
მასხადოვის თანამებრძოლი, საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
11:04:28     02-02-2012
ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის თანამებრძოლი, ემელხან სადაევი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ის ტელეკომპანია „ПИК“-ს, შვედეთის სადეპორტაციო ციხის პაემნების ოთახიდან, Skype-ით დაუკავშირდა და თავისი მოთხოვნა გააჟღერა. როგორც ის მიმართვაში ამბობს, იმედი აქვს, რომ საქართველო დაეხმარება, რათა არ მოხდეს მისი დეპორტაცია რუსეთში, სადაც „დამცირება და წამება“ ემუქრება.
ემელხან სადაევი, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის თანამებრძოლი იყო. რამდენადაც მასხადოვი მოსკოვის მიერ ტერორისტად იყო გამოცხადებული, მისი გარემოცვის წევრებიც რუსეთში დამნაშავეებად არიან ცნობილები.
რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, სადაევი ბრალდებულია იარაღის, მისი ძირითადი ნაწილების, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების უკანონოდ შეძენის, გადაცემის, შენახვის, გადაზიდვის ან ტარების მუხლით; ასევე, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა ან მასში მონაწილეობის მუხლით; ბრალი ედება ბანდიტიზმსა და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა სიცოცხლის ხელყოფაში.
სადაევი ჩეჩნეთიდან 2004 წელს წავიდა და აზერბაიჯანში გადავიდა. ამ დროისათვის, ის უკვე იძებნებოდა რუსეთის სამართალდამცველების მიერ. ამიტომაც, გადაწყვიტა, აზერბაიჯანში სხვა სახელითა და გვარით ეცხოვრა და დოკუმენტები რუსლან ატკაევის სახელზე აიღო.
აზერბაიჯანში, ოჯახთან ერთად, ის 2007 წლამდე ცხოვრობდა, გაეროს ადგილობრივი წარმომადგენლობისგან ლტოლვილის სტატუსიც მიიღო.
თუმცა, გაზეთ „ექო“-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ეწერა, რომ რუსეთის პროკურატურამ მისი ადგილსამყოფელი იცოდა და აზერბაიჯანს სადაევის დაპატიმრებას სთხოვდა, ის მართლაც დააკავეს ძმასთან ერთად, რომელსაც სახელი და გვარი არ შეუცვლია. საბედნიეროდ, საბოლოოდ მოხდა ისე, რომ სადაევი, რომელმაც რუსლან ატკაევის პასპორტი წარადგინა, გაათავისუფლეს, ცოტა ხანში გაუშვეს მისი ძმაც.
ამის შემდეგ, სადაევი თურქეთში გადადის, იქიდან კი შვედეთში, სადაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა და შესაბამისად, თავისი ისტორია მოყვა. მაგრამ შვედებმა არ დაუჯერეს, როგორც თავად ამბობს, „უარი მოტივირებული იყო იმით, რომ საკმარისად არ ჩათვალეს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მე ემელხან სადაევი ვარ“. შვედეთში, ამ საქმის სასამართლო გარჩევას 2 წელი მოანდომეს, მიმდინარე წლის 24 იანვარს კი, სადაევი საემიგრაციო პოლიციამ დააკავა და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ის რუსეთს გადასცენ.
„მოგმართავთ თქვენ და თქვენი სახით მთელს ქართველ ხალხს, მაქვს რა იმედი, რომ არ დაუშვებთ ჩემს დეპორტაციას რუსეთის ფედერაციაში… ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ მიმართოთ შვდეთის მთავრობას და მიიღოთ ყველა შესაძლო ზომები ჩემს გადასარჩენად. მე დიდი სიამოვნებით ვარ თანახმა, თქვენს ქვეყანაში ვიყო დეპორტირებული. თუკი შვედეთის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ჩემი ქვეყნიდან გაძევება, დაე, ეს იყოს საქართველოში, კანონის უზენაესობისა და მორალის ქვეყანაში. მე გთხოვთ, პატივცემულო მიხეილ, გააკეთეთ ყველაფერი ჩემი გადარჩენისათვის“ - მიმართავს სადაევი საქართველოს პრეზიდენტს.
ის ამბობს, რომ შვედებმა უკვე გადასცეს უწყება იმის შესახებ, რომ 2012 წლის 2 თებერვალს ის რუსეთში იქნება დეპორტირებული. სადაევის თქმით, შვედეთის მთავრობა უხეშად არღვევს მის უფლებებს, მასთან არ უშვებენ ადვოკატს და ეუბნებიან, რომ მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია და მას ყველა შემთხვევაში, რუსეთს გადასცემენ.
ჩეჩენი უფლებადამცველები ამბობენ, რომ უმჯობესია, შვედებმა თავად დახვრიტონ ეს ადამიანი, ვიდრე რუსეთს გადასცენ.