
პროკურატურა, სოფო ნიკოლაშვილის საქმეზე, გრიფით ,,საიდუმლო’’ სტატუსის მინიჭებას უარყოფს
12:55:14     10-02-2012
მიმდინარე წლის 31 იანვარს, მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის, სამართალდამცავებმა 21 წლის სოფო ნიკოლაშვილი დააკავეს. შემთხვევა ქალაქ გურჯაანში მოხდა. სოფო ნიკოლაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით პოლიციის თანამშრომლის, გიორგი სიბაშვილის მკვლელობა სცადა. როგორც გაირკვა, სოფო ნიკოლიშვილმა იგი ფარულად, მამამისის სეიფიდან აიღო. მკვლელობის განზრახვის მიზეზად შურისძიება სახელდება. ცნობილია რომ ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა.
სოფო ნიკოლაშვილი ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტ დავით ნიკოლაშვილის შვილია, რომელიც მომხდარს მის პარტიულ საქმიანობას უკავშირებს. მან განაცხადა, რომ სოფო ნიკოლაშვილი პროვოკაციაზე წამოაგეს და ამით დასაჯეს, ასევე განაცხადა, რომ მის შვილს გაუპატიურებას უპირებდნენ და სოფომ თავი დაიცვა. ასეთ შემთხვევაში, ნიკოლაშვილს წინასწარ უნდა სცოდნონდა, რომ გაუპატიურებას უპირებდნენ, სახლიდან მამის იარაღი მოეპარა და შეხვედრაზე მისულიყო, რაც ლოგიკას მოკლებულია. მიზეზი, რომლის გამოც 21 წლის გოგონამ გიორგი სიბაშვილის მოკვლა გადაწყვიტა, მან ჩვენებაში დაასახელა. მისმა ადვოკატებმა: მამუკა ნოზაძემ და მაგული ღვალაძემ განაცხადეს, რომ სოფო ნიკოლაშვილის საქმეს პროკურატურამ გრიფით საიდუმლო დაადო. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და საქმისთვის გრიფით საიდუმლოს სტატუსის მინიჭებას უარყოფს.
,,მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებულ სოფო ნიკოლიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გრიფით "საიდუმლო" არ ადევს. სოფო ნიკოლიშვილის დაკავებიდან, კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა ღიად ჩატარდა, მხარეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქმეში არსებულ მასალებს. ღია იყო სასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებების განხილვა მხარეების თანდასწრებით მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნულ საქმეზე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაცია მომავალშიც იქნება ხელმისაწვდომი’’ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.