ნუგზარ შატაიძის ესე - „შენი სულიერი სამშობლო“
16:19:44     10-02-2012
2009 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესისტი ნუგზარ შატაიძე.
მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ ნუგზარ შატაიძის საინტერესო წერილი „შენი სულიერი სამშობლო“.
ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. შემდეგ სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მერე კი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი გახლდათ.
მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „ლელო“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.
მისი პირველი მოთხრობა „თეთრი ყვავილები“ დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“.
1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული „მოთხრობები“.
ნუგზარ შატაიძე იყო მრავალი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ ცხელი ძაღლის სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.
შენი სულიერი სამშობლო
რევაზ ინანიშვილის შემოქმედებაში ყველაზე მეტად მწერლის მახვილი თვალი და ყური გაოცებს. პატარა, ხელისგულისოდენა მოთხრობებით იგი თითქოს ჩვენც თვალს გვიხელს, სმენას გვიმახვილებს და ჯადოსნური სიცხადით გვიჩვენებს ავკარგიან ქვეყანას, სადაც თავადვე ცხოვრობს - ეს მისი სამშობლოა, რომელიც უკვე მკითხველის სულიერ სამშობლოდ ქცეულა.
ერნესტ იუნგერის აზრით, მწერლის ამოცანა სწორედ სულიერი სამშობლოს შექმნა - „ეს შეიძლება იყოს მოკრძალებული ნიში წმინდანის გამოსახულებით, ჭიშკართან გამოდგმული სკამი, სოფლური ქოხი, სასახლე, ტყეები, მთები ან კოსმოსური სივრცე.. პოეტი ქმნის, რათა ყველაფერი ეს იცნონ და დაიმახსოვრონ, შემდეგ კი სულიერ სამშობლოდ გაიხადონ... იქ, სადაც პოეტები არ არიან, სიცარიელე ისადგურებს“.
მწერლის მიერ შექმნილი სულიერი სამშობლო ხშირად უფრო რეალურია და მიმზიდველი, ვიდრე ნამდვილი. რევაზ ინანიშვლისათვის ეს იყო სოფელი, მინდორი, ივრის ჭალები.
მიდიოდა იქ „დაღლილი, მხრებდაღუნული, იმ იმედით, რომ სოფლურმა მყუდროებამ იქნებ ცოტა მაინც მოუფონოს გულზე, რომელზედაც, აი, მთელი თვეა თითქოსდა მარწუხებს უჭერენ ვიღაცანი“.
ჩვენც, მისი მკითხველებიც, სწორედ ამ იმედით, ამგვარი სასოებით მივდივართ მის მიერ შექმნილ სამყაროში, სადაც მდინარის პირას ერთი „გამოღრმავებული კბოდეა, შიგ თბილი მზეა ჩამდგარი“, მივალთ, მივსხდებით იმ გამოღრმავებულში და საკუთარი სამშობლოს განცდით ვტკბებით.
...ახლა იქაც ზამთარია. თებერვლის თრთვილს შეუხორხლია ხეები. ბუჩქები, გადაუთეთრებია მიწა. თხელ გუბეებში წყალი ჩაყინულა. ყინულის თხელი, სიფრიფანა არშია გასდევს მდინარის მთელ ნაპირსაც. ‘ხეებზე შავი, ნაღვლიანი ჩიტები სხედან და აბუზული მხრებით ელაპარაკებიან ცას“.
იალნოს მთის ფერდობზე გადმომდგარა ხე ფოთოლგაძარცული, ყინვისგან შეჭირხული ტყე-გაყუჩებულა, თავის მარადიულ ფიქრებში წასულა. და უეცრად, რაღაც სასწაული ძალით, გაიხსნება ზეცა, ღრუბლებიდან მზე გამოიხედავს და ფერდობზე კალოსოდენა ადგილს გაანათებს. კალოზე ხალხი შეყრილა. წამოვა, გამოსცდება იმ ხალხს „ორი მშვენიერი ქალბატონი“, ერთს თავზე მოხვეული და ბოლოებით მკერდზე გადაჯვარედინებული ქიშმირის შალი ზურგზე აქვს შეკრული. მეორეს მოთხილამურის თბილი ქუდი ახურავს-ყურებზე და შუბლზე ჩამოწეული. ორივე ერთად რვა ან დიდი-დიდი რვანახევარი წლისა იქნება. მოვლენ, ამოგიდგებიან აქეთ-იქიდან, ჩაგკიდებენ პატარა ხელებს და წაგიყვანენ იმ განათებული კალოსკენ.
