
ბრძოლა ვირთხების კასრში, ოლიგარქის ტყავისათვის
16:36:44     08-02-2012
ასოციალური მილიარდერი დღის სინათლეზე კი გამოვიდა, მაგრამ ხალხის ფობია ვერ მოიშორა. საკუთარ სასახლეში გამოკეტილი ოლიგარქი, რომელსაც გაპოლიტიკოსობის პრეტენზია აქვს, გალავნიდან ნაბიჯსაც არ დგამს. პერიოდულად კი, მას კარზე ქართველ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა გუნდი სტუმრობს, რომელსაც ივანიშვილისათვის პოლიტიკურ ევერესტზე ასასვლელი, ია-ვარდით მოფენილი გზის გაკვალვა აქვს დავალებული - სტუმრობს, ატყავებს და ნადავლით ხელდამშვენებული უკან ბრუნდება.
ძმები ბერძენიშვილები, ალასანია, რამიშვილი თუ სხვები ძველებურად აგრძელებენ ეჭვიანი მილიარდერის მოქმედებების მართვას, საკუთარი ჯიბის და ოჯახების ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ძნელი სათქმელია, რამდენად ურჩევენ „თანამოაზრეები“ ოლიგარქს ხალხში გასვლას და მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მათ უმრავლესობას, უბრალოდ, ხელს არ აძლევთ. ჩაკეტილ, ჩახუთულ სივრცეში, სადაც ივანიშვილი ამ „შანტრაბის“ მეტს ვერავის ხედავს და რეალობისაგანაც საკმაოდ მოწყვეტილია, მისი მართვა და მისივე განუზომელი ფინანსური რესურსების მოფხეკვა, გაცილებით იოლი და მარტივია.
ამიტომაც არის, რომ ივანიშვილის „გუნდის“ თითოეული წევრი, მზადაა ხელისბიჭივით თავად შეასრულოს ოლიგარქის შიკრიკის როლი, ვიდრე ის ფართო მასებში გამოუშვას. ამით, ბევრი უსაქმური პერსონის ისედაც მინიმალური როლი და სრული უფუნქციობა, გაცილებით უფრო თვალშისაცემი გახდება და უფრო მეტი შანსიც ჩნდება, რომ თვით ივანიშვილიც კი მიხვდეს, თუ რა ტყუილად აჭმევს პურს ამ უსაქმურთა ბანდას.
ვიდრე ეს მოხდებოდეს, მანამდე ქართული პოლიტიკური მარგინალური ძალები და პერსონები, გაათმაგებული ენერგიით წველიან ოლიგარქს. ამის პარალელურად კი, ერთმანეთსაც უღრენენ მძორზე მისეული სვავებივით. რას იზამ, ბურჯანაძის დაჯგუფებით დაწყებული, ალასანია-რესპებით დამთავრებული, ყველას თავისთვის მეტი ულუფა უნდა. ამ ღრენა-კბენას გარკვეული პერსონები უკვე შეეწირნენ. ამჯერად, იმისათვის მიდის ბრძოლა და ერთმანეთის ჭამა, თუ ვინ გადარჩება საბოლოოდ ვირთხების კასრში და ვინ მოაჯდება ოდიოზური ოლიგარქის მილიარდებს, რომელიც ზედ მათ თვალწინ ბრჭყვიალებს მაცდურად და მომხიბვლელად.