
ვასილ ჭყოიძე: აფხაზები გამოსავალს ეძებენ, რადგან ახალი დონორი სჭირდებათ…
17:26:47     09-02-2012
რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, სეპარატისტული აფხაზეთის მარიონეტული „მთავრობა“ ევროკავშირის გაკრიტიკებას ცდილობს, მაგრამ ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზური „პასპორტების“ აღიარებას სთავაზობს. აფხაზეთის დე-ფაქტო „პრეზიდენტი“, ალექსანდრე ანქვაბი ევროკავშირს მოუწოდებს, „აფხაზებს ცხოვრებას ნუ ასწავლიან“. სეპარატისტთა ლიდერის ამ განცხადებას, ქართველი ექსპერტები „სკანდალურს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ ანქვაბის სახით, ევროკავშირს საქმე ჩვეულებრივ რუსულ მარიონეტთან აქვს. საერთაშორისო არენაზე, რას უკავშირდება სეპარატისტთა გააქტიურება? – პრესა.ჯი ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტს ვასილ ჭყოიძეს ესაუბრა:
-ალექსანდრე ანქვაბის ეს „თავხედური გამოხტომა“, რას უკავშირდება?
-სეპარატისტთა ლიდერის ეს განცხადება, საკმაოდ სკანდალურია, რადგან მისი ეს შეფასება იმას ცხადყოფს, რომ ანქვაბის სახით, ევროკავშირს საქმე ჩვეულებრივ რუსულ მარიონეტთან აქვს, რომელიც მხოლოდ რუსეთის ინტერესებს გამოხატავს და არა საკუთარ პოლიტიკურ ხედვებს.
-როგორ ფიქრობთ, ანქვაბის გაღიზიანების მიზეზი ის ხომ არ არის, რომ ევროკავშირი სეპარატისტებთან მიმართებაში, პრინციპულ პოზიციაზე დგას?
-ევროკავშირი რუსეთი არ არის და ის, დემოკრატიულ სახელმწიფოებს წარმოადგენს. საერთაშორისო თანამეგობრობა იმ გარემოებას ვერ შეეგუება, რომ ტერიტორიიდან განდევნილ ხალხს, საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებაზე საბოლოოდ, უარი უთხრან. სამწუხაროდ, ეს მიდგომა არც ოკუპირებულ აფხაზეთში ესმით და არც რუსეთში.
-დე-ფაქტო ხელისუფლება ევროკავშირს აფხაზური პასპორტების აღიარებას სთავაზობს. ამასთან, აფხაზები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირი საკითხს დადებითად გადაწყვეტს. ევროკავშირის მისამართით, რატომ გააქტიურდნენ სეპარატისტები?
-აფხაზები გამოსავალს ეძებენ, რადგან რუსეთმა, მათ ის ვერ მისცა, რასაც ისინი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით ელოდნენ. ფაქტია, რომ აფხაზეთი „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ ვერ ჩამოყალიბდა და თან, მოსახლეობისთვის მინიმალური სოციალური გარანტიებიც ვერ შექმნა. შესაბამისად, იქ, მათ ახალი დონორი და ახალი დამხმარე ძალას სჭირდებათ, პრობლემაც სწორედ ამაშია, კერძოდ, ევროკავშირი აფხაზეთს განიხილავს არა მხოლოდ იმ მოსახლეობის ჩათვლით, რომელიც ამჟამად იქ იმყოფება, არამედ იმ მოსახლეობასთან ერთად, რომელიც ტერიტორიიდან დევნილია, მათი რაოდენობა კი, სოხუმში მცხოვრებ აფხაზებზე გაცილებით მეტია.
-რაც შეეხება ცხინვალში მიმდინარე პროცესებს, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა, ხვალ „ინაგურაციას“ გეგმავს. რუსეთი დათმობაზე წავა და ჯიოევას „გაპრეზიდენტებით“, „სამხრეთ ოსეთს“ დემოკრატის იმიჯს მოარგებს?
-კლანებს შორის ბრძოლა მიმდინარებს, მაგრამ ფაქტია, რომ ოსურ მოსახლეობაში ძალიან ძლიერია უკმაყოფილების გრძნობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ისინი „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარა და თან, პროპაგანდას ეწევა, რომ კრემლმა თითქოს ისინი განადგურებისგან გაადარჩინა. რეალურად კი, იქ დარჩენილი მოსახლეობა ხედავს, რომ საქმე სხვანაირად მიდის, ეს ტერიტორია მიტოვებულია და არავის მხრიდან, მათი დახმარება არ ხდება არც სეპარატისტებისგან და არც ოკუპანტებისგან. რეგიონში, არანაირი რესურსია, რომ მოსახლეობის მინიმალური ცხოვრების დონე უზრუნველყონ, მოსკოვის, მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების არსებობაა.
-ჯიოევა აცხადებს, რომ იგი სამოქალაქო დაპირისპირებისთვისაც მზად არის. პროცესების რა სცენარით განვითარებას უნდა ველოდეთ, მოსკოვი დაძაბულობას შექმნის თუ პირიქით, მოლაპარაკებებს კარს მიღმა გამართავს?
-საქმე იმაშია, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას ბოლომდე ვერ აკონტროლებს. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ საქმე შეტაკებამდე მივიდეს. რეგიონში, რუსეთი სტაბილურობის გარანტორი აღარ არის, იმიტომ, რომ მან ავტორიტეტი და ნდობა დაკარგა, მიუხედავად იმისა, რაც მან ჩაიდინა. კრემლმა ეს რეგიონი მიიტაცა, მაგრამ ამ ეტაპზე მიგდებული ჰყავს, თუმცა, ტერიტორიას განიხილავს, როგორც სამხედრო პლაცდარმს.
-ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ქართული მხარე რა გზას უნდა დაადგეს?
-ქართულმა მხარემ, საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ რუსეთი, იქ არსებულ ვითარებას ვერ აკონტროლებს და რომ მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა საერთაშორისო ჩარევა.