რუსეთის წარმომადგენელი გაეროში, კატარს განადგურებით დაემუქრა

  09:27:24     08-02-2012

რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კატარს დაემუქრა, რომ პირისაგან მიწისა აღგვის... ამ თემაზე მედიაში უკვე თითქმის, სკანდალი აგორდა. როგორც ალჟირული სააგენტო Algeria ISP იუწყება, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ვიტალი ჩურკინი, უშიშროების საბჭოს სხდომაზე კატარის საგარეო საქმეთა მინისტრს მისი ქვეყნის განადგურებით დაემუქრა.

ინცინდენტი გასულ კვირას მოხდა, როცა უშიშროების საბჭო სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავდა, რუსეთმა და ჩინეთმა კი დაბლოკეს ეს დოკუმენტი.

კენჭისყრის წინ, კატარელმა დიპლომატმა ჩურკინს მიმართა: „ვაფრთხილებ რუსეთს, რომ თუ არ შეიკავებს თავს ვეტოსგან და არ მიიღებს გაეროს გადაწყვეტილებას, ის ყველა არაბულ ქვეყანას დაკარგავს“.

Algeria ISP-ის ცნობით, ამაზე ჩურკინის პასუხი მუქარისშემცველი იყო, კერძოდ:  „თუ ასეთი ტონით ილაპარაკებთ ჩემთან, უკვე ხვალამდე, შენი კატარი აღარ იარსებებს“. გარდა ამისა, ჩურკინმა დამატებით განმარტა, რომ წარმოადგენს „დიდ რუსეთს და მისი სახელით მხოლოდ მნიშვნელოვან ადამიანებთან საუბრობს“ - ამის შესახებ კი ეგვიპტური გაზეთი „ალ-ახრამი“ წერს.

ჩურკინის სიტყვები თავად რუსულმა მედიამ ისე აიტაცა, რომ უცხოურ გაზეთებთან შედარებით, მისი სიტყვები ბევრად უხეში ფორმით თარგმნა: „თუ კიდევ დაგცდება მსგავსი რამ, შენი კატარი ხვალ აღარ იარსებებს და კიდევ უფრო მეტ პრობლემას მიიღებს“.

ისტორია იმდენად გახმაურდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტების გაკეთება ჩათვალა საჭიროდ. თუმცა სამინისტრომ მხოლოდ ის სიტყვები უარყო, რომელიც  რუსულმა მედიამ თარგმნა და რომელიც უცხოური გამოცემების თქმითაც, მართლაც გაუხეშებული, ანუ ორიგინალთან შეუსაბამო თარგმანი იყო.

რუსეთისა და კატარის ურთიერთობა ნოემბრის ბოლოს გართულდა, როცა რუსეთის ელჩმა კატარში ვლადიმერ ტიტორენკომ, ერთ მშვენიერ დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დარეკა და თქვა, რომ დოჰას აეროპორტში კატარელმა მებაჟეებმა და მესაზღვრეებმა ის და მისი რამდენიმე თანამშრომელი სცემეს. რუსულმა მხარემ მაშინ აღშფოთებით განაცხადა, რომ მომხდარი ყველანაირ საზღვრებს, მათ შორის, დიპლომატიის კანონებსა და საერთაშორისო კონვენციებს სცდება, რადგან მოთხოვნა რომ ელჩს მებაჟეებისთვის იორდანიიდან წამოღებული დიპლომატიური ფოსტა ეჩვენებინა, უკანონო იყო. სწორედ ამ დოკუმენტებისთვის გამართული „ჭიდაობის“ გამო ვლადიმერ ტიტორენკოს თვალი დაუზიანდა და სახესა და ტანზეც დაზიანებები მიიღო, იმდენად, რომ საავადმყოფოშიც კი დააწვინეს.

დოჰას ინცინდენტი რუსმა ექსპერტებმა მაშინვე დაუკავშირეს რუსეთის პოზიციას სირიის საკითხთან მიმართებაში და მომხდარი კატარის მხრიდან გაფრთხილებად ჩათვალეს.