"მოთ(ვ)ინიერებული" ივანიშვილი

  12:23:34     01-02-2012

ბიძინა ივანიშვილის კარზე მთავარი განმკარგულებელის ტიტულის მოსაპოვებლად დაწყებული ორთაბრძოლა დასრულდა: ეს საპატიო სტატუსი „რესპუბლიკელების“ დედოფალმა, თინა ხიდაშელმა მოიპოვა. ქართული პოლიტიკის დღემდე უიღბლო ვარსკვლავს გამარჯვება დიდად არც გასჭირვებია. ოლიგარქის დარწმუნება იმაში, რომ თინა მეორე ბენაზირ ბხუტოა, არც ისე რთული აღმოჩნდა. მისი ინტელექტისა და განსწავლულობის შესახებ კი, მილიარდერს, საკუთარი მონაცემებიდან გამომდინარე, აშკარად აღმატებული წარმოდგენა შეექმნა.

ბევრს კი ირწმუნება ოლიგარქი, რომ მისი მართვა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ამის გაკეთება, სხვებთან ერთად, თინა ხიდაშელმაც წარმატებით მოახერხა. თუმცა, ამ უკანასკნელმა პოზიციების ისე გამყარებაც შეძლო, რომ ახლა მის უნებართვოდ, სოლოლაკის სასახლის გალავანს მიღმა ცაში ჩიტი ვერ გადაიფრენს და მიწაზე ჭიანჭველა ვერ გაივლის.

ცოლ-ქმარი ივანიშვილებისთვის თინას სხაპასხუპით მიყრილი უთავბოლო ფრაზები მაკიაველისტური ცბიერებისა და ტალეირანისეული დიპლომატიის გამოვლინების ტოლფასია. პირდაღებული ცოლ-ქმარი ხიდაშელის სიტყვების რახარუხით და პოლიტიკური „განწავლულობით“ აღფრთოვანებულია, სწორედ ამიტომაც საკუთარ მოედანზე უკვე აშკარად ბევრის უფლება მისცეს.

თინაც რისი თინაა, მინიჭებული პრივილეგიით რომ არ ისარგებლოს. მუდამ პოლიტიკურ ბატალიებში ჩართულმა, მთელი თავისი პოლიტბიოგრაფიის მანძილზე, ვერანაირი მცირედი წარმატების მოპოვებაც კი ვერ მოახერხა. ახლა კი ქერის ორმოში ჩავარდნილი, პოლიტიკურად უვიცი მილიარდერის კარზე, რუხი კარდინალი გახდა და ისე მოეწონა ახალი ამპლუა, რომ კადრების მიღება-გასტუმრებიდან დაწყებული, პერსონებისა და პოლიტმოძრაობების ოლიგარქის კარზე შეშვება-არშეშვებით დამთავრებული, ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. 

ხიდაშელის თავნებობის გამო, ივანიშვილთან თანამშრომლობაზე უარი თქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტიურმა სახემ, ჯაბა ჯიშკარიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ რესპუბლიკელი ქალბატონის ქმედებები ყოველგვარ საზღვარს სცდება. ზუსტად იგივე მიზეზით ვერ შედგა ივანიშვილისა და ნანა დევდარიანის თანამშრომლობა. ხიდაშელს მდგომარეობას უადვილებს ის გარემოებაც, რომ ბიძინა ივანიშვილის უკიდურესად მალემრწმენი ადამიანია და იმ პერსონებს, ვისი ზეგავლენის ქვეშაც გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ექცევა, წინააღმდეგობას ვერ უწევს.

თინასაც სხვა რა დარჩენია გარდა იმისა, რომ ოქროს ზოდებით დატვირთულ „პინგვინს“ შემოახტეს და პოლიტიკის მწვერვალებისაკენ გაქუსლოს. ივანიშვილი მიაღწევს თუ არა ამ მწვერვალებს, ფრიად საეჭვოა, თუმცა, თინას ეს აშკარად არ აღელვებს, ვიდრე ოლიგარქი ამის გააზრებას საბოლოოდ მიახერხებს, თინას, მის ქმარს და თანამებრძოლებს აშკარად გვარიანად ექნებათ ქაფი მოხდილი ივანიშვილის უძირო ყულაბისათვის.