,,ივანიშვილმა ძველი თბილისის ,,თავზე დაჯდომა’’, გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დაიწყო’’

  17:52:15     02-02-2012

ივანიშვილის სასახლე ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოექცა. ძირითადად, მას ტერიტორიების მიტაცებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, მისი სახლის მშენებლობას სხვა უფრო მასშტაბური ზარალიც მოუტანია დედაქალაქისთვის. როგორც საქართველოს მთავარი საქმშენინსპექციის ყოფილი უფროსი - ნესტან თათარაშვილი აცხადებს, ივანიშვილმა სოღანლუღ-შავნაბადა-ტაბახმელას ქედთან ერთად, თბილისთან დამაკავშირებელი კოჯრის გზის ოკუპაცია მოახდინა.

სოლოლაკში, სასახლის მშენებლობა დიდხანს იყო ბურუსით მოცული. საზოგადოებისთვის უცნობი იყო ვინ და რას აშენებდება ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობას გავლასაც კი უკრძალავდნენ, ვინაიდან ივანიშვილი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და საკუთარი კომპანიის, ,,ინტერსერვისის’’ სახელს იყო ამოფარებული. აღნიშნულმა კომპანიამ 90-იან წლებში ადვილად მოახერხა კორუფციული გზებით ხელში ჩაეგდო ტერიტორია და იქიდან მიწის მფლობელები გაეძევებინა.

ცოტა ხნის წინ, არქიტექტორ-რესტავრატორმა ნესტან თათარაშვილმა, ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა: ,,ბოლო ხანს თქვენ გარშემო მოფუთფუთე ჟურნალისტები  ყველა თემას ედებიან  ერთის გარდა - მშენებლობა იქნება ეს, თუ რესტავრაცია.  შესაბამისად, თქვენც უკვე საჯაროდ დაიწყეთ საკუთარი სახლისა და თქვენი ფულით აღდგენილი ძეგლების ქება-დიდება.

დროა, ჩვენმა ჟურნალისტებმაც მიაქციონ სათანადო ყურადღება 1996 წლიდან თბილისში მშენებარე  თქვენს „ჯიღას’’ და აღარ წერონ მსგავსი ფრაზები: ,,თუმცა ჯერ საბოლოო დიაგნოზის დასმა, ალბათ, მაინც ძალიან ადრეა - ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს....’’, რასაც კომენტარებში ასე ვუპასუხე:  „ძალიან ადრეა? რატომ? სოლოლაკის ქედის ,,ოკუპაცია’’ მისი ,,სასახლით’’ და სხვა ,,დამხმარე ნაგებობებით’’, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დიდი ნაწილის და მისი ძველი შენობების მითვისება,   კოჯრის გზის მონაკვეთის გვირაბში მოქცევა, სათანადო სისტემისა და სტრუქტურების შექმნის გარეშე, უკონტროლო დაფინანსების პირობებში უვარგისად შერემონტებული უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლები - ეს რა, არ არის დიაგნოზი? ძეგლთა დაცვაში ივანიშვილის მილიონების ხარჯვა, უმეტესწილად, სავალალო შედეგით მთავრდება და ამის მიუხედავად, თითქმის ათი წელია ამის მოგვარება ვერ მოახერხა და პოზიტიური პოლიტიკური ცვლილებების განმახორციელებელი როგორ გახდება ჩვენი დედაქალაქის დამამახინჯებელი კაცი? ივანიშვილმა გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დაიწყო ძველი თბილისის ,,თავზე დაჯდომა’’, ეს რა, არაფრის მთქმელია თქვენთვის? არქიტექტურა ერთი კაცის კი არა, ერების და ზოგადად, კაცობრიობის დიაგნოზია, ამიტომ მართლა მიკვირს ჩვენი საზოგადოების ასეთი სიბრმავე, როცა ამდენ ,,დიაგნოზს’’ ვერც ხედავენ და ვერც აფასებენ.

ია  ანთაძესთან  ინტერვიუში  ბრძანებთ, რომ  ,,ჩემს შვილებსაც იმას ვასწავლი, რომ, სულ ცოტა, შენი მეზობელი არ უნდა შეაწუხო შენი ყოფით’’ - ამის პასუხად კვლავ ჩემს კომენტარს გავიმეორებ: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ამაზეა ნათქვამი. ჩვენი დედაქალაქი, ძველი თბილისი, მისი მაცხოვრებლები თუ ჩამოსული სტუმრები არ ,,წუხდებიან’’ მისი „ბიზნეს-ცენტრით“ და გვირაბით? თუ ეს ისეთი „წვრილმანია“ ამ ჟურნალისტისთვის, რომ ამაზე შეკითხვის დასმაც არ ღირს?  თვალის არიდებას აჯობებს დროულად დაიწყოთ ამ თემაზე საუბარი და ურჩიოთ, რომ ივანიშვილმა თავისი ციხე-სიმაგრე და გვირაბი დაანგრიოს და შეძლებისდაგვარად სრულად აღადგინოს არსებული ლანდშაფტი, ბოტანიკურ ბაღს დაუბრუნოს ძველი შენობები და ტერიტორია და მხოლოდ ამის შემდეგ ილაპარაკოს თავის უკვე გაკეთებულ, თუ დაგეგმილ საქვეყნო საქმეებზე. საზოგადოებას კი მეტი ყურადღება მართებს ისეთ  ცხად და ყველასთვის თვალსაჩინო საგანზე, როგორიც  არქიტექტურაა, რადგან ის რეალობის მართალ ასახვასთან ერთად, მომავლის მაჩვენებელი და ზოგადად, საუკეთესო წინასწარმეტყველებაა“.

