სეპარატისტები გალელებს ენგურზე „საბაჟო პუნქტებს“ გაუხსნიან

  13:02:47     03-02-2012

სეპარატისტები სახელმწიფოებრიობანას თამაშს აგრძელებენ და გალის რაიონში „საბაჟო პუნქტების“ გახსნისთვის ემზადებიან. როგორც გაზეთი „ეხო კავკაზა“ იუწყება, აფხაზეთის „საბაჟო კომიტეტში“ ჩატარებულ გასული წლის შემაჯამებელ სხდომაზე, ერთ-ერთი ძირითადი თემა სწორედ „აფხაზეთის ტერიტორიაზე“ ქართული მხრიდან შესული ტვირთების საკითხი იყო.

კრემლის მონა-მორჩილი სოხუმისთვის ეს კონტრაბანდაა. თანაც, გალის რაიონი მთლიანად დამოკიდებულია ენგურსგაღმა ტერიტორიაზე. რაიონის ქართული მოსახლეობა, რომლის „დანარჩენ აფხაზეთთან ინტეგრირება“ ახლა სეპარატისტების ერთ-ერთი დიადი ამოცანაა, ელემენტარული საკვები პროდუქტების შესაძენადაც კი ზუგდიდში გადმოდის. სეპარატისტებს ისიც აღელვებთ, რომ გალელებს, არაერთი ბარიერის მიუხედავად, დღემდე არ გაუწყვეტიათ ენგურსგაღმა ახლობლებთან ურთიერთობა, ისინი უფრო მეტად ახლოს არიან ზუგდიდის რაიონთან, ვიდრე აფხაზეთის დანარჩენ ქალაქებთან თუ სოფლებთან.

ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ტელესტუდიის მიერ გალის რაიონში ამასწინათ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (კითხვა ასეთი იყო: რა სურთ გალელებს) გაირკვა, რომ რაიონის მოსახლეობას არ შეუძლია იმ ენაზე იმეტყველოს, რაზეც დანარჩენი აფხაზეთი მეტყველებს - არც რუსულად და მით უფრო, არც აფხაზურად (თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან, ზოგიერთმა იმიტომაც შეიკავა თავი, რომ იცის, „აქ ზედმეტები არ უნდა ილაპარაკო“).

ამიტომ, აფხაზმა სეპარატისტებმა ახლა ორი კურდღლის დაჭერა გადაწყვიტეს, - საკუთარი უტოპიური გათვლებით, ენგურზე საბაჟო პუნქტების ჩადგმით, ნულზე დასული ეკონომიკის მოძლიერებას გეგმავენ და თანაც, გალის ქართულ მოსახლეობას, თუ რა თქმა უნდა, მოახერხებენ, დანარჩენ აფხაზეთზე დამოკიდებულს გახდიან, რადგან საბაჟო პუნქტი მათ ცხოვრებას გააძვირებს.

„სიტუაცია გალის რაიონში ისევ რთული რჩება. გრძელდება საკვები და სამრეწველო საქონლის კონტრაბანდა საქართველოს ტერიტორიიდან, მიახლოებითი დათვლებით, გასულ წელს, საქართველოდან შემოტანილი საქონელი, რომელიც კონფისკაციას დაექვემდებარა,  ნახევარი მილიონი რუბლის ღირებულების იყო. საჭიროდ ვთვლით, გავაძლიეროთ კონტროლი საბაჟო განყოფილება „გალის“ თანამშრმლებისა და კონტრაბანდასთან ბრძოლის განყოფილებასთან ერთად - განაცხადა აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა, საიდ ტარკილმა. მისი თქმით, აქამდე გალის განყოფილების თანამშრომლები, ძირითადად, მესაზღვრის ფუნქციას  ასრულებდნენ, „მაგრამ პოლიტიკურმა რეალიებმა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლამ და საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე მიმდინარე პროცესებმა გვიკარნახეს, გავაძლიერონ პოსტები აფხაზეთის მხრიდან“ - განაცხადა მან.

„თუ ჩვენი ტერიტორიით გაივლის სატრანზიტო ნაკადები, ეს ტვირთები უნდა გავაფორმოთ, მოვემსახუროთ. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ყოველმხრივ მომგებიანი ქნება“ - გაჟღერა თავისი აუხდენელი ოცნებები საიდ ტარკილმა.