პოეტური სამეულის - “ტრიოლეტის” პოეზიის საღამო
12:51:42     02-02-2012
შაბათს, 4 თებერვალს, 14 საათზე კინოს სახლში, მეორე სართულზე, ტელევიზია „ობიექტივის“ დარბაზში
გაიმართება -
პოეტური სამეულის -„ტრიოლეტის“ პოეზიის საღამო.
ლექსებს წაიკითხავენ „ტრიოლეტის“ წევრები:
გიორგი არჩემაშვილი,
ლევან ცალუღელაშვილი,
მიხეილ თუმანიშვილი.
საღამოს წარუძღვება პოეტი ერეკლე საღლიანი.
პოეზიის საღამოში მონაწილეობას მიიღებენ აგრეთვე სხვა პოეტები და მწერლები.
დასწრება უფასოა.
კინოს სახლი მდებარეობს რუსთაველის მეტროს მოპირდაპირე მხარეს.
პოეტური სამეული „ტრიოლეტი“ შეიქმნა 1999 წლის 14 სექტემბერს შეიქმნა. მათ გამოცემული აქვთ კრებული.
უფრო დაწვრილებით „ტრიოლეტის“ თითოეულ წევრზე სხვა დროს კიდევ ვისაუბრებთ, პერსონალურად. ახლა კი წარმოგიდგენთ „ტრიოლეტის“ პოეტური სამეულის წევრთა თითო ლექსს (მკითხველი დამეთანხმება, შაბათს, კინოს სახლში, პოეზიის მოყვარულებს მშვენიერი საღამო ელით).
გიორგი არჩემაშვილი -
დაიბადა 1979 წლის 8 თებერვალს, თიანეთის რაიონში. 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. წლების განმავლობაში ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 2003 წელს გახდა პრესის ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „ეთარგი“. მისი ლექსები, აგრეთვე, იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში.
* * *
თეთრ ტაძარს, როგორც უკვდავ სულს ვუმზერ,
ეთარგის სულმა კრძალვით რომ მიქო...
ვერ დააჩოქებთ ჩემეულ მუზებს!
ვერ დაიმონებთ ჩემეულ სტრიქონს!
სხვა გაქანებით ვსუნთქავ ქაოსებს,
გრიგალთა ჟინმა გადამაგვარა!
მე ვარ პოეტი და არ მაოცებს,
რომ ვიდევნები მიწისგან მარად!..
დაუნდობელი ბრძოლის პირობით
დედამიწაზე ვარ დარჩენილი,
მომაქვს იმედი სულის ჭრილობით
ბრბოების ღელვას გადარჩენილი!..
ალბათ, ეს ბრძოლა სიცოცხლედ ღირდა,
რადგან არ ვიცი მომავლის ბოლო,
თუმცა დაცემა ჩემი გახშირდა,
მაგრამ დროებით, დროებით მხოლოდ...
ლევან ცალუღელაშვილი -
დაიბადა 1980 წლის 3 სექტემბერს, დაბა თიანეთში. 2002 წელს დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1998 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად სხვადასხვა გაზეთებში, აგრეთვე რადიო მაუწყებლობაში. არის ავტორი ლექსების კრებულისა „ნაბიჯი გრიგალთა გზაზე“.
სადღაც
ახლა ვუმზერ თვალუწვდენელ ტრამალს,
კაბანამულ ყვავილების ფურცლებს,
გადახსნილი იარები დამაქვს...
ო, რაოდენ მწუხარებას ვუძლებ!
სული მითრთის და მჭირდება შველა,
მესიზმრება, თითქოს ზღაპარს ვყვები...
როგორ უცებ მიმატოვა ყველამ,
როგორ უცებ გაიყარა გზები.
ირგვლივ ქარი სიშორეზე ნატრობს,
ქარს ფოთლებით გაუვსია კალთა,
სადღაც მივალ უსუშველოდ მარტო,
გული მტკივა და იმედებს ვკარგავ.
გლოვა, ცრემლით დაიღალა მრევლი,
საცეკვაოდ ცა კელაპტრებს იწვევს,
ლუციფერის შავი ჩრდილი მდევნის
და დაღლილ სულს აკვანივით მირწევს.
შორს საყდარი, ზარების ხმა წყდება,
მოძღვარს ღვთისკენ გუწვდია ხელი,
სულში ისევ სიმარტოვე ჩნდება,
ხვალე ისევ სიმარტოვე მელის.
ტრაგედიებს ვერ დამალავს ფარდა,
კულისებში სადაც იცვლი ნიღბებს,
ყველაფერი სიმარტოვის გარდა,
ყველაფერი დავიწყებას მისდევს.
ახლა ვუმზერ თვალუწვდენელ ტრამალს,
კაბანამულ გვირილების ფურცლებს,
გადახსნილი იარები დამაქვს,
ო, რაოდენ მწუხარებას ვუძლებ...
მიხეილ თუმანიშვილი -
დაიბადა 1979 წლის 14 სექტემბერს, ხაშურის რაიონში. 2001 წელს დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტი. მისი შემოქმედება იბეჭდებოდა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. არის ლიტერატურული გაზეთის, „მესამე ათასწლეულის“ დამფუძნებელი.
ახლა კი საით, სულო ფრთოსანო!
გზას მისდევ, ეს გზა არსაით მიდის
და დასასრული ანგრევს ნაპირებს,
შეჩერდი!.. და შენც იქნები მშვიდი,
დრო მარადიულ ფერფლად დაფინე!
დადგა მარადი ფერისცვალება,
ფერი ეცვალა ფიქრის მოლოდინს,
ჩამოეწვიმა სევდაც ფოთლებად
სულს, შთაგონების თეთრი ბოლოთი.
ახლა კი საით, სულო ფრთოსანო,
საით მიიკვლევ წაშლილ ბილიკ_ზოლს,
უნდა სიკვდილის ქარს ესოსანო
და სიკვდილივით გადამივიწყო.
შეჩერდი!.. და შენც იქნები მშვიდი,
დრო მარადიულ ფერფლად დაფინე,
გზას მისდევ, ეს გზა არსაით მიდის
და დასასრული ანგრევს ნაპირებს!..