ვაჰან ტერიანის „სენტიმენტალური სიმღერა“ და სხვა (დაბადების დღისადმი)

  13:52:13     09-02-2012

1885 წლის 28 იანვარს (ახალი სტილით 9 თებერვალს) დაიბადა დიდი სომეხი პოეტი ვაჰან ტერიანი.  ქვეყანას მოევლინა საქართველოში, ჯავახეთში. ახალქალაქის მაზრის სოფელ განძაში (ნინოწმინდა).

დაწყებითი განათლება მიიღო სოფელში. 1895 წლის სექტემბერში შეიყვანეს ახალქალაქის სკოლაში, მარტის თვიდან, შემდგომი 2 წელი, ძმასთან ერთად ცხოვრობდა ტფილისში და სწავლობდა ტფილისის გიმნაზიაში

მისი ნამდვილი სახელი და გვარია ვაჰან სუქიას ძე ტერ-გრიგორიანი. მამა სასულიერო პირი იყო. ოჯახში ვაჰანი მეთერთმეტე შვილი გახლდათ. დაამთავრა ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი, სწავლობა მოსკოვისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში

საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ვაჰან ტერიანის პირველი წიგნიც საქართველოში,  ტფილისში გამოიცა, 1908 წელს. მისმა პირველმა წიგნმა ავეტიკ ისააკიანისა და ჰოვანეს თუმანიანის მოწონება დაიმსახურა.

ვაჰან ტერიანს დაწერილი აქვს მოგონება მოსკოვში აკაკი წერეთელთან შეხვედრის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის თარგმანი (მეტი ვერ მოასწრო). ამ თარგმანისათვის მის პედაგოგს, ნიკო მარს „მზის ნატეხი“ უწოდებია.

პრესა.გე-ს ელექტრონულ არქივში გვაქვს ვაჰან ტერიანის სამი ლექსი, თარგმნილი ჯანსუღ ჩარკვიანის მიერ. დღეს სხვა ლექსებს შემოგთავაზებთ.

ვაჰან ტერიანი განსაკუთრებულ მოვლენად ითვლება სომხურ პოეზიაში. მან გაამდიდრა სომხური ლექსი ახალი შესაძლებლობებით. განსაკუთრებით დახვეწილია მისი რითმი, რიტმი, მელოდია, მდიდარია მისი ლექსიკა. ის ითვლება „სომხური წმინდა ლირიკის ყველაზე ბრწყინველე ოსტატად, რომელსაც არც ლიტერატურული წინაპარი ჰყოლია და არც თავისივე სიდიდის ლიტერატურული მემკვიდრე“ (ზეზვა მედულაშვილი). ვაჰან ტერიანი ახალი სომხური პოეზიის სათავეებთან დგას და მიუხდავად იმისა, რომ მხოლოდ 35 წელი იცხოვრა, უმდიდრესი განძი დაუტოვა სომხურ ლიტერატურას.

ვაჰან ტერიანი იყო შესანიშნავი მთარგმნელი. მან თარგმნა სომხურად, როგორც ამბობენ, ძალიან კარგად, აკაკი წერეთლის,  ემილ ვერჰარნის, შარლ ბოდლერის, ოსკარ უაილდის, ჰაინრიხ ჰაინეს, ვალერი ბრიუსოვისა და სხვათა ნაწარმოებები.

ვაჰან ტერიანმა დაშნაკების წარმომადგენელს უარი უთხრა შვეიცარიაში სამკურნალოდ გამგზავრებაზე, ის კომუნისტური იდეებით იყო გატაცებული და რუსეთში დარჩა. ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულის „კომუნისტის“ გამოცემას, რომელიც სომეხთა საქმეებს შეეხებოდა. ეხმარებოდა დევნილ სომხებს... ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა დელეგაციის წევრიც იყო.

ვაჰან ტერიანი გარდაიცვალა 1920 წლის 7 იანვარს ორენბურგში, ჭლექით. მის გარდაცვალებას წერილით გამოეხმაურა ნიკო მარი.
 
