დაკავებულ სოფო ნიკოლაშვილს აღკვეთის ღონისძიება დღეს შეეფარდება

  11:40:02     03-02-2012

გურჯაანის რაიონში,  20 წლის ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ  სოფიო ნიკოლაშვილმა წინასწარი განზრახვით საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარა მამამისზე, დავით ნიკოლაშვილზე რეგისტრირებული „ტანფულიოს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და შურისძიების მოტივით გადაწყვიტა მოეკლა გიორგი გოჩას ძე სიბაშვილი. მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანის დროს, გიორგი სიბაშვილი შეეცადა ნიკოლაშვილისთვის იარაღის წართმევას, რა დროსაც იარაღიდან მოხდა გასროლა, თუმცა, გასროლის შედეგად, გიორგი სიბაშვილი არ დაშავებულა.

31 იანვრის ინცინდენტის შემდეგ კი, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სოფიო დავითის ასული ნიკოლაშვილი. გამოძიება საქართველოს სსკ–ის 19–108 და 236 მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, დაკავებულ ჟურნალისტს ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული, მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო ტარება. შსს–ს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გუშინ დაიკითხა ბრალდებულ ნიკოლაშვილის ადვოკატი გუგული ღვალაძეც.  ღვალაძის განცხადებით, დაკავებული ჟურნალისტი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სცნობს, ამბობს რომ მას არ ჰქონია განზრახვა სიბაშვილი მოეკლა. დაკავებულის ადვოკატის კომენტარს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის ჟურნალისტი დუმილის უფლებას იყენებს. შეგახსენებთ, რომ სოფიკო ნიკოლაშვილის აღკვეთის ღონისძიება დღეს შეეფარდება.

კახეთის საინფორმაციო ცენრმა გაავრცელა  ასევე დაკავებულის მამის, დავით ნიკოლაშვილის ვიდეოკომენტარი.  საზოგადოებრივი მოძროაბა „ქართული ოცნების“ აქტივისტი გურჯაანში აცხადებს, რომ მან დეტალურად არ იცის მისი შვილისა და 21 წლის სამართალდამცავის გიორგი სიბაშვილის ურთიერთობის შესახებ და ეს დეტალები მისთვის ახლა ხდება ცნობილი.  

გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც დაზარალებულის ახლობლებიც ადასტურებენ, ნიკოლაშვილს სიბაშვილის უყვარდა, ინცინდენტის მიზეზი კი, მათი პირადი ურთიერთობა გახდა.