ივანიშვილი, გარემოცვის ერთგულებას სიცრუის დეტექტორზე შეამოწმებს

  15:28:24     06-02-2012

ოლიგარქი ივანიშვილი, რომ თავის გარემოცვის წევრებს არ ენდობა, ამაში ჯერ კიდევ მაშინ დავრწმუნდით, როდესაც პარტიის სიის პირველ ნომრად პოლიტიკოსთა ნაცვლად,  მეუღლის კანდიდატურა წარადგინა.  

მაშინ ივანიშვილმა ეს ქმედება იმით ახსნა, რომ ქართველ ხალხს სწორება ივანიშვილის გვარზე აქვს და აბა ვის ჩავსვამდიო. მაშინ ოლიგარქმა უარყო, რომ გარემოცვის მიმართ უნდობლობა აქვს.

„პრესა.ჯი“–სთვის გახდა ცნობილი, რომ ბიზნესმენი აპირებს სიცრუის დეტექტორზე შეამოწმოს  თავისი გარემოცვა, კოალიციის წევრები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთა და ყველა ის ახალი ნაცნობ–მეგობარი, ვინც ოლიგარქს პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დაუახლოვდა.

როდის აამუშავებს  ბიზნესმენი აპარატს ჯერ უცნობია, თუმცა ის ამის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს.   

ამ ფაქტზე, კომენტარის გაკეთება მოუწია დღეს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერსა და „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს.

თარგამაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია რას აპირებს ივანიშვილი მისი თანაგუნდელების ერთგულებაში დასამტკიცებლად.

 „არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას. მიმაჩნია, რომ გაცილებით ბევრი პრობლემა და გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი, თუნდაც ივანიშვილის კოალიციაში, ვიდრე სიცრუის დეტექტორზე ადამიანების შემოწმება“.

„პრესა.ჯი“–სთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ირაკლი სესიაშვილის აცხადებს, რომ ბიზნესმენის მოწინააღმდეგეებს ფანტაზია აღარ ჰყოფნით. ჩვენ შეკითხვაზე, ფლობს თუ არა ექსპერტი ამ საკითხზე ინფორმაციას, სესიაშვილმა განაცხადა, რომ ამ „იდიოტურ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

მას შემდეგ, რაც სიცრუის დეტექტორის პირველი ვერსია შეიქმნა (1920–იანი წლების დასაწყისი), აპარატი კიდევ უფრო დაიხვეწა და მისი სანდოობის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.  ბრედფორდისა და აბერისტვიტის უნივერსიტეტების ჯგუფმა, დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო ორგანიზაციასთან ერთად,  ახალი კომპიუტერული სისტემა შექმნა. ახალი სისტემაც ადამიანის  შინაგან განწყობას „ხვდება“ და კამერებს,  სახეზე დაკვირვების შედეგად  შეუძლია განსაზღვრონ ცრუობს ადამიანი თუ არა.

ეს სისტემა ჩვეულებრივი ვიდეო–კამერებისგან, ინფრაწითელი მოწყობილობისგან და ალგორითმების ნაკრებისაგან შედგება. კომპიუტერული პროგრამა სახეზე უმცირეს ცვლილებასაც აფიქსირებს და შესაბამის ემოციებსაც ამოიცნობს.