სირიის ოპოზიცია რუსებს ემუქრება და "ჯიჰადს" უცხადებს

  09:36:59     06-02-2012

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ჯიჰადი გამოუცხადეს იმ ორგანიზაციების წევრებს, რომლებიც სირიის საქმეში ჩარევის წინააღმდეგ გამოდიან - წერს რუსული მედია.

წერილებში, რომლებიც სირიისა და ლიბიის ხალხებთან სოლიდარობის რუსეთის კომიტეტის, რეგიონთაშორისი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ვეჩესა“ და სხვა ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს, წერია, რომ „პირდაპირ კრემლის ბრძანებით, ამ დროისათვის, განადგურებულია 12000 ადამიანი, 100 ათასმა გამოიარა ციხე, დანგრეულია ქალაქები, დატანჯულნი არიან ბავშვები“.

წერილის ავტორები, რომლებიც ხელს ასე აწერენ - „აჯანყება“, - იტყობინებიან, რომ ამ ფაქტების მოტანა „ანგარიშის გასწორების დღისთვისაა“ საჭირო, რათა მოსკოვმა გაიგოს, „რა აქვს მხედველობაში სირიელ ხალხს.“

„გუშინ, პუტა მედვედკას დაქვემდებარებულმა რეჟიმმა, ჰომსში 337 ადამიანი დახოცა, ამ საათისთვის დაჭრა 1300 ადამიანი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ რუსეთის რეჟიმები არ ანიჭებენ მნიშვნელობას ადამიანების სიცოცხლეს, როგორც ეს იყო და არის ჩეჩნეთში, ავღანეთში, პრაღაში, ბუდაპეშტში, საქართველოსა და თავად რუსეთში, სადაც ყოველწლიურად 800 ათასი ადამიანი კვდება. ეს ფაქტები მოგვყავს იმიტომ, რომ ანგარიშების გასწორების დღეს თქვენს პუტ მედვედკას დაქვემდებარებულ რეჟიმს ესმოდეს, რა აქვს მხედველობაში სირიელ ხალხს. თქვენი რეჟიმები მსოფლიოში ახორცილებენ იარაღის, ნავთობის ექსპორტს და „კიდევ სხვა რაღაცეების“, თქვენ გესმით რაზე გელაპარაკებით, ასე არაა? და კიდევ მთელს მსოფლიოში მომუშავე თქვენი 5 მილიონი პროლეტარი ქალბატონი… კრემლის პირდაპირი ბრძანებით ამ საათისათვის სირიაში განადგურებულია 12 000 ადამიანი, 100 ათასმა ციხეები გამოიარა, დანგრეულია ქალაქები, დატანჯულები არიან ბავშვები. ჩვენ ეს დავიმახსოვრეთ და გიცხადებთ თქვენ ჯიჰადს. თქვენი სსრკ-დან გაიქცა ყველა რესპუბლიკა და ეხლა თქვენგან გარბის უკანასკნელი დომინიონი მსოფლიოში - სირია. ქუჩებში წვავენ თქვენს ბინძურ დროშებს სვასტიკებით. რეჟიმები ისტორიის სანაგვეზე მიდიან, ხალხები რჩებიან“ - ნათქვამია წერილებში.

პარალელურად, რამდენიმე ქვეყანაში თავს დაესნენ სირიის საელჩოებს. 5 თებერვლის ღამეს, ავსტრალიაში, დაახლოებით 50 ადამიანი შეიჭრა შენობაში, დაამსხვრიეს ავეჯი, ფანჯრები, გაიტაცეს კომპიუტერები. თუმცა შენობაში მყოფი 2 ადამიანისთვის არაფერი დაუშავებიათ.  მანამდე, მას შემდეგ, რაც ქალაქ ჰომსში მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცეს, ანალოგიური თავდასხმები მოხდა სირიის საელჩოებზე დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ეგვიპტეში, აშშ-ში და ქუვეითში.

როგორც ცნობილია, 7 თებერვალს სირიაში ჩავლენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი.  ბაშარ ასადთან დაგეგმილი შეხვედრის მიზანი არ კონკრეტდება, თუმცა თავად რუსეთში გამოითქვა ვარაუდი, რომ
სერგეი ლავროვი და მიხეილ ფრადკოვი დამასკოში იმისთვის მიდიან, რომ დაარწმუნონ ბაშარ ასადი, გადადგეს.

„ეს ვიზიტი ერთგვარი ადგილზე დაზვერვა იქნება, სიტუაციის გარკვევის მცდელობა. შესაძლოა, შეეცადონ, დაარწმუნონ სირიის პრეზიდენტი, დათანხმდეს ვარიანტს, რომელსაც არაბულ სახელმწიფოთა ლიგა სთავაზობს, - გადასცეს უფლებამოსილება ვიცე-პრეზიდენტს“ - განაცხადა ექსპერტმა, ისტორიკოსმა და აღმოსავლეთმცოდნემ ვლადიმირ ახმედოვმა.

მისი აზრით ასეთი ვიზიტი აუცილებელია, ამით რუსეთი დასავლეთის თვალში იმის დემოსტრირებას მოახდენს, რომ ის უბრალოდ კი არ ეწინააღმდეგება რეზოლუციას, არამედ შეეცდება სიტუაცია პოლიტიკურ ველში დააბრუნოს. „იმის გათვალისწინებით, თუ რა კომენტარები კეთდება არაბულენოვან საიტებზე, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს ძალიან მყარი პოზიციები აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში და შეუძლია გადაჭრას სიტუაცია თავისი პირადი და საქმიანი თვისებების  გათვალისწინებით“ - განაცხადა ახმედოვმა.

კოლეგის აზრს ეთანხმება ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი:

„არ გამოვრიცხავ, რომ ლავროვი და ფრადკოვი ასადთან სწორედ იმაზე იმსჯელებენ, თუ სად უნდა გადაადგილდეს ასადის რეჟიმი და ვის უნდა გადააბაროს საქმეები.“