
ბიძინამ ველოსიპედი გამოიგონა
15:39:59     09-02-2012
უკვე რამდენიმე დღეა, თბილისში ველოსიპედ-სტენდები ანუ ივანიშვილის ტვინის ახალი ,,შედევრი”, პრესის გამავრცელებელი, შარა-შარა მოსიარულე ურიკები გამოჩნდა.
ამ ურიკების მფლობელი, ,,თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია”, თავდაპირველად, ივანიშვილს ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში შეხვდა. როგორც გავარკვიეთ, ამ ცოტა ხნის წინ გრანტის სახით, ანუ საჩუქრად ,,წმინდა ბიძინასაგან” 131 070 ლარი მიიღო. ამ არასამთვრობო ორგანიზაციას მაშინ, ,,რეზონანსი”, ,,ასავალ-დასავალი`` და სხვა გამომცემლობები წარმოადგენდნენ. ოლიგარქმა, მათთან შეხვედრის სურვილი თავად გამოთქვა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც „პრესა. ჯიმ“ გაარკვია, ოლიგარქმა გვარიანად დაასაჩუქრა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, აღნიშნული თანხა კომპიუტერებზე, სპეციალურ ურიკებსა და ქურთუკებზე უნდა დახარჯულიყო, ჯერ-ჯერობით, თბილისში, მხოლოდ მეტრო ,,რუსთაველთან” გამოგოგმანდა „ბიძინასველოსიპედი“. ისე საინტერესოა, ამხელა გრანტის მიღების შემდეგ, როგორ შეიძლება ამ ორგანიზაციას ,,თავისუფალი პრესის მხარდამჭერი`` ეწოდოს და რამდენად შეიძლება პრესამ მიუკერძოებლობა შეინარჩუნოს არჩევნების დროს, როცა ის ბიძინასგან დაფინანსდება?!
ეს ერთადერთი თამასუქი არაა, რაც ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში დაახარჯა. აქამდე გადარიცხული თანხები კონტროლის პალატამ უკვე გამოაქვეყნა. „რადიო უცნობს“, რეკლამისთვის ბიძინამ გადაურიცხა 31 400 ლარი. იგივე თანხა, იგივე საქმიანობისთვის გადაერიცხა „რადიოცენტრ პლუსს’’. ტელეკომპანია „კავკასიას“ სარეკლამო რგოლების განთავსებაში 147 892 ლარი გადაერიცხა. „ჩოხატაურის მაცნეს“ – 54 150 ლარი. გაზეთ „რუსთავის ამბებს“ კი - 7 875.
სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის სტუდია „მაესტროს“ - 195 621 ლარი გადაუხადა. შპს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთს’’ სარეკლამო რგოლების განთავსებისთვის, საახალწლოდ გადაერიცხა 83 261 ლარი. პრეზენტაციის რეჟისურაში ივანიშვილმა 8 403 ლარი გადაიხადა. როგორც ამბობენ, ეს ბიძინას აქამდე გაწეული ხარჯების ნაწილია. ისე, პრესაში დახარჯული მილიონები, ოცნებასავით აუსრულებელი არ დარჩეს ოლიგარქს. როგორც თავად დიდ ეზოთერიკოსს უყვარს წაფილოსოფოსება, დავძენთ რომ – ყველა ოცნება არ სრულდება!