
პოლიტიკოსობის ამბიციებიდან ხიდაშელის მარიონეტობამდე...
19:29:32     03-02-2012
ქართველი „ქუჩის ოპოზიციონერების“ მთელმა არმადამ სანატრელი ნავთსაყუდელი მილიარდერი ოლიგარქის სასახლეში იპოვა და თავიც მყარად დაიმკვიდრა. ალასანია, ხიდაშელი, ტრიპოლსკი თუ ბურჯანაძის „გუნდი“ და სხვები, სოლოლაკის სასახლეში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში, თუ პინგვინი ანტრაქტიდაზე...
დიდი ინტელექტით და პოლიტიკური ალღოთი ვერც ხიდაშელი დაიკვეხნის და ვერც ოდესღაც გრეჩიხას თვალ-წარბში კატასავით შემყურე ალასანია, მაგრამ წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკის სხვადასხვა სეგმენტებზე ტრიალმა, იმდენი ეშმაკობის გამომუშავების უნარი კი მისცათ, რომ ოლიგარქი და მისი გაპოლიტიკოსებული ოჯახობა ისე ატრიალონ საკუთარ ჭკუაზე, როგორც თავად სურთ...
საბჭოთა იმპერიის დაშლის უკანასკნელ ეტაპზე გამდიდრებული, რუსეთში მოღვაწე ქართველი „ბიზნესმენები“, ებრალიძით დაწყებული და ივანიშვილით თუ კოტე გოგელიათი დამთავრებული, წყლის ორი წვეთივით ჰგვანან ერთმანეთს: ბლომად ფული, საეჭვო დეტალებით გაძეძგილი ბიოგრაფია, ინტელექტი ნული და უკანასკნელ წლებში გაჩენილი უზარმაზარი პოლიტიკური ამბიციები. ამ კატეგორიას სხვა რესურსი, გარდა ფულისა, არც არაფერი გააჩნია. ამიტომ, პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების დაუოკებელი სურვილით შეპყრობის შემდეგ, საკუთარი ყულაბის უანგარიშოდ დანიავებას არ ერიდებიან.
ივანიშვილის ყველა გამოსვლა, პირველიდან უკანასკნელამდე, პირდაპირ ეთერში, ჩანაწერი, უსტარი, დღიური თუ სხვა, ნათლად ადასტურებს ერთს: ოლიგარქი პუბლიკის წინაშე წარსადგომად მთელი მონდომებით ემზადება, „პიარშიკების“ მეშვეობით ადგენს და ამუშავებს ყველა დეტალს, ყველა მისი ჟესტი და მიმიკა წინასწარაა დაგეგმილი და, შესაბამისად, სპონტანურობისგან შორსაა, თუმცა, ფაქტია, რომ ამ გამოსვლების უმრავლესობა ან ჩავარდა, ან ძალიან ხელოვნური გამოვიდა, ან გაწერილი გეგმიდან გადახვევის შემთხვევაში, ოლიგარქი დაიბნა, დაიძაბა და ათასი სისულელე ილაპარაკა...
მოკლედ, ფაქტია, ივანიშვილი პოლიტიკოსი არ არის, არ აქვს საკუთარი ხედვა არცერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხზე, ვერც ფიქრობს, თუ ფიქრობს, აშკარად არაფერი გამოსდის სახეირო და მისი პოლიტიკური ამბიციები მხოლოდ ფულს ემყარება - ეს იმდენად აშკარაა, რომ ალბათ ბრმა, ყრუ ან ფულის ბრწყინვალებით დაბრმავებული უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, ანდაც, უბრალოდ, მისგან დიდ გამორჩენას ელოდო.
სწორედ ეს უკანასკნელი კატეგორია შეიკრიბა მილიარდერის კარზე ხიდაშელ-უსაფაშვილის ოდიოზური წყვილის, ბურჯანაძის დამქაშების, ალასანიას, შალვა რამიშვილის და სხვათა სახით, რომელთა ივანიშვილისა და მისი ცოლისადმი მიმართული ქლესური ღიმილის მიღმა, „დიადი ზრახვები“ იმალება.
ოლიგარქის წინაშე მუდმივად გაბადრულ-გაკრეჭილმა ნაზირ-ვეზირთა კარმა, უკვე მშვენივრად მოახერხა, რომ პოლიტიკურად ბეცი ოლიგარქი საკუთარი თამაშის წესების ჩარჩოებში მოექცია და, ფაქტობრივად, მარიონეტად ჩამოეყალიბებინა. ამაზე ყველა ის ფაქტი და მოვლენა მეტყველებს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე, სოლოლაკის მთის ახლო რადიუსში განვითარდა. ამბიციური მილიარდერი კი ქუჩის პოლიტიკანების სათამაშო ტიკინად ისე გადაიქცა, რომ ეს თავადაც ვერ შეამჩნია...