რუსი მზვერავის საიდუმლო მისია სირიაში
12:00:36     10-02-2012
ლიბანის შიიტური ტერორისტული ორგანიზაციის „ჰეზბოლას“ კუთვნილ ტელეარხ „ალ-მანარის“ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სირიის რეჟიმს „მწვანე შუქი“ აუნთო მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად. „ალ-მანარი“ ციტირებს სირიულ წყაროს, რომლის თანახმადაც ჯერ კიდევ 5 თვის წინ, რუსეთის ხელისუფლებამ ასადს მიანიშნა, რომ მხარს უჭერს სირიის კრიზისის სამხედრო გზით გადაჭრას; რომ რუსეთის წარმომადგენლები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ - არცერთი სახელმწიფო არ უნდა ეგუებოდეს შეიარაღებულ დაჯგუფებებს და კონტროლის დაკარგვას თავის ტერიტორაზე.
წყარო იუწყება, რომ დღემდე, სირიის ხელმძღვანელობა თავს იკავებდა ასეთი ოპერაციის ჩატარებისგან, რადგან მშვიდობიან მოსახლეობაში დიდ მსხვერპლს ერიდებოდა, მაგრამ უკვე რამდენიმე დღის შემდეგ შეიარაღებული ძალები ამბოხებულების წინააღმდეგ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებენ. ამის დასტურად ცნობაში ნათქვამია, რომ სამთავრობო ჯარებმა გაანადგურეს ოპოზიციის მებრძოლები ბაბ ამრსა და მადაიში, ჰომსის რაიონებში და სრულად აღადგინეს კონტროლი ამ ტერიტორიაზე. დღეს კი დაიწყო ოპერაციები ზაბადანსა და ბლუდანში, ლიბანის საზღვართან.
აღნიშნული ცნობა, არაბული გაზეთის „აშ-შარლ ალ-აუსატ“-ის მიერ გაჟღერებული იმ ინფორმაციის პარალელურად გავრცელდა, რომლის თანახმადაც 7 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, დამასკოში ჩასულმა რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა, მიხაილ ფრადკოვმა ბაშარ ასადს საიდუმლო მასალები გადასცა, კერძოდ, კოსმოსიდან გადაღებული ფოტოები, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია განისაზღვროს სირიის ოპოზიციის სამხედრო დანაყოფების დისლოკაციის ადგილები.
გარდა ამისა, ფრანგულმა გაზეთმა Le Figaro-მ გამოაქვეყნა სამხედრო ექსპერტის კომენტარი, რომელიც ამტკიცებს, რომ სირიაში იმყოფებიან მრავალრიცხოვანი რუსი ოფიცრები და დაზვერვის აგენტები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სირიის არმიასთან, უსაფრთხოების სამსახურებთან და ყველა საჭირო სტრუქტურასთან.