ბიძინა ივანიშვილმა, არჩევნებისშემდგომი „ქუჩის აქციები“ დააანონსა

  11:29:11     06-02-2012

ბიძინა ივანიშვილმა, ერთ–ერთი ოდიოზური ქართული გაზეთის ფურცლებიდან, დღეს ამაყად გვამცნო, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ „ხმების დაცვა“ დასჭირდება, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ოლიგარქი, რომელიც მცირე ხნის წინ დაბეჯითებით ირწმუნებოდა, რომ არასოდეს არანაირ აქციებში არ მიიღებდა მონაწილეობას, მითიური „გაყალბების“ წინააღმდეგ მიტინგების მოწყობით უკვე იმუქრება.

რამდენად გამოუვა მილიარდერს გრეჩიხობა, ძნელი სათქმელია. მისი მონაცემები და რესურსები ამდენსაც რომ ვერ წვდება, უკვე ყველამ იცის, მაგრამ ის, რომ ოლიგარქს ამგვარი სურვილი გაუჩნდა და ნელ–ნელა ხალხს შემოაპარა, ეს უკვე მრავლისმეტყველია.

როგორც ჩანს, ამის მიზეზი თავდაჯერებული მილიარდერის კრახია, რომელიც მან ამ მოკლე ხანში რეაქტიული სისწრაფით განიცადა. ოლიგარქი, რომელიც სრულიად დარწმუნებული იყო იმაში, რომ „ყოველგვარი მიტინგების გარეშე“ უმაღლეს სახლისუფლებო სავარძელში ციმციმ, ხელში აყვანილი ჩაბრძანდებოდა, მალე მწარე რეალობის წინაშე დადგა: მისი რეიტინგი სასურველზე გაცილებით დაბალი აღმოჩნდა.

ვინაიდან, უკანასკნელი წლების საქართველოში, ყველა ხელმოცარული პოლიტიკოსის უკანასკნელი თავშესაფარი ქუჩის აქციებია, სწორედ ამიტომაც, როგორც ჩანს, ივანიშვილიც იძულებული ხდება, ამ გზაზე დაფიქრდეს.

თუმცა, ერთი რამ ცნობილია, რომ ქუჩაში გასვლის შემთხვევაში, ჩაკეტილ და ხალხის ფობიით შეპყრობილ ოლიგარქს, მძლავრი კონკურენცია დახვდება, სტაჟიანი მომიტინგეების – კუკავას, ძიძიგურის, თუ მისგან მოძულებული და შალვა ნათელაშვილის და სხვათა სახით. ხოლო თუ რამდენად შეძლებს მათთვის შესაბამისი და ღირსეული მეტოქეობის გაწევას, არცთუ ჩამოყალიბებული და ასოციალური ორატორი, ეს ცოტა არ იყოს და საეჭვოა...