პოლიტიკურ პარტიებს ფინანსური დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ

  17:58:50     01-02-2012

გასული წლის 30 დეკემბრიდან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში საკანონმდებლო ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, კონტროლის პალატამ დამატებითი ფუნქცია შეიძინა - განახორციელოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი, რისთვისაც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური შეიქმნა. მართალია აღნიშნული სამსახური მხოლოდ ერთი თვეა ფუნქციონირებს, თუმცა უკვე მოახერხა ნათელი მოეფინა პოლიტიკურ არენაზე ახლადგამოჩენილი ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიების თუ მედია-საშუალებებისთვის მსუყე თამასუქების დარიგებისთვის.

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს ივანიშვილის ,,ქართულმა ოცნებამ’’ ბარაქიანი ახალი წელი გაუთენა და მილიონიანი თამასუქები მიუძღვნა. ივანიშვილმა არც მშიერი მედია დატოვა ნაწყენი, მათ ოლიგარქმა 700 ათასი მოახმარა. როგორ ჩაურიცხა ასი ათასობით ლარი ,,რესპუბლიკელებს’’, კობა დავითაშვილს, ზვიად ძიძიგურს ივანიშვილმა, ეს საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ კონტროლის პალატის საშუალებით გახდა.

პოლიტიკურ პარტიებს ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ. საქართველოს კონტროლის პალატის ვებგვერდზე განთავსებული დეკლარაციის ფორმები, მათ 1-ელ თებერვლამდე უნდა შეევსოთ და კონტროლის პალატაში წარმოედგინათ. ამის შესახებ  პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განმარტებითი ბარათი 217 პოლიტიკურ პარტიასა და გაერთიანებას გაეგზავნა.

რა ინფორმაციას მოიცავს ფინანსური დეკლარაცია, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის №10/37 ბრძანებით განისაზღვრა. კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებაში ნათქვამია, რომ წლიური საფინანსო დეკლარაცია მოიცავს შემდეგ ფორმებს: საწევრო შენატანებსა და შემოწირულებებს. შემოსავლებს, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრებს. საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯებს. სსიპ  – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან მიღებული სახსრებით გაწეულ ხარჯებს. საბალანსო ანგარიშგებას. საბანკო ანგარიშებს. არაფინანსურ აქტივებს. შენობა-ნაგებობების რეესტრს. სატრანსპორტო საშუალებების რეესტრს.

მე-3 მუხლში, განმარტებულია, რომ შემოწირულებების შესახებ ანგარიში მოიცავს შემდეგ ფორმებს: ფულად და არაფულად შემოწირულებებს, შეღავათიანი პირობებით აღებულ კრედიტებს,  საჯარო ღონისძიებებთან დაკავშირებულ შემოწირულებებს.

თუ პოლიტიკური სუბიექტი დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას საქართველოს კონტროლის პალატას, კონტროლის პალატა მას წერილობით გააფრთხილებს და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 5 დღის ვადას მისცემს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საფინანსო დეკლარაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, იგი დაკარგავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს კონტროლის პალატა უზრუნველყოფს პარტიის საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას ყველა დაინტერესებული პირისათვის. შესაბამისად, ,,პრესა.ჯი’’ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა შემოსავალი მიიღეს და გახარჯეს პარტიებმა წლის განმავლობაში.