დღეს მკითხველებს ვთავაზობთ დიდი სომეხი ლირიკოსის რამდენიმე ლექსს, გიორგი ნიშნიანიძის მიერ თარგმნილთ. მისი ლექსები არა ერთ ქართველს აქვს ნათარგმნი და ძალიან კარგადაც. სხვა დროს შემოგთავაზებთ სხვების მიერ თარგმნილ ლექსებსაც.

ძალიან სამწუხაროა, რომ ვაჰან ტერიანისადმი მიძღვნილ საიტზე Teryan.com პოეტის დაბადების ადგილად მითითებულია: რუსულად с. Гандза в Ахалкалакском уезде Джавахкa, ინგლისურად Gandza, Akhalkalak district of Javakhk, სომხურადაც ასე იქნება, ვერ ვარჩევ. უნდა ეწეროს ჯავახეთი და არა ჯავახკი. ამ დიდი პოეტის უახლოესი წინაპრები თურქეთიდან რომ არ გადმოსახლებულიყვნენ საქართველოში, შეიძლება ფიზიკურადაც განადგურებულიყვნენ, რაც სამწუხარო იქნებოდა, რადგან ასეთი კარგი პოეტი დააკლდებოდა ქვეყანას...

სენტიმენტალური სიმღერა

(თარგმნა გიორგი ნიშნიანიძემ)

გახსოვს, ტყე თრთოდა, როგორც სხეული,
და გაწოლილი ზმანებასავით
ლურჯი ნისლი და მკრთალი ვარსკვლავი,
გახსოვს, სულ შორი, სულ შორეული?..

გახსოვს, სიზმარი ცხადლივ ხილული
და სიყვარულის ბადაგნასვამი
მაღალი ცა და ცაში ვარსკვლავი,
გახსოვს ტყე იყო, ტყეში ბინული?..

გახსოვს, ბინულის ბროლივით ყელი
და მოცახცახე ნისლის სხეული,
ჰოი, რა შორი, რა შორეული...
ჩვენი ცხოვრების მწუხარე ველი!

მოგონებები

(თარგმნა გიორგი ნიშნიანიძემ)

ზამთრის გრძელ ღამეს ვათენებ თეთრად,
ვიგონებ მინდვრებს და ჭრელ სათიბებს
და მწუხრის ბოლში ჩიტივით მფეთქავ
სიყრმეს, სიწმინდეს და სინატიფეს.

და უსამანო შემოდის სევდა,
მკვდარი დღეების შემოსახლება -
ამდენ ტკივილთან და ტკბილად მთენთავ
წუხილთან მაინც რა მესაქმება?!

ვიგონებ ღიმილს და თვალის ჩაკვრას,
სიტყვას, უცნობი ქალის ხატებას,
აწ მე რომ სიზმრად ვიხილავ, მაგრამ
რაიც არასდროს არ გაცხადდება.

გარეთ ცივა

(თარგმნა გიორგი ნიშნიანიძემ)

გარეთ ცივა ახლა,
ქარი ცასთან დაობს,
მოდი, დღეს ნუ წახვალ,
ჩემთან დარჩი, დაო.

ისევ გზა დაგებნა,
სულ მარტო ხარ ისევ,
ქარაშოტის წკეპლა
გიწვავს ზურგს და კისერს.

ცეცხლს ნუ გამოვაქრობთ;
მხოლოდ ერთს მოვითხოვ -
დაო, შენს უნაკლო
სულს მიეგოს სითბო.

მხოლოდ მე გიშველი -
გრძნეული და სათნო
სიტყვით მინდა შენი
სუსხი რომ გავადნო.

მინდა, რომ უდავო
ძალა მოგცეს სიტყვამ -
არ დაგბეროს, დაო,
ქარმა აღარსითგან.

გულს ჩაგიდგამ ისეთ
კელაპტარს და კანდელს
შენი გზა რომ ისევ
ხევში არ დაქანდეს.

გარეთ ცივა ახლა,
ქარი ცასთან დაობს,
ჰოდა, დღეს ნუ წახვალ,
საყვარელო დაო.