
ირანის პრეზიდენტი, მსოფლიოს, მნიშვნელოვანი „ბირთვული განცხადებით" დაემუქრა
08:14:23     13-02-2012
ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ ისლამური სახელმწიფო ძალიან მალე განაცხადებს ბირთვული კვლევების სფეროში „მნიშვნელოვანი მიღწევების“ შესახებ. ირანის ლიდერის განცხადება სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
„უახლოეს დღეებში, მსოფლიო მოწმე გახდება ირანის განცხადებისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და მსხვილ ბირთვულ მიღწევას შეეხება“ - აღნიშნა აჰმადინეჯადმა თავის გამოსვლაში, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. თუ რას გულისხმობდა კონკრეტულად, მას არ განუმარტავს.
აჰმადინეჯადის ამ „გამარჯვებული ტონის“ განცხადებამ იმ დროს გაიჟღერა, როცა ათასობით ირანელი მიტინგზე იყო შეკრებილი, რომელზეც ისლამური რევოლუციის 33 წლისთავს აღნიშნავდნენ.
ირანის პრეზიდენტმა ურჩია დასავლეთის ქვეყნებს, თავი შეიკავონ რეგიონალურ საქმეებში ჩარევისა და ისრაელის მხარდაჭერისაგან.
„მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ზეწოლის მიუხედავად, ირანი ერთი დუიმით უკანაც კი არ დაიხევს თავისი პრინციპებისგან და ბირთვული უფლებებისგან“ - განაცხადა მან.
„ჩვენზე ზეწოლას ახდენს ყველა ქვეყანა, რათა არ მოგვცენ უფლება, მივიღოთ ბირთვული ნოუ-ჰაუ, მაგრამ ეს ზეწოლა სრულიად უსარგებლოა. ჩვენ უკვე არა მარტო ვფლობთ ამ ბირთვულ ნოუ-ჰაუს, არამედ, შეგვიძლია დავიკმაყოფილოთ საკუთარი ბირთვული მოთხოვნილებები, მხოლოდ ჩვენი ადგილობრივი ექსოერტების ძალებით“ - აღნიშნა აჰმადინეჯადმა.
ისლამური რევოლუციის საიუბილეო მიტინგზე გამოსვლისას, თავისი სიტყვა აჰმადინეჯადმა ასე დაასრულა: „ირანი, ეჭვსგარეშეა, შექმნის ისტორიას და შეცვლის მსოფლიოს“. მან ასევე აღნიშნა, რომ „დაამსხვრევს ჰოლოკოსტის კერპს“.
ირანის პრეზიდენტის მსგავსმა განცხადებებმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი ხალხის გენოციდს შეეხებოდა, არაერთხელ გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოების პროტესტი.