
ებრალიძე ივანიშვილის დამხმარე „ოპოზიციურ ერთობას“ ქმნის...
16:15:33     03-02-2012
„რესპუბლიკელების“ ძალისხმევით და მონდომებით, ოლიგარქ ივანიშვილის კარზე კიდევ ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია დაიბლოკა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ინიციატივას, რომელიც საარჩევნო კოდექსის ცვლილებას და ინიციატივის ხელმოწერით დადასტურებას გულისხმობს, ივანიშვილის კოალიციამ უარი განუცხადა. მოტივი იდეური შეთანხმებლობაა.
თუმცა, არ არის გამორიცხული, მომავალში ამ პოლიტიკურ ორგანიზაციასა და ბიზნესმენ ივანიშვილს შორის თანამშრომლობა მაინც შედგეს, რომელიც შემდეგი სახით მოხდება:
პრესაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ალექსანდე ებრალიძე საქართველოში ახალ ოპოზიციურ ცენტრს შექმნის. ებრალიძის მიერ დაფინანსებულ კოალიციაში შევლენ: ნინო ბურჯანაძე - „ერთიანი საქართველო თავისუფალი დემოკრატები“, კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველო“ და ცალკეული პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის, ლევან გაჩეჩილაძე.
აღსანიშნავია, რომ შალამბერიძის და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იდეას საარჩევნო კოდექსის ახალ ფორმირებასთან დაკავშირებით, ნინო ბურჯანაძე უკვე დაეთანხმა. ალექსანდრე შალამბერიძე ჩვენთან საუბარში თავდაპირველად უარყოფდა ახალი ოპოზიციური ცენტრისა და ებრალიძის კავშირს.
„ებრალიძე არაფერ შუაშია. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მასთან, როგორც დიასპორის ხელმძღვანელთან რუსეთში. რაც შეეხება დაფინანსებას და მჭიდრო ურთიერთობას, ეს არ მოდის მისი მხრიდან. ჩვენი დაფინანსება არის ღია და ყველას შეუძლია გადაამოწმოს“.
მას შემდეგ, რაც შალამბერიძეს შევახსენეთ ებრალიძის განცხადება, რომ მისი სურვილია საქართველოში შექმნას რადიკალური ოპოზიციის ცენტრი და დაფინანსოს, შალამბერიძემ „ჩვენება შეცვალა“.
„ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ალექსანდრე ებრალიძის მხრიდან პარტიების დაფინანსებას. რა არის ამაში ცუდი?! იქნება კონსულტაციები და გადაწყდება რა ფორმით ვითანამშრომლებთ“.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ებრალიძე სიხარულით შეხვდა ქართულ პოლიტიკაში ბიზნესმენ ივანიშვილის გამოჩენას. მასთან ერთად, ხომერიკი, მელაძე და მისი მეგობრები ულოცავდნენ ოლიგარქ ივანიშვილს „სწორი გადაწყვეტილების“ მიღებას, რომელიც პოლიტიკაში წასვლას გულისხმობდა.
– თუკი ალექსანდრე ებრალიძე დააფინანსებს ახალ ოპოზიციურ ერთობას და ის ამავდროულად, ივანიშვილის აქტიური მხარდამჭერი იქნება, ლოგიკურად ჩნდება ეჭვი, რომ ებრალიძე ბიზნესმენ ივანიშვილის „დამხმარე“ ოპოზიციურ ერთობას ქმნის...
ალექსანდრე შალამბერიძემ ამ შეკითხვაზე მოულოდნელი პასუხი გაგვცა. „ერთობის საკითხი? ივანიშვილისა და ებრალიძის თანამშრომლობაზე მუშაობა მიმდინარეობს. ძალიან კარგი და სერიოზული სამუშაოა“.
თუმცა, როდის გამოჩნდება მორიგი ოლიგარქი ებრალიძე ქართულ პოლიტიკაში, ჯერ უცნობია. „მეოცნებეები“ და მათი მხარდამჭერები გვპირდებიან, რომ ეს გაზაფხულისთვის მოხდება.