გრიგოლ ხანძთელის გლოვა აშოტ კურაპალატის გარდაცვალების გამო
10:27:26     11-02-2012
29 იანვარს (ახალი სტილით 11 თებერვალს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა წამებული მეფის, აშოტ კურაპალატის ხსენების დღეს.
დიდი ხელმწიფე აშოტ კურაპალატი მოღალატეებმა, - რომლებიც მიუდგნენ სამხრეთ საქართველოში შეჭრილ არაბებს, - არტანუჯის ტაძარში, საკურთხეველში მოკლეს. ესენი ყოფილან ვინმე „ოროზ-მოროზის ძენი“. ხალხმა შური იძია მათზე და დახოცა.
აშოტ კურაპალატს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სამხრეთი რეგიონების ხელახლა ათვისებაში, იქ ეკლესიებისა და ქალაქების მშენებლობაში. სამხრეთ ქართული სამეფოს დაარსებაში. იგი გახლდათ ერთ-ერთი ინიციატორი, დამწყები, საქართველოს კვლავ გაერთიანებისა. მისმა შთამომავალმა ადარნასე I-მ მიიღო კიდეც ქართველთა მეფის წოდება, თუმცა აშოტ კურაპალატიც მეფე გახლდათ, „მეფეთა ტახტზე მჯდომი“.
786 წლიდან ქართლის ერისმთავარი იყო. ერისმთავარნი „მეფის ტახტზე მჯდომებად“ ითვლებოდნენ. 810 წელს მან ტფილისიდან განდევნა არაბები. თუმცა დამხმარე ჯარების მეშვეობით 813 წელს არაბებმა კვლავ დაიჭირეს ტფილისი. აშოტი გადავიდა სამხრეთ საქართველოში და იქ გახელმწიფდა. არადგინა არტანუჯის ციხე-ქალაქი და იქ დაიდგა ტახტი.
აშოტ I დიდი დაუკავშირდა ბიზანტიის კეისარს ლეონ მეხუთეს, მიიღო მისგან კურაპალატის ტიტული და გახდა ბიზანტიის მოკავშირე, რაც მტრებთან ბრძოლაში გამოადგა. 818 წელს დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) მეფე თეოდოსი პირველთან ერთად დაამარცხა გრიგოლ კახთა მთავარი და მისი მოკავშირე ტფილისი ამირა, რის შედეგადაც დაიბრუნა ქსნის ხეობა. შემდეგ ბარდავიც დაიმორჩილა.
აშოტ I დიდი დიდად ეხმარებოდა გრიგოლ ხანძთელს ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში. სწორედ აშოტ I-ისადმი მიმართვაში გრიგოლ ხანძთელმა აღიარა აშოტ კურაპალატის გვარი - ბაგრატიონი, ბიბლიური დავით მეფის შთამომავლებად. მანამდეც, ალბათ ცნობდნენ ქართველები ბაგრატიონებს ქრისტეს ნათესავებად, ვინაიდან პირველი ერისმთავარი, არჩეული 575 წელს - გვარამი, ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლი იყო. აშოტ კურაპალატი მისი შთამომავალია.
აშოტ კურაპალატს დიდი სამსახური გაუწია გრიგოლ ხანძთელმა, როდესაც ქორწინების გარეშე სიყვარულიდან კვლავ ოჯახისკენ და სახელმწიფოს მმართველობისკენ მოაბრუნა.
826 წელს მამა გრიგოლ ხანძთელი კონსტანტინოპოლიდან ბრუნდებოდა. როცა შემოვიდა ტაოში, შეიტყო, რომ ხელმწიფე აშოტ კურაპალატი მოეკლათ. ამან ძალიან დაამწუხრა ქართული ეკლესიის მნათობი მამა გრიგოლი, მან ხომ დიდი თანამებრძოლი, თანამოაზრე, დამხმარე და მეგობარი დაკარგა.
მამა გრიგოლმა ილოცა გარდაცვლილი მეფისათვის. დღეს პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ ამ ეპიზოდს გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“, სადაც კარგად ჩანს, რაოდენ უყვარდა და მნიშვნელოვან ადამიანად მიაჩნდა „უდაბნოს ვარსკვლავს“, მამა გრიგოლ ხანძთელს აშოტ დიდი კურაპალატი:
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება
(ნაწყვეტი)
14
და ვითარცა მოიწინეს ტაოს, ესმა მუნ მყოფთაგან კაცთა, ვითარმედ აშოტ კურაპალატი მოიკლა და მის წილ ხელმწიფებენ ძენი მისნი. მაშინ ტკივილისა ცრემლითა აღივსნეს ღმრთისმსახურისა მის ხემწიფისა დაცემისათვის და ტირილითა სავსენი ულოცვიდეს მიცვალებულსა მას მეფესა. ხოლო ნეტარი გრიგოლ ჰმადლობდა ღმერთსა და გლოით იტყოდა:
— ჰოი, მეფეო ჩემო ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესითაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო, სადაჲთ - მე მოგელოდი, აღმოსავალით - მე ანუ დასავალით, ჩრდილოჲთ - მე ანუ სამხრით ? რამეთუ ყოველთა ზედა ნათესავათა მფლობელ იყავ, რომელიცა წყობით ხელმწიფეთა დაიმორჩილებდ, საკვირველი ეგე დიდებული, ღმრთისმსახური ხელმწიფეჲ. აწ ვითარ-მე მიეცი ხელსა შეურაცხთა უშჯულოთა და უნდოთა კაცთასა, რომელნი - იგი იუდაჲს მსგავსად შენ, უფლის თვისისა მკვლელ იქმნნეს მოსაკვდინებელად ჩვენ, გლახაკთა მლოცველთა შენთა, უკუნისამდე ?
ამისსა შემდგომად ულოცვიდეს შვილთა მისთა დიდებულთა ხელმწიფეთა, რაჲთა უფალმან დაიცვნენ დიდებით და დღეგრძელებით კეთილსა შინა ღმრთისმსახურებასა.