რაც შეეხება თქვენი შენობის არქიტექტორს, მისი ცნობილი სახელი ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს. ეს პროექტი მისი შემოქმედებისთვის ნამდვილად სამარცხვინოა და ალბათ, უპრიანი იქნება, როგორც მისი, ასევე, სხვა უცხოელი არქიტექტორების მიერ თბილისისა და სხვა ქალაქების შეურაცხმყოფელი შენობების პროფესიონალური კრიტიკა ჩვენი ჟურნალისტების და მკვლევარების ინტერესის საგანიც გახდეს.

„ნეტგაზეთში“  გამოქვეყნებულ სატელევიზიო ინტერვიუში ჟურნალისტ ჟიჟილაშვილთან თქვენ ,,ბიზნეს-ცენტრზე’’ საუბრობთ (დრო 23:45) და ამბობთ, რომ მან ,,პირველი ადგილი აიღო  ლამაზი არქიტექტურის’’. გთხოვთ, მიგვითითეთ წყარო, თუ სად და როდის, ან ვის მიერ  მოხდა ამ შენობისთვის პირველი ადგილის მინიჭება.’’

როგორც ღია წერილის ავტორი - ნესტან თათარაშვილი აცხადებს, რომელიც საქართველოს მთავარი საქმშენინსპექციის ყოფილი უფროსი გახლავთ, მას საქართველოს სამშენებლო სექტორის კონტროლი ევალებოდა და ცოტაძე-ტიფანის ,,ამერიკულ სოფელთან“ ერთად, ივანიშვილის სასახლის დოკუმენტაციაც შეამოწმა, რომელსაც სამართლებრივი მსვლელობა მისცა, რის შემდეგაც თათარაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ივანიშვილმა კი მშენებლობა დაუბრკოლებლად განაგრძო. ივანიშვილის სახლის პროექტმა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს  ურბანული ქვეკომისიის ყველა წევრისგან უარყოფითი შეფასება მიიღო (სამინისტროს  ურბანული ქვეკომისიის სხდომის ოქმი N315.10.2004წ.). მაგრამ, ამის მიუხედავად, ივანიშვილმა, კომისიის დასკვნის იგნორირებით, მაინც მიიღო ბოტანიკური ბაღის კაშხალთან ხელოვნური ტბის მოწყობისა და სოლოლაკის ხეივნის დასაწყისში საცხოვრებელი კომპლექსის პროექტზე თანხმობა.

,,თქვენ „დაიკანონეთ“ და ფორმალურად სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციეთ ჯერ კიდევ 1996 წლის 14 მაისს „საქართველოს ბუნების დაცვის საზოგადოებისთვის“ თბილისის მერიის განკარგულებით (08.70.554)  მიღებულ ფართობზე თქვენი უკანონო მშენებლობა, რომელიც დღეს ე.წ. უკანონო „კანონიერი“ მშენებლობების გამორჩეული ნიმუშია. სწორედ თქვენი სახლის და სხვა, ასეთივე შეუსაბამო შენობების გამო, ვერ მოხვდა ძველი თბილისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამორჩეული ღირებულება UNESCO-ს აღიარებულმა ექსპერტებმა ამომწურავად დაასაბუთეს 2000 წელს. საუბედუროდ, თქვენი სახლი დღემდე მხოლოდ უცხოელი სპეციალისტებისა და ტურისტების (რომლებიც თქვენი გვირაბის გავლით ხვდებიან ნარიყალასკენ მიმავალ გზაზე) აღშფოთების საგანი ხდება და არა ჩემი თანამემამულეების - მედიისა თუ კოლეგებისა.

ჟიჟილაშვილთან ინტერვიუს დასასრულს, თქვენს ნათქვამთან დაკავშირებით  - რომ „უფრო ძვირფასი პროექტებია ის ძველი ძეგლები..“  - მინდა გკითხოთ: ნუთუ, არ იცით რა ხდება თქვენი უკონტროლო დაფინანსების პირობებში ძეგლთა დაცვის სფეროში? ნუთუ, შესაძლებელია რამე სერიოზული საქმის წარმოება შესაბამისი, პროფესიულად გამართული სისტემისა და  მაკონტროლებელი ორგანოების გარეშე? და თუ ასე გეძვირფასებათ ეს დარგი, მაშინ რატომ ვერ უზრუნველყოფთ მის პროფესიულ გამართვას? თუ თქვენთვის მხოლოდ  რაოდენობაა მთავარი და არა – ხარისხი? მარჯანიშვილის თეატრი ასეთი არაპროფესიონალური მიდგომის და უკონტროლობის საუკეთესო მაგალითია , დრო მოვა და ალბათ, სხვა ძეგლების პროფესიული რევიზიაც ჩატარდება, მაგრამ ცხადია, დაკარგულს ვერაფერი დაგვიბრუნებს...

ფუჭი არქიტექტორის საშიში ამბიცია დიდი ხანია გაქვთ, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ. ნათქვამია, მოყვარეს პირში უძრახეო,  მაგრამ დავამატებდი  - დროულად, დროულად უნდა ძრახვა, თორემ მერე გვიან იქნება.’’ - ნათქვამია ნესტან თათარაშვილის ღია წერილში.