„საქართველო რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, არ დაუშვებდა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობას“

  16:27:16     07-02-2012

პარადოქსებით სავსე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ახალი პოლიტიკური ძალები ჩნდებიან, ერთერთი მათგანი ვაჟა მთავრიშვილია, რომელიც არ ერიდება  თამამ განცხადებებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. ვინ არის ვაჟა მთავრიშვილი და როგორ აპირებს ის ივანიშვილის დამარცხებას, ამის გასარკვევად „.პრესა.ჯი“  პრაღაში მყოფ ვაჟა მთავრიშვილს დაუკავშირდა. 

– ბატონო ვაჟა, მოდით თავიდან  გაცნობით დავიწყოთ, ვინ არის ვაჟა მთავრიშვილი? 

– ვაჟა მთავრიშვილი არის ქართველი დისიდენტი, ყოფილი პოლიტპატიმარი. სამოცდაათიან  წელს დაპატიმრებული  ვიყავი საბჭოთა ხელისუფლების მიერ, მაშინდელი პირველი პირის პოდგორნის მითითებით, მაშინ ოცი წლის ვიყავი. 

– რა გახდა თქვენი დაპატიმრების მიზეზი?

– რამდენიმე მიზეზი ჰქონდათ, მათ შორის ჩემი წარმოშობაც, დედაჩემი ნოე რამიშვილის ახლო ნათესავი იყო, გარდა ამისა ვმეგობრობდი ერთ მოხუც კაცთან, რომელიც ეროვნული მოძრაობის ლიდერთაგანი იყო, ეს პიროვნება ლადო კაპანაძეა, რომელიც ასევე  1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო. სტალინმა პირადად დაკითხა და დახვრეტა მიუსაჯა. თუმცა, შემდეგ სასჯელი გადასახლებით შეუცვალეს. შემდგომ უკვე სამოცდაათიან წლებში, ეს კაცი მოწამლეს და ასე მოიშორეს თავიდან. 

– საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგით როდესაც   ვაჟა მთავრიშვილის პარტიის დაფუძნება გადაწყვიტეთ. რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რამ გაიძულათ ასეთი ნაბიჯის გადადგმა?

–  როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში რაც ეროვნულ გამათავისუფლებელი პარტიები იყო, ყველა დაშალეს. ესეც არ გვაკმარეს და უკვე აშკარად პრორუსული ძალები ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, რაც გახდა კიდევაც ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი. ჩემი პარტია ასეთ ძალებს აუცილებლად დაამარცხებს. 

– პრორუსულ ძალებში ვის გულისხმობთ?

– ის ძალები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გარშემო იკრიბებიან და თავად ბიძინა ივანიშვილი. 

რა გაძლევთ საფუძველს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრორუსული ძალა უწოდოთ?

– არსებობს წყალგამყოფი, სადაც არიან არაეროვნული ძალები, სამწუხაროდ ოპოზიციის მთლიანი სპექტრი არის არაეროვნული, მაგრამ ივანიშვილი გამორჩეულად პრორუსული ძალაა. როდესაც საუბრობენ მის ქველმოქმედებაზე უნდა გითხრათ, რომ ეროვნულ მოძრაობას  ივანიშვილისგან არაფერი ახსოვს. 

ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები, ამის გათვალისწინებით როგორ აპირებთ მის დამარცხებას?

– ფულს დავუპირისპირებთ ჩვენს ქართულ სიმართლეს, ადრე თუ გვიან არჩევნები ხომ უნდა მივიდეს დებატებამდე, ხოლო ამ დებატებში, მას ჩვენს წინააღმდეგ შანსი არ აქვს, გარშემო რა გუნდიც  უნდა შემოიკრიბოს, ჩვენს სიმართლესთან მათ არანაირი შანსი არ ექნებათ. ივანიშვილს პოლიტიკაში არაფერი გაუკეთებია და მარტო ფული არაფერს ნიშნავს. საბედნიეროდ, ქართველ ხალხს გონება ჯერ არ დაუკარგავს და ისინი ჯანმრთელად აზროვნებენ. 

–  რის გამო ერთიანდებიან ბიძინა ივანიშვილის გარშემო?

– ძალიან მარტივია, ფულის გამო. საქართველოში ტერმინი „სამშობლოს მოღალატე“ არ არსებობს,  ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში, აგენტს როცა დაიჭერენ სამუდამო პატიმრობას უსჯიან. ჩვენთან კი ასეთ პიროვნებებს პოლიტიკაში ყოფნის ამბიციები გააჩნიათ. 

რა სახელით აპირებს თქვენი პარტია არჩევნებში მონაწილეობას?

 – მე მქონდა რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია, მათ შორის იყო „საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“, რომელიც შვიდ გაზეთს გამოსცემდა. დღეს ჩვენი პარტიის სახელი სხვებს აქვთ წაღებული, რომლის დაბრუნებაც პრაქტიკულად გამორიცხულია. ამიტომ ვქმნი პარტიას, რომელსაც მალე დავარეგისტრირებ და იმედი მაქვს, რომ დიდი სხვაობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. 

– თუ ატარებთ სოციოლოგიურ კვლევებს და რა მონაცები გაქვთ, რამდენი ამომრჩეველი უჭერს მხარს თქვენს პარტიას?

– არ მიხარია ამის თქმა, მაგრამ საქართველოში ეროვნული მოძრაობა განადგურებულია,  ჩვენ შეგვიძლია მისი აღდგენა.  ერთ–ერთ ფორუმზე ჩავატარეთ გამოკითხვა და უნდა გითხრათ, რომ აშკარა უპირატესობით ჩემი პარტია ლიდერობს. რაც შეეხება არჩევნებს, როდესაც პირდაპირ მოგვიწევს საუბარი მოსახლეობასთან და არა შემოგდებულ პროვოკატორებთან, რომლებიც მრავლად არიან სოციალურ ქსელებში, დარწმუნებული ვარ შედეგი უფრო დიდი გვექნება. 

– ოპოზიციური სპექტრიდან თქვენს პირად კონკურენტად ვის მიიჩნევთ?

– ჩვენ ფაქტობრივად კონკურენტი არ გვყავს, შეეცდებიან ვინმე ამოქექონ ყოფილი ეროვნული მოძრაობიდან  რომ დაგვიპისპირონ, მინდა მათ ვუთხრა, რომ არაფერი გამოუვათ, რადგან ისტორიული სიმართლე ჩვენს მხარეს არის. ყველაზე ძლიერ კონკურენტად მაინც ბიძინა ივანიშვილი შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ თუ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, მას ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდება. 

– რას უწუნებთ ბიძინა ივანიშვილს და რატომ არ მოგწონთ როგორც პოლიტიკოსი?

– ბიძინა ამბობს: მიშა ცუდია და მე მოვალ. ამ დროს თვითონ უარესია, ჯერ ერთი, ეს არ არის ეროვნული ძალა. მეორეც – საქართველო რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, არ დაუშვებდა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობას.