დავით დარჩიაშვილი: მედვედევი საქართველოს საფრთხეებს ახსენებს...

  13:58:38     07-02-2012

რუსეთის ფედერაცია თბილისს ისევ ემუქრება. რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზებს, ნებისმიერი აგრესორისთვის „არათანაზომიერი ზარალის” მიყენება შეუძლია. მეზობელი სახელმწიფოს მორიგ შანტაჟს, შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. ქართული მხარე, აპირებს, მაქსიმალურად მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება იმ აგრესიული რიტორიკის შესახებ, რომელიც მუდმივად მოსკოვიდან ისმის.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დეპუტატ დავით დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის რეალურად საფრთხეს პუტინი და ის გენერალიტეტი წარმოადგენენ, რომლებიც რუსეთს მართავენ და არა მარიონეტი მედვედევი. დეპუტატის თქმით, რუსეთის მხრიდან, ეს არ არის პირველი განცხადება და ქმედება, მას შემდეგ, რაც კრემლმა, ოკუპაციის პირობებში, ცხინვალი და აფხაზეთი სამხედრო პლაცდარმად გახადა. 

„როცა, ოკუპანტი მხარის პრეზიდენტი, საჯაროდ ასეთი ტექსტებით გამოდის, ეს საქართველოსთვის რა თქმა უნდა საფრთხეა, რომელიც დღითიდღე მატულობს. თუმცა, საბედნიეროდ, საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადოდ არის მობილიზებული, რომ რუსეთს თავისი ადგილი მიუთითოს და ეს უფრო ინტენსიურად ხდება.  უნდა ითქვას, რომ ეს არის გაგრძელება შეხსენებებისა, რომ საფრთხე არსებობს. მედვედევის პირიდან, ამის გაჟღერება ცოტა პაროდიულად გამოიყურება, რადგან მისი ჰაბიტუსი, წარსული და დღევანდელობა ერთმანეთს არ შეესაბამება და  ის იმეორებს იმას, რასაც ეუბნებიან. საფრთხე რეალურად არის პუტინი და ის გენერალიტეტი, რომელიც რუსეთს მართავს. მედვედევი მათი მარიონეტია და ეს რუსეთშიც საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს”, - აღნიშნა დეპუტატმა. 

დარჩიაშვილი მედვედევის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობს. მისი შეფასებით, საქართველოსთვის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის. „საქართველოსთვის რუსეთთან ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები სასიცოცხლო ინტერესს არ წარმოადგენს, თუმცა, ამის წინააღმდეგი არც არასოდეს არ ვიქნებით. რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან, მსგავსი შემოთავაზება არადექვატურობის გაგრძელებაა და არსებულ რეალობაში, ეს - სასაცილოა. რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ევროკავშირთან და აშშ-სთან ნორმალური ურთიერთობების არსებობაა, მაგრამ მათ ეს არ ესმით. საქართველო, რითიც უნდათ მოხიბლონ, ეს არადეკვატურობის გაგრძელებაა. ქვეყანას ტერიტორიები წაართვა, ემუქრებოდე და მის ხელისუფლებას არ ცნობდე, რაღაც ეკონომიკაზე მელაპარაკები? – ეს სასაცილოა” - დასძინა კანონმდებელმა. 

ამას გარდა, დარჩიაშვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ის, ნატოს დაშლაზე ამახვილებს ყურადღებას. დარჩიაშვილის მოსაზრებით, პუტინ-მედვედევის მიერ გაჟღერებული საკითხები, საერთაშორისო ტენდენციებთან შეუსაბამოა.

„პუტინი ხშირად, ირანის თემაზე, ახლო აღმოსავლეთზე, სირიის საკითხებსა და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაზე საუბრობს, შემდეგ კი, მედვედევსაც იყოლიებს, მაგრამ მათი შეფასებები საერთაშორისო ტენდენციებთან მიმართება შეუსაბამოა. ის რაც შეუსაბამო და არადექვატურია, ეს ოჯახურ და ადამიანურ ურთიერთობებშიც კი, მთავრდება. სრულიად განწირულია ისეთი რეჟიმი, რომელიც რუსეთში შეიქმნა და რომელსაც, პუტინ-მედვედევის ტანდემი აჟღერებს” - განაცხადა დარჩიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვიდან მუქარის ტონი მას შემდეგ გახშირდა, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ჯერ დაანონსდა და შემდეგ წარმატებით დასრულდა.