი!...

გაქრა ყოველი, დაზამთრდა, ჭრიჭინამ იგრძნო შიმშილი.
აღარა გალობს საბრალო, გამოეცალა სინსილი!..
ან ლხინი რაღად ეწვევა?
შიმშილით კუჭი ეწვება!..

დაღონებულმა ჭრიჭინამ მიჰმართა ჭიანჭველასა
და ევედრება: „ნათლავ, შენი შვილების ლხენასა,
მომხედე, ხელი გამიწყე, გამათბე, დამაპურეო,
გაზაფხულამდინ იოლად წამიღე, მიმსახურეო...“

ამისმა მსმენმა ჭინჭველამ ჭრიჭინას კითხა წყნარადა:
- „რას აკეთებდი, დაიავ, მთელი ზაფხული ბარადა?“..
- „რას, ვაკეთებდი, დობილო?..
სად მქონდა მოცალებანი:
ლილოში ვხტოდი, ვგალობდი, თავბრუს მახვევდა ძნობანი!“...

- „შრომის დროს თუკი გალობდი, - ჭინჭველამ უთხრა პასუხად, -
 მაშ წადი ახლა, იცეკვე, - შიმშილისათვის რას სწუხხარ?“...