დიდი ქართველოლოგი მარი ბროსე (დაბადების დღისადმი)
14:56:05     04-02-2012
1802 წლის 5 თებერვალს, პარიზში დაიბადა ცნობილი ორიენტალისტი და ქართველოლოგი მარი ფელისიტე ბროსე (Marie-Félicité Brosset).
მომავალი ქართველოლოგი დაიბადა ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში. სწავლობდა ჯერ ორლეანში, შემდეგ სან-სულპისიენის სასულიერო სემინარიაში. ასევე ლექციებს ისმენდა კოლეჟ დე ფრანსში. უნდა გამხდარიყო სასულიერო პირი, მაგრამ გადაიფიქრა და ფილოლოგიის შესწავლის გზას დაადგა.
5 წელი შეისწავლიდა ჩინურ ენასა და ლიტერატურას. შემდეგ სენ-მარტენის რჩევით დაინტერესდა ქართული და სომხური ენებით. იმ დროს დაარსდა პარიზის სააზიო საზოგადოება. დიდი ინტერესით შეისწავლა პარიზში დაცული ქართული ხელნაწერები, 1827 წლიდან გამოაქვეყნა რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი. მისმა ნაშრომებმა მიიპყრო არა მარტო მეცნიერების, არამედ საფრანგეთის მეფის კარლოს X-ის ყურადღებაც, რომელმაც შესთავაზა მას სამეცნიერო მოღვაწეობისათვის გამომგზავრებულიყო საქართველოსა და სომხეთში, მაგრამ 1830 წლის რევოლუციამ ეს გეგმმა ჩაშალა.
მარი ბროსე ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მეთორმეტის ვაჟის, მწერლის, პოეტის, დრამატურგის, მეცნიერისა და საზოგადოე მოღვაწის, თეიმურაზ ბატონიშვილის მოწაფედ თვლიდა თავს, რომელმაც იცოდა სპარსული, თურქული, ფრანგული, რუსული და იტალიური ენები. თეიმურაზ ბატონიშვილმა იმოგზაურა საფრანგეთში. ქართველი მეფის ძე 1831 წლიდან იყო პარიზის სააზიო საზოგადოების ნამდვილი წევრი. მათ მიმიწერა ჰქონდათ და ბატონიშვილი ეხმარებოდა მას ქართველოლოგიის საქმის განვითარებაში. მარი ბროსეს ხომ დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს წინაშე. მისმა ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში.
მარი ბროსე 1837 წელს რუსეთში მიიწვიეს, კონკურსისი შედეგად 1838 წელს აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრად ქართულ-სომხური ფილოლოგიის განხრით. 1839-1841 წლებში აკადემიაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს და სომხეთის ისტორიის შესახებ.
მარი ბროსემ 1847-1848 წლებში იმოგზაურა საქართველოში, შეისწავლა ძველი ტაძრები, შეკრიბა უამრავი ეპიგრაფიკული, ნუმიზმატიკური, დოკუმენტური და სხვა მასალა და პეტერბურგში სამ წიგნად გამოაქვეყნა (1849-1851).
მარი ბროსე მეგობრობდა და თანამშრომლობდა ქართველ მეცნიერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. მან ფრანგულად თარგმნა და 1849-1858 წლებში შვიდ ტომად დაბეჭდა „ქართლის ცხოვრება", ვახუშტის ბატონიშვილის „ისტორიის“ გეოგრაფიის ნაწილი, სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანის და ომან ხერხეულიძის ისტორიული თხზულებები ვრცელი მეცნიერული კომენტარებითურთ (ამ გამოცემის IV ტომი დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის რედაქციით). მანვე გამოსცა საბუთები რუსულ-ქართული ურთიერთობის შესახებ. ბროსეს 200-ზე მეტ ნაშრომში თავმოყრილია დიდძალი კრიტიკულად შემოწმებული მასალა.
დიდია მარი ბროსეს წვლილი ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლის საქმეში. 1834 წელს პარიზში გამოიცა ბროსეს შრომა "L’art libareli ou grammaire georgienne (ჴელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თჳთმასწავლებელი)". შეისწავლიდა „ვეფხისტყაოსანს“, „რუსუდანიანს“, და შუასაუკუნეების სხვა ლიტერატურულ ძეგლებს და მივიდა დასკვნამდე ქართული „რაინდული რომანის“ თავისებურებათა შესახებ.
გარდა ამისა, მას აინტერესებდა არაქართული ძეგლები, სადაც საქართველოს შესახებ არის ცნობები. მან ფრანგულად თარგმნა და გამოაქვეყნა იმ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებები, რომლებსაც მოეპოვებათ ცნობები საქართველოს შესახებ.
მარი ბროსეს 270-მდე ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული რუსეთსა და საფრანგეთში, რომელთაგან ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სომხეთის ისტორიისა და კულტურის შესწავლის საქმეში.
დიდი მეცნიერის მარი ბროსეს სახელი უკვდავია საქართველოში, რომელიც ძალიან უყვარდა მას.