გაკვირვებული, ცოტა არ იყოს დაბნეული ათვალიერებ ხალხს და ნელ-ნელა ყველას სცნობ. ვინ აღარ მოსულა აქ, იალნოს ბურუსიან ფერდობზე: ანანურელი ულამაზოები – კუშტად მომზირალი, მგლის ლეკვებივით აჯაგრული კომბლებიანი ბიჭები; ირინე თეთრაშვილის აფრია, თვითონ ირინე თეთრაშვილი, გუჯა –აფრიას ძმა და მათი ახოვანი მამის ლანდი, რომელსაც ხელები გულზე დაუკრეფია და ნაღვლიანი თვალებით უყურებს ცოლ- შვილს; უკუღმა დაჭერილი – როგორღაც საშაროდ გალაჯული, დოინჯშემოყრილი ყმაწვილი; გამოვა ბურუსიდან იაკოფა მენახირეც და დაებჯინება თავის გრძელ ჯოხს; გვერდიგვერდ დგანან შიო პაპა და უშიშა პაპა, ჯოხირეცხა იოსება, ძმები დათია და გოგია, ბასა ბურკიაშვილი, მოდიდან გამოსული პოეტი, რუხი პიჯაკის სახელოებზე შავი სატინის სამკლავური რომ უკეთია; კიდევ ვანო ბუჭყიაშვილი და იმისი პატარა ბიჭი მიხო, რომლებსაც შინ არც ავეჯი აქვთ და არც ჯამ- ჭურჭელი, სამაგიეროდ, ერთი დიდი ფარდაგი აქვთ, გაშლიან ძირს და კოტრიალობენ ყველანი ზედ – ვანოც, მიხოც, მამუკაც, იმათი დედიკოც და თუ სტუმარი მოუვათ – ისიც; აქ არიან გოგია და ბახა, ელგუჯა და ჭიჭო, ბიბო, ჩიტების გამომზამთრებელი ბიჭი, „ვიწროების მგელი“ - ჩოფურა შალიკო, ანდრია და, რაც მთავარია, მეტყველე დათიკო; ცოტა იქით მოჩანან : ბარბარე ბადაური, დედა მარიამი, ძველი ქართველი ქალი, გადაბმული ესტატე, თინა და სანდრო, უშიშარი ბიჭი იოსება, პოეტი გიგლია; ხმაურობენ, ჟღავ-ჟღუვობენ უბედენთიანი კოხორაშვილები, ცეტები, ბღუკები... ჩაჩაურს ცალ ხელში გაშიშვლებული ხმალი ჩაუბღუჯავს, მეორეში - სანთელი;
მოკრძალებით, დარცხვენით დგას იმ ხალხში ხორასნელი ჭაბუკი; აქვე დარეჯანი - ტანად დიდი, დიდად მომზირალი, ღონიერი ქალი; ხელიხელჩაკიდებულნი გზაზე გამდგარან იღლიაში დახვეულ ტიკამოჩრილი გოგია ბატატაშვილი და იმისი მორცხვად მომღიმარი საყვარელი მაყვალა ჯარიაული; იღიმებიან ბალნიანი, ბაყია და მანეთიანი კოლა; აქ არიან ყროლებიც - ლაფანა, ატაცებული და ბაზარნიკი ჯალიაშვილიც აქვეა და იმათაც სიამის ღიმილი გადასდით სახეზე; ამ ხალხში დასუნსულებს ფაფხაჭელაანთ ძაღლიც.... ხოლო მაღლა, ერთ თოვლიან ბორცვზე, ცალკე დგას კომბალზე დაყრდნობილი, მთლად გადათეთრებული უსინათლო მოხუცი, რომელსაც ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხის ჯიბის პირზე სამი რუსული ძველი მედალი ჰკიდია - გამურულ ქვაზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა.
იქით კი, ნისლიანი ტყის პირში, ათასამდე შავი ლანდი შექუჩებულა და რაღაცას ბჭობენ. მერე განცალკევებით მდგომი ანაფორიანი მღვდელი ხელს რბილად ჩამოუსვამს ჰაერს და ვიღაცა სუფთა, მშვენიერი ხმით დაიწყებს:
ზამთარიაო, ჰეე, ჰარალოო...
ზამთარი ვარდსა დააჭკნობს,
ფურცელი ჩამოცვივაო...
თვალებგაბრწყიინებული დგახარ და ვერ გაგიგია, ცხადში ხარ თუ სიზმარში, მაგრამ ნელ-ნელა ერკვევი და ხვდები, რომ არც ცხადია და არც სიზმარი - ეს შენი ქვეყანაა, შენი სულიერი სამშობლო..