ვარლამ რუხაძის „ამონაკვნესი“ (ნიკოლოზ ბარათაშვილისადმი)

  10:32:31     03-02-2012

პოეტი და მწერალი ვარლამ ალექსის ძე რუხაძე დაიბადა 1874 წელს.

ლექსებს ბეჭდავდა „კვალში“, „მოამბეში“, თანემედროვე აზრში“, სხვადასხვა კრებულებში და ქართული კალენდრების სალიტერატურო ნაწილებში.

გამოქვეყნებული აქვს თავისი ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული.

ის დაახლოებული იყო სხვა ქართველ მწერლებთან და პოეტებთან. არა ერთ ფოტოსურათზეა გამოსახული სხვა პოეტებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად. რამდენიმე სურათი აქვს გადაღებული აკაკი წერეთელთან. ერთ-ერთს დღეს ვთავაზობთ მკითხველს.

ერთი სხვა სურათის ისტორიისა და მასზე გამოსახული ადამიანების შესახებ, თავის დღიურში გალაკტიონი ვარლამ რუხაძეზე წერდა: „ყველას ერთნაირი საყელოები აქვთ. გარდა ორი კაცისა. ილია ბახტაძეს და ვარლამ რუხაძეს, რომელთაც გახამებული, მაღლა დაყენებული საყელოები აქვთ“.

ვარლამ რუხაძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სალიტერატურო ცხოვრებაში. სხვაგან გალაკტიონი წერს: „არასდროს არ დამავიწყდება სალიტერატურო საღამო, რომელშიდაც პირველად გამოვდიოდი... ამ დღეს სალიტერატურო საღამოში მონაწილეობას იღებდნენ: აკაკი, პეტრე გელეიშვილი, პ. ცახელი, იასონ ნიკოლაიშვილი, ვარლამ რუხაძე. იყვნენ სხვებიც“...

ვარლამ რუხაძეს თავის დღიურში არა ერთხელ იხსენიებს ტერენტი გრანელიც: „მივდივარ ხელოვანთა სასახლეში, თოვლი დნება, სახურავიდან ცივი წყლის წვეთი დამეცა თავზე. გზაში ფანჯიდაბ ვხედავ ვიღაც ქალი უკრავს როიალზე. მივედი. ვარლამ რუხაძე გართულია საქმეში, რაღაცას ანგარიშობს“.

ვარლამ რუხაძის ლექსი „ამონაკვნესი“, რომელსაც დღეს ვთავაზობთ მკითხველს,  1916 წელს დაიწერა. იმ წელს აღინიშნა ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 100 წლის თავი. ლექსში კარგად ჩანს, რომ ბარათაშვილის „მერანი“ ყოველთვის აღაფრთოვანებდა პოეტებს. მისი ლექსით შთაგონებულნი „ბედის“ საძიებლად „მერნით“ დაჰქროდნენ…

ვარლამ რუხაძე გარდაიცვალა 1945 წელს.

ამონაკვნესი

ნ. ბარათაშვილის ხსოვნას

მეც ვყოფილვარ მთაწმინდაზე
საღამოს ჟამს, ბინდში,
და მინახავს შავი ლანდი
მარტოდ მოარული,
შენი ჩანგის მკვნესარ ხმაზე
მეც წავსულვარ ფიქრში
და ამშლია მძიმე დარდი,
დამღადრია გული.
მეც მინახავს, ვით აჩრდილი,
მოწყენილი არე,
თავს რომ ნისლი ეხვეოდა,
გლოვის ზეწრად შლილი,
ვერცხლის თმებად გადმოყრილი
დაჰყურებდა მთვარე,
ბუჩქიც კი არ ირხეოდა,
იდგა თავდახრილი.
და უგრძვნია ობოლ სულსა
მარტოობა მწარე,
ფრთამალ „მერნით“ გავფრენილვარ
საძიებლად „ბედის“,
მაგრამ სატრფოს შეჯაჭვულსა,
ცრემლი რომ სდის ცხარე,
ვერ ვწდომივარ და სიმღერა
მითქვამს დაჭრილ გედის!

1916 წელი

(კრებული „მერანი“ 1916 წ.)