ჭორვილაში „წმინდა ბიძინა მდიდარს“ ძეგლს დაუდგამენ

  15:29:56     06-02-2012

ლენინს უყვარდა ბავშვები, ბავშვებს კი - კარამელი - ამ ცალმხრივი საბჭოთა სიყვარულის შესახებ დიდი ხანია ცნობილია. თუმცა, მიუხედავად დიდი ბელადისადმი პატარების ასეთი ინდიფერენტული დამოკიდებულებისა, ბალტიიდან სახალინამდე გადაჭიმული დიადი სამშობლოს ყველა კუთხე-კუნჭულში, სოციალისტური რევოლუციის წინამძღოლის ძეგლები, ბიუსტები, ფოტოები 7 ათეული წლის განმავლობაში იწონებდა თავს.

ლენინის რევოლუციურ და პოლიტიკურ გაქანებამდე აშკარად ბევრი უკლია, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი გზით სიარული ქართველმა ოლიგარქმა და მისმა ფან–კლუბმაც განიზრახა.

კერძოდ, ირკვევა, რომ ივანიშვილის ნათესავებმა, სავარაუდოდ, თავად მილიარდერის მოწონებითა და კვერის დაკვრით, მშობლიური ჭორვილის შესასვლელში, ბიძინას ბრინჯაოს ძეგლის დადგმა გადაწყვიტეს. პირველად ვის მოუვიდა მსგავსი იდიოტური იდეა თავში, რომელიმე გულანთებულ, აჟიტირებულ ნათესავს თუ თავად ოლიგარქს, ეს ცნობილი არ არის, თუმცა, ამას ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობაც არც აქვს.

ამ ეტაპზე არც ის ხმაურდება, თუ ვინ იქნება ამ ღირშესანიშნავი ძეგლის ავტორი, მაგრამ თუ ოლიგარქის და მით უმეტეს მისი ინტერნეტში  წყევლა–კრულვის მოყვარული, ადგილობრივი ნათესაობის გემოვნებას გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, მხატვრული ღირებულების დონეზე დიდი მოთხოვნა არ ექნებათ. ცხვირი ჰგავს, წარბი, ტუჩი და ბიძინაც აწყობილია. მთავარია, ჭორვილაში, ყოველ შესვლა–გასვლაზე დატკბნენ საკუთარი კერპის სიდიადის შეგრძნებით.  

ივანიშვილი წლების განმავლობაში დიდი ფილანთროპის იმიჯს იქმნიდა, თუმცა, მისი უსაზღვრო ქველმოქმედება რა მასშტაბებს და პრიორიტეტებს წვდებოდა და ამ ფილანთროპიის საბოლოო მიზანი რა იყო, სულ ორიოდე თვის წინ გაცხადდა. ფაქტია, რომ ქველმოქმედს და მის ფანკლუბს აზრად არასდროს მოსვლიათ საჩხერეში აკაკი წერეთლის ძეგლსაც რომ სჭირდება მოვლა.

ახლა კი, როცა ამ რაიონში, მისი ერთ–ერთი ყველაზე სასიქადულო შვილის, მუხრან მაჭავარიანის ბიუსტიც კი არ დგას, მილიარდერის ძეგლის დადგმა გადაწყდა (მის ნათესავებს ასე სურთ), რომელსაც სხვა ღირსება, გარდა ამ ბინძური მილიარდებისა, არც არაფერი გააჩნია...

მოკლედ, ფული ჭორვილასაც ანათებს, თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთების გონებას ვერ ხსნის, რაც საბოლოოდ, ასეთი არაადეკვატური და წარმოუდგენელი „გენიალური იდეების“ მიზეზი ხდება.