ინგუშები საქართველოს რუსების მიერ ინგუშთა გენოციდის აღიარებას სთხოვენ

  13:35:58     04-02-2012

ინგუში ხალხი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, რომ 1944 წელს ყაზახეთსა და ცენტრალურ აზიაში ინგუშების მასობრივი დეპორტაცია, გენოციდად იქნას აღიარებული.

ამასთან დაკავშირებით, ევროპაში მცხოვრებმა ინგუშებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სახელზე მიმართვა მოამზადეს, რომელსაც სპიკერს, უახლოეს მომავალში გადასცემენ.  

მიმართვის ავტორები, ქართულ მხარეს სთხოვენ, კეთილი ნების სახით, ევროპარლამენტში ინიცირება, 1944 წელს, ინგუში ხალხის დეპორტაციის გენოციდად აღიარებას გაუკეთოს.

ამას გარდა, მიმართვაში აღნიშნულია, რომ “1944 წლის 23 თებერვალს ინგუშები ჩეჩნებთან ერთად ძალდატანებით და მთლიანად იქნენ გასახლებული ყაზახეთსა და შუა აზიაში. ინგუშები, ფიზიკური განადგურებისათვის განაჩენგამოტანილნი პირადად სტალინის მიერ, სპეცგადასახლების 13 წლის განმავლობაში ეთნიკური რუქიდან უნდა წაშლილიყვნენ. 1944 წელს სტალინის სივდილის ეშელონებმა რამოდენიმე ეტაპად ტოტალურად ყველა ინგუში გამოიყვანეს –134 178 ადამიანი, ისე, რომ ერთი მათგანი არ დაუტოვებიათ. წვავდნენ და ესროდნენ სუსტებს, ავადმყოფებესა და მეამბოხეებს, რომლის დამადასტურებლიცაა 1944 წელს „ენკავედეს“ ჯარების მიერ ავადმყოფებისა და მოხუცების მასობრივი განადგურება. 68 წლის განმავლობაში ინგუშებმა გადაიტანეს გენოციდი, სამი დარბევა (1958, 1973 და 1981 წ.წ.), ეთნიკური წმენდა (1992) და რუსეთ-ჩეჩნეთის ომი 1994-1995, 1999 წ.წ.). ინგუშები იყვნენ და გარიყულებად რჩებიან პოსტსტალინურ რუსეთში. ფარული და პირდაპირი (ღია) რეპრესიები და სახელმწიფოებრივი ტერორი 1944 წელს ინგუშების მიმართ შეიძლება ჩავთვალოთ პერმანენტულად“.

ამასთან, ინგუშები საქართველოს პარლამენტს შეახსენებენ, რომ „1992 წლის შემოდგომით, რაიმე თხოვნისა და მიმართვის გარეშე, ინგუშეთთან მოსაზღვრე რაიონებში ქართველებმა რამდენიმე ასეული ინგუში დევნილი მიიღეს ქ.ვლადიკავკაზიდან და პრიგოროდნოეს რაიონიდან, გაათბეს და მოუარეს ისე, როგორც ეს მიღებულია ნამდვილ ძმებს შორის. ათეულობით დაჭრილ და ავადმყოფ დევნილ ინგუშებს საქართველოსთვისაც იმ არცთუ ისე სახარბიელო პერიოდში თბილისის ჰოსპიტლებსა და საავადმყოფოებში აღმოუჩინეს დახმარება. ინგუშებს ახსოვთ ამის შესახებ!“.

ინგუშების გენოციდის აღიარებას თუ რა პერსპექტივა აქვს, ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური პირების მხრიდან განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა და საკითხის გარკვევას პრესა.ჯი პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში შეეცადა.

როგორც კომიტეტში განგვიმარტეს, ინგუშების გენოციდის საქმის განხილვა, 7 თებერვალს საგაზაფხულო სესიის გახსნის  შემდეგ, დაიწყება.

მათი განცხადებით, შარშან, როცა ჩერქეზების გენოციდზე იყო საუბარი, მსგავსი მოთხოვნით პარლამენტს ჩეჩნებმა და ინგუშებმაც მიმართეს, რის გამოც, რამდენიმე მოსმენა ინგუშების საკითხსაც დაეთმო.

თუმცა, საკითხზე მსჯელობა რა შედეგით დასრულდება, პროგნოზის გაკეთება კომიტეტში უჭირთ და ამბობენ,რომ ვინაიდან, საკითხზე მოსმენები უკვე  გაიმართა, ინგუშთა საქმე წინ წაწეულია.

აღსანიშნავია, რომ ინგუშთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით, ექსპერტები,  გენოციდის ეროვნულ ტრაგედიად აღიარებას ემხრობიან.

მათი შეფასებით, საქართველო თუ ინგუშების დეპორტაციას აღიარებს, მაშინ იგივე საკითხს არა მარტო სომხები, არამედ 1940-იან წლებში სამცხე-ჯავახეთის გასახლებული მუსლიმანი მესხებიც დააყენებენ და ამ შემთხვევაში, ქართულ მხარეს, როგორც ირიბად მონაწილე ქვეყანას, მათთვის კომპესაციის გადახდა მოუწევს. ხოლო თუ ინგუშების გენოციდი არ იქნება აღიარებული, შესაძლოა, თავად ინგუშები განაწყენდნენ, მაგრამ  პარლამენტმა დეპორტაცია, როგორც ეროვნული ტრაგედია, ისე უნდა აღიაროს.

შეგახსენებთ, რომ ინგუშების გენოციდის აღიარების შესახებ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტმა, გასული წლის მაისში რუსეთის იმპერიის მიერ, ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია, 95 ხმით ერთხმად დაამტკიცა. საქართველოში ჩერქეზთა საკითხის განხილვა წელიწადნახევარზე მეტი მიმდინარეობდა და საქართველოს პარლამენტს აღნიშნული თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნებში არსებულმა ჩერქეზულმა დიასპორებმა მიმართეს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში, რეზოლუციის მიღებას წინ, ჩერქეზთა გენოციდის ფაქტებზე სამეცნიერო დასკვნა უძღვოდა.