ცხინვალელი კანდიდატები კარნახში გამოცდას აპროტესტებენ

  12:36:01     09-02-2012

ცხინვალის „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს დიდი გასაჭირი აქვთ. აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შემოღებული საარჩევნო ნორმა - „სახელმწიფო“ ენაში გამოცდის ჩაბარება, აღმოჩნდა, რომ ისევე ანერვიულებთ და აშინებთ პრეტენდენტებს, როგორც ოროსან მოსწავლეს გამოცდაზე გასვლა.

„პრეზიდენტობის“ ერთ-ერთმა კანდიდატმა, ანონიმურობის მოთხოვნით, ცხინვალის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე მიმართვა შეიტანა, რომლის 10 ხელმომწერი - ყველა მათგანი „პრეზიდენტობის“ კანდიდატია - სასწრაფოდ ითხოვს, გაუქმდეს გამოცდა სახელმწიფო ენაში, უფრო სწორედ, ენებში, რადგან „სამხრეთ ოსეთში“ უკვე რუსულიც სახელმწიფო ენად გამოაცხადეს და რუსული გრამატიკის არცოდნაც ისევე არ ეპატიება კანდიდატს, როგორც ოსურისა.
მიმართვას ხელი მოაწერეს კანდიდატებმა: ვლადიმერ ქელეხსაევმა, გიორგი კაბისოვმა, ტარზან კოკოითმა, რუსლან ბაგაევმა, ფელიქს ბიტიევმა, მირა ცხოვრებოვამ, სერგეი ზასეევმა, სერგეი ბიტიევმა, ინალ ძუკაევმა და მურატ გუჩმაზოვმა. გარდა იმისა, რომ მათ არ აწყობთ წერითი გამოცდის ჩაბარება, არც ის მოსწონთ, რომ გამომცდელი ერთ-ერთი ის პედაგოგი იქნება, რომელიც ყველა ამ კანდიდატის მოწინააღმდეგეა.

ცხინვალის გაზეთები უკვე დაეჭვდნენ: რატომ ეშინიათ ასე გამოცდის ჩაბარების? გასაგებია, რომ არავის სურს ოროსნად წარმოჩინდეს, რას ეტყვიან მერე ბავშვს, როცა ის სამიანს მიიღებს ოსურის კარნახში ან ჩააგდებს თემას რუსულში? მთავარი ისაა, რომ ენაში გამოცდა, პრეტენდენტების საერთო განათლების დონის დასადგენადაა საჭირო… როგორც ჩანს, ცხინვალელი ინტელექტუალები მიხვდნენ, რომ ბევრი დააშავეს, როცა ასეთი გამოცდა თავის დროზე ედუარდ კოკოითსაც არ ჩააბარებინეს, რომლის არათუ ფურცელზე ნაწერს, ნალაპარაკევსაც კი, ბევრი, უბრალოდ, გუმანით ხვდებოდა. ბოლო პერიოდში კი, სპორტსმენი პრეზიდენტი კრემლისთვისაც აუტანელი გახდა თავისი ხეპრეობის გამო. კოკოითის შემდეგ განსაკუთრებული ამბიცია გაჩნდა, რომ ახალ „პრეზიდენტს“ არა მარტო ბრძანებებზე ხელის მოწერა, არამედ აზრის გასაგებ ენაზე ფორმულირებაც უნდა შეეძლოს, - რა იცი რა ხდება, იქნებ, გაეროს ტრიბუნიდან დასჭირდეს გამოსვლა?

გამართულად წერა-კითხვისა და კარნახის წერის ნიჭის გარდა, ცხინვალელ კანდიდატებს კარგი შესახედაობაც მოეთხოვებათ. ეს არც კანონში წერია და არც საარჩევნო კომისიას დაუდგენია, მაგრამ პროფესიონალიზმისა და ინტელექტუალობის გარდა, ოსური მედია მომავალი პრეზიდენტისგან იმასაც მოელის, რომ ის კარგად უნდა გამოიყურებოდეს.

ამიტომ, სავარაუდოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გაითვალისწინებს გამოცდის გაუქმების მოთხოვნას. შესაძლოა, ზოგიერთმა კანდიდატმა საგამოცდო დარბაზი მართლაც შერცხვენილმა დატოვოს, მაგრამ იმას, ვისაც არჩევნებს „ჩაუწყობენ“, არც ამ გამოცდის ნიშანზე დასწყვეტენ გულს.