
სამართალდამცავის მკვლელობის მცდელობისთვის, ჟურნალისტს ბრალს დღეს წაუყენებენ
14:21:34     02-02-2012
ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს, რომელიც 21 წლის სამართალდამცავი, გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს, ბრალს დღეს წაუყენებენ. კახეთის საოლქო პროკურატურაში ამ დროისთვის ნიკოლაშვილის ადვოკატის, გუგული ღვალაძისა და ბრალდებული ჟურნალისტის დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს.
დაზარალებული სამართალდამცავი, კახეთის ვიცე–გუბერნატორის, გიორგი სიბაშვილის ძმისშვილია. პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გიორგი სიბაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დანაშაულის ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია. სიბაშვილის ინფორმაციით, მის ძმისშვილსა და ჟურნალისტს შორის პირადი ურთიერთობები იყო და დანაშაულის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
ვიცე–გუბერნატორის თქმით, ამ დროისთვის დაზარალებული სიბაშვილი დაკითხულია და ის ახლა სამსახურში იმყოფება.
ჩვენთვის ცნობილია, რომ 20 წლის ჟურნალისტის სოფო ნიკოლაშვილის დანაშაულებრივი ქმედება პირად ურთიერთობებს უკავშირდება. მას გიორგი სიბაშვილი უყვარდა და დანაშაულის მიზეზიც ეს გახდა.
დაზარალებული გიორგი სიბაშვილი სამართალდამცავებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ სოფო ნიკოლაშვილი გასული წლის გაზაფხულზე გაიცნო, მეგობრობდნენ და არავითარი კონფლიქტი არ ჰქონიათ. სიბაშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტი მას 31 იანვარს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, შეხვედრის დროს კი მისი მოკვლა სცადა. სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის, მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა, რის შემდეგაც სოფო ნიკოლაშვილი პოლიციაში თვითონ მიიყვანა და სამართალდამცავებს გადასცა.
21 წლის პოლიციის თანამშრომლის მამა, გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა. ბრალდებული სოფო ნიკოლაშვილი კი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ გურჯაანის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით ნიკოლაშვილის შვილი.
შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სოფო ნიკოლაშვილი ბრალდებულია საქართველოს სსკ–ის მე–19, 108–ე და 236–ე მუხლებით (მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება) და ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, ნიკოლაშვილს 7–დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.