მისალმების გამო დაწყებული კამათი მკვლელობით დასრულდა

  12:15:20     06-02-2012

თბილისის საქალაქო სასამართლომ, გასული წლის 3 ივნისს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი – 20 წლის დევიკო ჯ.–ს მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, გიორგი ელიაშვილის ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ხოლო ალექსანდრე ლუტიძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ შეუტყობინებლობისთვის  წარედგინა.

საქმის მასალების მიხედვით: 2011 წლის 3 ივლისს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე # 25 კორპუსთან, გიორგი ელიაშვილსა და დევიკო ჯ.-ს ერთმანეთთან ,,არასათანადოდ”  მისალმების გამო, მცირე კონფლიქტი მოუვიდათ. აღნიშნულით გაღიზიანებულმა დევიკო ჯ.-მ  შემდგომი ე.წ. საქმის გარჩევის მიზნით, გიორგი ელიაშვილი დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიბარა. წინასწარ შერჩეულ ადგილზე  გიორგი ელიაშვილი ალექსანდრე ლუტიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მივიდა. მისვლისას მათ ზემოხსენებულ ადგილზე უკვე დახვდნენ დევიკო ჯ.  ძმასთან – ემზარ ჯ.-სთან და სამ მეგობართან ერთად. მათი ხმამაღალი საუბარი კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გიორგი ელიაშვილმა  თანნაქონი დანით, დევიკო ჯ.-ს, განზრახ მოკვლის მიზნით, მარჯვენა მხარეს, მკერდის არეში, ერთი ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გიორგი ელიაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დევიკო ჯ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ალექსანდრე ლუტიძემ, რომელმაც დაინახა და ნამდვილად იცოდა, რომ გიორგი ელიაშვილის მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღნიშნული ფაქტის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

2011 წლის 4 ივლისს სამართალდამცველებმა გიორგი ელიაშვილი თბილისში დააკავეს. მან დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

ღია სასამართლო სხდომაზე გიორგი ელიაშვილმა და ალექსანდრე ლუტიძემ თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში,  მაგრამ მათ მიმართ წარდგენილი ბრალეული ქმედება დადასტურებულ იქნა: მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და საქმეში არსებულ  უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

თუმცა წინასწარი გამოძიებისას ელიაშვილმა დანაშაული თავადაც აღიარა, შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ჩვენებაში იგი ყვება: ,,ქავთარაძის ქუჩაზე, გზის მეორე მხრიდან მოდიოდა ჯაიანი, მე ვუთხარი - ზდაროვა, მაგას არ მოეწონა, წესიერად მომესალმეო. გზის მეორე მხარეს გადმოვიდა, რამაც გამოიწვია ჩხუბი. მერე გადავედით გზის იქით. მაგან მითხრა შევხვდეთ თბილისის ზღვაზეო. ერთ საათში მე ავდივარ თბილისის ზღვაზე, ვხვდები ჯაიანს და რამდენიმე კაცი მხვდება. ჩხუბი რომ ატყდა დანა ამოვიღე და მოვიქნიე და ჩემი მოქნეული დანა მოხვდა ჯაიანს’’.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, გიორგი ელიაშვილს სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ალექსანდრე ლუტიძეს – 3 წლისა და 6 თვის  ვადით  თავისუფლების აღკვეთა.