პუტინს გასაქცევი ლუჟკოვმა შეურჩია

  22:33:30     01-02-2012

პუტინი Marbella-ს „ბუნკერში“ გაქცევას აპირებს - წერს ესპანელი კორესპონდენტი ამპარო დე ლა გამა, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრისთვის ეს მდიდრული, მაგრამ წყნარი ადგილი, მომავალში, შესანიშნავი თავშესაფარი იქნება…

ესპანეთის ქალაქი Marbella თავისი მდიდრული ვილებითა და დიდებული ცხოვრების წესით თვით კრიზისის დროსაც კი, როგორც მაგნიტი, ისე იზიდავს მსხვილი ქონების პატრონებს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირიდან, - წერს ესპანური გაზეთიVanitatis.

უკანასკნელი, ვინც ვერ გაუძლო ამ ქალაქის ცდუნებას, ვლადიმერ პუტინია. როგორც ცნობილი გახდა, ფეშენებელურ საცხობრებელ კომპლექს La Zagaleta-ში საკუთრების შესაძენად ის მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს არის სოფელ Benahavís-ში, რომელიც კურორტ Estepona-ს, Ronda-სა და Marbella-სთან ახლოს, Costa del Sol-ის სანაპიროდან 7 კილომეტრში მდებარეობს.

ამ დროისათვის,  La Zagaleta-ში 20-ზე მეტი ვილა იყიდება. სახლები, ძირითადად, ერთ და ორსართულიანია, მეტრაჟი 400-დან 2000 კვადრატულ მეტრამდე. როგორც ჩანს, მდიდარი რუსებისათვის ეს უკვე კარგად ცნობილი და მოთხოვნადი ადგილია, რადგან კომპლექსის ვებგვერდი რუსულ ენაზეც შეუქმნიათ.

La Zagaleta-ში  მდიდრები და ყოვლისშემძლეები ცხოვრობენ, ეს განსაკუთრებული რასაა, რომელსაც არ სურს იყოს შესამჩნევი, ცხოვრობენ ინკოგნიტოდ - წერს ესპანელი ჟურნალისტი. ის ვარაუდობს, რომ პუტინს, სურს გახდეს „უგვირგვინო მონარქი“, რუსეთში ხომ მისი მმართველობა ახლა ეჭვსქვეშაა.

ამპარო დე ლა გამა წერს, რომ პუტინმა Marbella-ში დაფუძნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისმა კოლეგამ, მოსკოვის ექს-მერმა იური ლუჟკოვმა ამ ადგილობრივ საოცრებებზე მოუთხრო. La Zagaleta-ს საცხოვრებელ კომპლექსში თავად ლუჟკოვს საკუთრება უკვე ჰქონია, სადაც მისი ცოლი მაროკოს მსგავსი სანაპიროს აშენებასაც კი აპირებს. მოსკოვის ყოფილი მერი რგავს ხეებს, უვლის ფუტკარს, რომელიც ფანტასტიურ თაფლს იძლევა…

“ვლადიმერ პუტინისათვის ეს შესანიშნავი თავშესაფარი იქნება. რუსეთის პრემიერი თავს იქებს, რომ არ ეწევა, არ სვამს, არის ჩემპიონი ძიუდოში, ვარჯიშობს სამბოში, აჭენებს ცხენს... მისი სასარგებლო ჩვევების სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, ამ ტერიტორიაზე კი, 900 ჰექტარზე ფართობით, მას შეუძლია ჯანმრთელობისათვის სასარგებლო საქმიანობას მიუძღვნას თავი, თანაც სრული კონფიდენციალობის გარანტიით - ეს მთავარი პლუსია ამ „ბუნკერისა“ - წერს ჟურნალისტი.

თუმცა, არსებობს ერთი მაგრამ. პუტინს აქაც კენჭი უნდა უყარონ. იმისთვის, რომ La Zagaleta-ში დასახლდე, ანუ ვინმეს მეზობელი გახდე, ძველმა მაცხოვრებლებმა ჯერ არჩევნები უნდა ჩაატარონ, - რამდენად ისურვებენ შენს გვერდით ცხოვრებას. მაგალითად, ხულიო იგლესიასს, შაკირას  და დევიდ ბეკჰემს სწორედ დიდი პოპულარობისა და მათი ხმაურიანი პერსონის გამო უთხრეს უარი და არ მისცეს უფლება La Zagaleta-ში  უძრავი ქონება ეყიდათ.

„სათვალთვალო ვიდეოკამერები ხეებზეც კია მიმაგრებული. აქ კონფიდენციალობისთვის ბრილიანტების საფასურს იხდიან“ - ამბობს ამპარო დე ლა გამა.

თუმცა, თუკი პუტინს საქმე გასაქცევად ექნება, La Zagaleta-ში ის ერთადერთი „დევნილი“ არ იქნება.  როგორც ესპანური გაზეთი წერს, აქ ცხოვრობდა ერთ-ერთი ირანელი ლიდერი (მის ვინაობას არ ასახელებს), დღემდე ცხოვრობს ბრიტანელი ბიზნესმენი შონ ვუდჰოლი, რომელიც სამშობლოში თაღლითობის გამო გაასამართლეს, ასევე ფინ აკი კუხალა, რომელსაც ანტიმაფიოზურ ოპერაციაში „თეთრი ზვიგენი“ ედება ბრალი და თუკი იქ პუტინიც დაფუძნდება, იქაურ აბრებს „თეთრი დათვიც“ შეემატება.

პუტინი თავს არ მოიკლავს, როგორც ჰიტლერი. ის, შესაძლოა, მართლაც გაიქცეს ესპანეთში - ასე გამოეხმაურნენ  ამპარო დე ლა გამას სტატიას რუსი ბლოგერები.