სპარსეთის ყურეში სამხედრო ძალების გადაჯგუფებები მიმდინარეობს
13:41:37     02-02-2012
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, სპარსეთის ყურეში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყეს. ამ ფაქტმა ექსპერტების იმ ნაწილს, რომელიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ახლო მომავალში დაწყების ვერსიას იზიარებს, კიდევ ერთი მიზეზი მისცა, საკუთარი შეხედულებების გასამყარებლად.
როგორც დასავლური მედია შესაბამის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სამხედრო ძალებმა განლაგება ომანის ნახევარკუნძულ მასირზე დაიწყეს, რომელიც ორმუზის სრუტის სამხრეთით მდებარეობს. აქ განთავსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა. 10 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი კი, ამ დროისათვის, ისრაელში იმყოფება, ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად.
ამერიკული სამხედრო ნაწილების გაძლიერება ხდება ქუვეითშიც, სადაც ამერიკელ სამხედროთა საერთო რაოდენობა 15 ათას ჯარისკაცს აღწევს. სპარსეთის ყურეში მყოფ სადენატო ხომალდებზე კი, საზღვაო ძალების ქვეითთა ბატალიონია განლაგებული, დაახლოოებით ორი ათასი კაცის შემადგენლობით. გამოცემა „The Huffington Post“ - ის მონაცემებით, ბრიტანულ კუნძულ დიეგო-გარსიაზე, რომელიც ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს, უკვე გადაიტანეს შეიარაღება, მათ შორის ისეთი ბომბები, რომელთაც მიწისქვეშა ბუნკერების განადგურება შეუძლია.
ამას გარდა, სპარსეთის ყურეში, ორი ამერიკული ავიამზიდი მორიგეობს. მარტში მათ კიდევ ერთი დაემატებათ. ამ დღეებშივე ცნობილი გახდა, რომ წითელ ზღვაში ორი ამერიკული ატომური სუბმარინი Annapolis და საესკადრო მინიავიამზიდი Momsen შევიდნენ, რომელნიც მალე კურსს სპარსეთის ყურისაკენ აიღებენ.
ებრაული მედიის მონაცემებით, მზადყოფნაში მოჰყავთ საკუთარი სამხედრო ძალები სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები სამხედრო-საჰაერო ძალებს და სპეცრაზმებს ამზადებენ. ასევე, ცნობილი ხდება, რომ სპარსეთის ყურეში საკუთარი ატომური ავიმზიდი Charles de Gaulle ომის მოწინააღმდეგე საფრანგეთმაც გაუშვა...