
მაკკეინი პუტინის თვალებში, 3 ასოს გარდა ვერაფერს ხედავს
11:15:29     06-02-2012
ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი სენატორისგან მორიგი გაფრთხილება მიიღო.
„ძვირფასო ვლად, არაბული გაზაფხული უკვე შენს მეზობლადაა“ - დაწერა ჯონ მაკკეინმა Twitter-ში. სენატორი ამ დასკვნებში The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობოდა, რომელიც რუსეთში მიმდინარე საპროტესტო კამპანიას შეეხება და გამოთქმულია მოსაზრება, რომ ოპოზიციის აქციები გაზაფხულზეც გაგრძელდება.
ჯონ მაკკეინი, ვლადიმერ პუტინს „არაბული გაზაფხულის“ შესახებ პირველად არ აფრთხილებს. ლიბიელი დიქტატორის მუამარ კადაფის ჩამოგდებისა და დაღუპვის შემდეგ სენატორმა განაცხადა, რომ ამ პროცესებმა, მსოფლიოს ყველა დიქტატორი, მათ შორის, პირველ რიგში, ვლადიმერ პუტინი უნდა აანერვიულოს.
მაშინ პუტინმა საჭიროდ ჩათვალა გამოხმაურებოდა მაკკეინის სიტყვებს. მან განაცხადა, რომ ეს მუქარა არა პირადად მისკენ, არამედ, მთლიანად რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული.
„ვიღაც-ვიღაცეებს სურთ, რუსეთი, ცოტა გვერდზე გადაწიონ, ისე, რომ ხელს არ უშლიდეთ, ხელს არ უშლიდეთ მსოფლიო ბატონობაში“ - აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ „სენატორს თავში ყველაფერი კარგად არ აქვს“: „ბატონი მაკკეინი, როგორც ცნობილია, ვიეტნამში ტყვედ ჩავარდა და უბრალოდ ციხეში კი არა, ორმოში იჯდა, სადაც რამდენიმე წელი დაჰყო. ნებისმიერი ადამიანი ჭკუიდან შეიშლებოდა, ამიტომ, რა უნდა ვთქვა მეტი“ - განაცხადა პუტინმა.
მაკკეინიც ვალში არ დარჩა:
„ძვირფასო ვლად, და ეს ხომ ის არის, რაზეც მე შენ გეუბნებოდი?“ სენატორი დარწმუნებულია, რომ მის გამონათქვამებს პუტინი წყობილებიდან გამოჰყავს, მითუმეტეს, არჩევნების შემდგომი საპროტესტო კამპანიის ფონზე, - „ვფიქრობ, სავსებით ცხადია, რომ ბატონმა პუტინმა, რომელსაც მიყვარს, როცა ვლადს ვუწოდებ, ძალიან მწვავე ტკივილი იგრძნო“.
როცა ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი ისევ იყრიდა კენჭს რუსეთის პრეზიდენტად, მაკკეინმა არც ეს ამბავი დატოვა გამოხაურების გარეშე და თავის ბლოგზე დაწერა:
„რა მოულოდნელობაა - შოკისმომგვრელი სიახლეა“. კიდევ უფრო ადრე კი მან პუტინს „ცუდი ბიჭი“ უწოდა და აღნიშნა, რომ როცა მას პირადად შეხვდა და თვალებში ჩახედა, იქ 3 ასო -„კ“, „გ“ და „ბ“ დაინახა.