მაიკლი და უიტნი - ორი ლეგენდა და ერთი ბედისწერა
19:12:08     12-02-2012
დღეს, მთელი მსოფლიო უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებაზე საუბრობს. ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი პლანეტამ დიდი მწუხარებით დაიტირა. უიტნის დაღუპვის ცნობის გავრცელებისთანავე, ინტერნეტი ცნობილი თუ უბრალო ადამიანების ფრაზებით გადაივსო: დედამიწა, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში და მის გარეთ, საყვარელი მომღერლის დაღუპვას გლოვობს და უიტნის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. დიდი მომღერალი ხომ იმ ადამიანების რიცხვშია, ვინც საკუთარ თავს კი არა, პირველ რიგში, კაცობრიობას ეკუთვნიან.
უიტნის გარდაცვალებამ კი ყველას მისი მეგობრის, მაიკლ ჯეკსონის დაღუპვა კიდევ ერთხელ გაახსენა და ამ ორი ლეგენდის ცხოვრებას და პიროვნებას შორის, ბევრი საერთოც აღმოაჩენინა. პოპის მეფე და დედოფალი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემსრულებელნი ისტორიაში, მუდამ მილიონების უდიდესი სიყვარულით სარგებლობდნენ, ორივეს პრობლემური პირადი ცხოვრება და ტრაგიკული აღსასრული ჰქონდა, ახალგაზრდა ასაკში.. ორივეს გარდაცვალება მსოფლიომ უდიდესი გულისტკივილით მიიღო.
„ეს უდიდესი ტრაგედიაა. უიტნი ჰიუსტონი ყველაზე დიდი მომღერალია, რომელიც ოდესმე მომისმენია“ - დაწერა თავის „ტვიტერზე“ ტონი ბენეტმა. „სიტყვები არ მყოფნის, მხოლოდ ცრემლები მომდის“ - ეს რიანას რეაქცია იყო უიტნის დაღუპვის ცნობის გავრცელებისთანავე. რუსმა მომღერალმა ლარისა დოლინამ კი ასე გამოხატა თავისი მწუხარება: „ძალიან მწარე და უსამართლოა მისი გარდაცვალება. უიტნის კიდევ იმდენის გაკეთება შეეძლო. ეს კატასტროფაა. ჯერ მაიკლ ჯეკსონი, ახლა უიტნი ჰიუსტონი. საშინელებაა, როდესაც ბუნება ასე წყვეტს ამგვარი ადამიანების ბედს“ - განაცხადა მომღერალმა...