ჯიოევას „ინაუგურაცია“, შესაძლოა, მისი დაჭერით დამთავრდეს

  11:32:29     07-02-2012

მალე ცხინვალის რეგიონს არა ერთი, არამედ ორი „პრეზიდენტი“ ეყოლება. 10 თებერვალს ალა ჯიოევას, სადღაც თვენახევარში კი 25 მარტის ე.წ. არჩევნების შედეგად არჩეული „პრეზიდენტის ინაუგურაცია“ ჩატარდება.

ორხელისუფლებიანობა სეპარატისტულ რეგიონში გარდაუვალია, თუკი, რა თქმა უნდა, ჯიოევას ჯგუფი მანამდე არ „გაანეიტრალეს“ და ოპოზიციონერი ქალბატონი დროებით მაინც არ მოარიდეს „საშიშ საზოგადოებრივ საქმიანობას“, რისი შანსიც არსებობს.

ჯიოევას მომხრეების სასამართლო პროცესები ვლადიკავკაზში ჯერაც არ დასრულებულა, მის მთავარ დასაყრდენებს - ჯამბულატ თედეევსა და ანატოლი ბარანკევიჩსაც შეხედულებები „შეეცვალათ“. რუსეთის „ფსბ“-მ ისე პროდუქტიულად იმუშავა თედეევზე, რომ კაცი, რომელიც ჯერ ჯიოევას მთავარ დამფინანსებლად მოიაზრებოდა და სერიოზული პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა, ამბობს, რომ პოლიტიკასთან საერთო აღარაფერი აქვს და მთლიანად სპორტით უნდა დაკავდეს. ბარანკევიჩი კი ჯიოევას გონიერებისკენ მოუწოდებს და მის გადაწყვეტილებას ინაუგურაციის ჩატარების შესახებ, გამართლებულად არ თვლის.

ვიდრე ჯიოევა „ინაუგურაციის“ საორგანიზაციო საქმეებითაა დაკავებული, რუსული მედია ცხინვალში სამოქალაქო დაპირისპირებას წინასწარმეტყველებს. საუბარია იმაზე, რომ მარიონეტული ხელისუფლება 10 თებერვლის „ინაუგურაციის“ არდაშვების მიზნით ძალას გამოიყენებს. მომხრეებიცა და მოწინააღმდეგეებიც ჯიოევას ცალ-ცალკე აფრთხილებენ, არ წავიდეს ვითარების გართულებაზე, მაგრამ მისი გეგმები ამ დრომდე უცვლელია: „ინაუგურაცია 10 თებერვალს აუცილებლად ჩატარდება, ცხინვალში, ჩკალოვის 10 ნომერში. სტუმრები დაპატიჟებულები არიან“, მათ შორის, რუსეთიდანაც, მაგრამ ვინ გაბედავს ამ ღონისძიებაზე დასწრებას, ძნელი სათქმელია.

თავად ჯიოევა ამბობს, რომ „ჩვენ განწყობილნი ვართ, წყნარად და მშვიდად ჩავატაროთ ინაუგურაცია, რა იქნება შემდეგ და როგორი იქნება ჩვენი ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხი, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“.

ასე მარტივად რომ არ „გააპრეზიდენტებენ,“ ჯიოევამ კარგად იცის. ერთგვარი თავის დაზღვევის მიზნით მან  უშიშროების სამსახურს, თავდაცვისა და შს მინისტრებს მოუწოდა, „ინაუგურაციის“ უსაფრთხოდ ჩატარებაში დაეხმარონ.

პრინციპში, ჯიოევას გარდა ცხინვალში უკვე აღარავინ ურჩობს, რუსეთის „ფსბ“-მ ცხინვალელ კოლეგებთან ერთად კარგად იმუშავა და სავარაუდოდ, ჯიოევას გაჩერებასაც, დიდი სპეცოპერაცია არ უნდა დასჭირდეს. როგორც „კავკაზსკი უზელ“ წერს, ჯიოევას ერთ-ერთმა მომხრემ, რომელსაც რედაქცია ტელეფონით ესაუბრა და რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ დიდი შანსია, ბოლო მომენტში „ინაუგურაცია“ საერთოდაც არ შედგეს.

გლობალური პრობლემების ფონზე, კრემლისათვის ცხინვალის არჩევნების საკითხი ახლა მართლაც ზედმეტი თავსატეხია, თუმცა როგორც „კომერსანტი“ წერს, მოსკოვს, ამჯერადაც ეყოლება თავისი კანდიდატი. კრემლის ყოფილმა ფავორიტმა ანატოლი ბიბილოვმა უკვე განაცხდა, რომ არ აპირებს 25 მარტის არჩევნებში მონაწილეობას, სამაგიეროდ, ასპარეზზე გამოჩნდა ცხინვალის ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი, რომელმაც მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ უკვე შეხვდა „გავლენიან პოლიტიკურ წრეებს“ და თუ სთხოვენ, აუცილებლად დასთანხმდება თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე.

მედოევი მოსკოვისადმი და რუსი ჩინოვნიკებისადმი აბსოლუტურად ლოიალურად განწყობილ ფიგურად სახელდება და უკვე აღარავინ დავობს, რომ მოსკოვი ფსონს ამჯერად, სწორედ მასზე დადებს და თანაც თავისას ბოლომდე გაიტანს, თუნდაც ყველაზე რადიკალური ზომების მიღება დასჭირდეს. „ეხო მოსკვი“ წერს, რომ ვითარება ისეთია, შესაძლოა, ალა ჯიოევა დააპატიმრონ კიდეც.