"სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი" გასტროლებს იწყებს

  12:54:17     01-02-2012

დღეს, 1-ელ თებერვალს, "სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი" უკრაინაში, ბელორუსსა და მოლდოვაში გასტროლებს იწყებს, რომელიც თვენახევარს გაგრძელდება. ამ ქვეყნებში კონცერტები უკვე 7 წელია თებერვალსა და მარტში იმართება.

ანსამბლის წევრები საქართველოში მარტის შუა რიცხვებში დაბრუნდებიან და თბილისის საკონცერტო დარბაზში მაყურებლის წინაშე ძველი პროგრამით წარდგებიან.

27 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლმა "სუხიშვილებმა" "მემორიალური პროგრამა" წარადგინეს, რომელიც ნინო და ილიკოს დროს იდგმებოდა. "სუხიშვილებმა" კონცერტი ნინო რამიშვილის ხსოვნას მიუძღვნეს.

19 იანვარს ნინო რამიშვილის დაბადებიდან 102 წელი შესრულდა. როგორც მისმა შვილიშვილმა და ანსამბლ "სუხიშვილების" ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა განაცხადა, ამ თარიღს 27 იანვარს აღნიშნავენ.

"ნინოს დაბადების დღე 19 იანვარს აქვს, თუმცა ის ყოველთვის 27 იანვარს აღნიშნავდა ხოლმე. ეს იმდენად სისტემატური იყო, რომ ბავშვობაში მისი დაბადების თარიღი 27 იანვარი მეგონა. მის დაბადების წლისთავთან დაკავშირებით კონცერტზე "მემორიალურ პროგრამა" წარვადგინეთ, რომელიც ნინო და ილიკოს დროს იდგმებოდა და ახალ თაობას არ უნახავს. 10 წლის განმავლობაში ჩვენ ეს ცეკვები არ დაგვიდგამს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სუხიშვილმა.

ცნობილი ქორეოგრაფი, ნინო რამიშვილი 1910 წლის 19 იანვარს ბაქოში დაიბადა. მან მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, რომლის წამყვანი მოცეკვავე 1972 წლამდე თავად იყო. რამიშვილი 2000 წლის სექტემბერში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ghn