ტიციანისა და გალაკტიონის ბავშვობიდან - როგორ დააფრთხო პატარა ტატიამ სოფელი
10:33:36     03-02-2012
დიდი ქართველი პოეტები, გალაკტიონი და ტიციანი ბიძაშვილები იყვნენ. მათი ბაბუა, მღვდელი სტეფანე ტაბიძე ასევე მღვდლის, ივანეს ვაჟი გახლდათ.
სტეფანეს ჰყავდა ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ვაჟებს ვასილი და იუსტინე ერქვათ, ქალებს ტერეზა და კალენიკე. გალაკტიონი ვასილის ვაჟი იყო, ტიტე (ტიციანი) კი იუსტინესი. გალაკტიონის მამა მღვდლად უნდა ეკურთხებინათ, მაგრამ, გაცივდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. იუსტინე, ტიციანის მამა მღვდელი გახდა.
ისინი ერთად იზრდებოდნენ. გალაკტიონი ორიოდე წლით უფროსი იყო ტიციანზე. დღეს გვინდა ჩვენს მკითხველს გავახსენოთ ერთი სახალისო ეპიზოდი მათი ბავშვობიდან, რომელიც გალაკტიონს აქვს მშვენივრად მოთხრობილი თავის დღიურში (იოსებ ლორთქიფანიძის წიგნიდან).
გალაკტიონის დღიურიდან:
„ორი წლით ვიყავი უფროსი ტიციანზე. ჩვენ ადგილს ერქვა ჯერ ეზო, მერე შარა, შემდეგ გადაღმა, მერე ფშანი, მერე იქითა გადაღმა, შემდეგ იწყებოდა ჩვენი ტყე, ხვილიფი და მეფის ჭალა. ყველა ამ ადგილებში დაგვყვებოდა ტატია და სრულებითა არა ესმოდა რა. ვეტყოდი თუ არა, ვგრძნობდი, რომ ვერ გაიგო, დიდი თვალები უფართოვდებოდა და დიდხანს მიყურებდა, რომ როგორმე გაეგო თუ რა ვუთხარი. აი, ჩვენ გაღმა ფშანია:
- ტატია, ტატია, ტატია ბიჭო, შევძახე, უეცრად ადგილიდან არ დაიძრა.
მე საშინლად ავღელდი, ბორბლის ახლოს ვიდექით, ამოძვრა მწვანე გველი, რომ დავინახე გავცივდი, ტატიას ხელი ჩავავლე, გველმა ფშანისკენ გასწია კლაკვნით...
- ტატია, ხედავ გველი, ჩუმად ვეუბნები მას, - შეხედე როგორ მისრიალებს.
- სად? სად? ვერ ვხედავ!
- როგორ ვერ ხედავ, აგერ გველი, ბიჭო, შეხედე!
ტატია გაჩუმებული იდგა, მე გაოცებული ვიყავი, თუ როგორ ვერ ხედავდა გველს ამოდენა უზარმაზარი თვალებით!
- სადაა, სად?! - მეკითხება ტატია და კიდევ უფართოვდება თვალები.
- პირდაპირ... ვერ ხედავ... ხედავ როგორ მიცოცავს?
- სად არის მგელი, სად? - ამბობს ტატია...
როცა გველი მიიმალა, ორივენი დავჩუმდით, უეცრად ტატია მოსწყდა ადგილიდან და შარაგზისკენ გაეშურა ყვირილით:
- მგელი, მგელი, მგელი!
დავედევნე და ვეუბნები:
- ბიჭო, რის მგელი, რა გაყვირებს, გველი იყო და არა მგელი!
ტატია მაინც გარბოდა და მთელი სოფელი დააყენა ფეხზე: ბავშვი, ქალი, კაცი, მოხუცი შეშინებული იმით, რომ სოფელს მგლების ხროვა შემოესია...
ბიჭო, სადაა მგელი; გაიძახოდა სოფელი და რიონის ჭალისაკენ გარბოდა ყვირილითა და ძახილით, რათა დაეფრთხო მგელი... ეს კორიანტელი სულ ტატიამ ატეხა“.
ახლა კი გავიხსენოთ ტიციან ტაბიძის ლექსი:
გალაკტიონ ტაბიძეს
ერთი ოცნების, ერთი გვარის ვართ ტყუპის ცალი,
ერთად ლპებიან ჩვენ მამების კუბოს ფიცარი.
ორპირის ფშანის ერთად ვწოვეთ ჩვენ უჟმურები
და ლექსებითაც ერთმანეთს არ დავემდურებით...
გაუყოფელი დაგვრჩა ეზო, სახლი და კარი,
რიონის ტალღად დაგვედევნა სიტყვა ანკარა.
ერთია ჩვენი სამუდამო ხაშმის ემბაზი,
ლექსი ქართული გაიმართა ორპირის ხაზით.
მესმის ყანებში გადაბმული გრძელი ნადური,
მოაქვს დილიჟანსს კრენდილები და „ნაკადული“.
მოიმღერიან შარაგზაზე ჩალანდარები
და შიშველ ფეხებს აქ ეკალიც არ ეკარება.
მე შემიყვარდა სამუდამოდ ჩვენი ორპირი,
შენ გაბრმავებდა ბავშვობიდან მარტო დაფნარი.
მღერის გომბეშო გაუმშრალი და ოქროპირი,
ჩვენი სიმღერაც ამ ორკესტრის ხმაა დამდნარი.
ეხლაც ზუიან ხვალიფებში მშიერი მგლები
და ამ ტალახში ჩაეფლობა იხტიოზავრი,
დაჟანგებულა იქ თოხები, ჩვენი ნამგლები
და მოხსნეს ალბათ სამრეკლოდან მწივანა ზარი.
და მოღუნული აცხობს საკურთხს აქ ორი დედა,
რომელსაც ცრემლი მარტო ერთი თუ დააკურთხებს,
კიდევ კარგია, თუ მოყვარემ ვინმემ გაბედა,
თუ კიდევ შერჩნენ მეზობლები დაწყევლილ კუთხეს...