სააკაშვილი-ობამას შეხვედრა და მოსკოვის შიშები

  14:45:23     03-02-2012

მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას შეხვედრის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრესკონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. მართალია, მოსკოვი არ არის დარწმუნებული იმაში, ნამდვილად გადაწყვიტა თუ არა ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოსათვის იარაღის მიწოდება, მაგრამ მაინც აცხადებს, რომ „არც აშშ-მ და არც სხვა ქვეყნებმა ეს არ უნდა გაკეთონ, რადგან შეიარაღებული საქართველო კავკასიის დესტაბილიზაციის ფაქტორია“.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სააკაშვილის რეჟიმისთვის შეიარაღების მიწოდებას. თუ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც იქნა მიღებული, ის კავკასიაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს“ - აღნიშნა ანტონოვმა.

რუსი სამხედრო ექსპერტი, ვლადისლავ შურიგინი კი დარწმუნებულია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საომრად ემზადება და ამიტომ იარაღდება, ამერიკელების დახმარება კი სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ „მოამზადონ საქართველო მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის, რომელიც მის ტერიტორიულ პრეტენზიებთან იქნება დაკავშირებული“.

„ის, რომ ეს შეიარაღება რუსეთის წინააღმედ არის, სრულიად ცხადია, რადგან საქართველოს ამ რეგიონში საომარი სხვასთან არავისთან აქვს და არც სხვა ქვეყნებთან აქვს ტერიტორიული პრეტენზიები“ - ამტკიცებს შურიგინი.

ექსპერტი იქვე დასძენს, რუსეთი არ ემზადება საქართველოს წინააღმდეგ საომრად და უბრალოდ, სამხედრო რეფორმას ატარებს.