
მოსკოვში საპროტესტო აქციების მორიგი სერია დაიწყო...
20:08:38     31-01-2012
მოსკოვის ტრიუმფალურ მოედანზე, არასანქცირებული მიტინგი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მისი მონაწილეები დაიშალნენ. ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. აქცია მოსკოვის დროით 18 საათზე დაიწყო. მონაწილეებმა ტრაფარეტები გამოფინეს და ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს ხმამაღლა გაჰყვიროდნენ. რუსული მედია ირწმუნება, რომ მომიტინგეების რიცხვი ძალიან მცირე იყო, თუმცა, ცნობილია, რომ საპროტესტო გამოსვლების ძირითადი ტალღა რუსეთის დედაქალაქში თებერვლიდან დაიწყება. ეს უკვე დაანონსებულია და სოციალურ ქსელებში პუტინის მოწინააღმდეგე რუსები აქტიურ პროპაგანდას ეწევიან ხალხის მისაზიდად.
ზოგადად კი, რა ვითარებაა ამჟამად რუსეთში და სხვა ისეთ ქვეყნებში, სადაც ანალოგიური რეჟიმებია? როგორც ექსპერტები აცხადებენ, ვლადიმირ პუტინის ავტორიტარული მმართველობის სტილის შედეგად, კრემლი ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა: მასობრივი აქციები, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია, ფაქტობრივად, რუსეთის პოლიტიკურ სენსაციად იქცა. თუმცა, რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც თვლის, რომ კრემლის დიქტატორი, სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით, მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. მაგრამ რა მოხდება მერე, ეს არავინ იცის...
რიგი გარემოებები თვალთახედვის არედან არ გამოჰპარვიათ იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის მსგავსად ავტორიტარული მმართველობის სტილი აქვთ არჩეული. მაგალითად, ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელმაც თავისი მმართველობის პერიოდში, ევროპის უკანასკნელი დიქტატურის „ტიტული“ დაიმსახურა.
ევროპელი ექსპერტების აზრით, პუტინის მმართველობის სტილს სრულებით პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი. მან 2010 წლის თებერვალში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მეორე ტური ძლივს გადალახა. იმ დროისათვის, მისი პოლიტიკური მეტოქე იულია ტიმოშენკო გახლდათ. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული სასამართლო პროცესის ფარგლებში კი, ტიმოშენკოს უფლებამოვალეობის გადამეტებისთის რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავად სასამართლო პროცესმა პროტესტი გამოიწვია ევროკავშირსა და უფლებათა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციებში. აღნიშნული ორგანიზაციები ტიმოშენკოს დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვდნენ.
იანუკოვიჩი თავს იმით იმართლებს, რომ უკრაინის კონსტიტუცია სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის უფლებას არ იძლევა. რა თქმა უნდა ამ მიზეზის არავის სჯერა! აღსანიშნავია, რომ გარკვეული დროის წინ, ტიმოშენკო მოსკოვიდან დიდი მანძილით დაშორებულ სასჯელაღსრულებით ორგანოში გადაიყვანეს, სადაც მას ჟურნალისტები ისე აქტიურად ვეღარ მოინახულებენ, ეს კი, გარკვეულწილად, ხელისუფლებას ამ პრობლემის მივიწყებასა და მიჩქმალვაში შეუწყობს ხელს.
დასავლელი პოლიტოლოგები პუტინის „მომბაძველად“ კიდევ ერთ ქვეყანას ასახელებენ. მიუხედავად ყველაფრისა, პოლიტიკური მმართველობის მიმბაძველობის თვალსაზრისით, უნგრეთმა უკრაინა ნამდვილად ჩამოიტოვა უკან. ეს შემობრუნება განაპირობა ყოფილი სოციალური ბანაკისა და ვარშავის შეთანხმების წევრების ურთიერთობამ. ამ ქაოსური წარსულის გადალახვით, უნგრეთი შევიდა ნატოსა და ევროკავშირში. ამ უკანასკნელმა დიდი დახმარებაც გაუწია ბუდაპეშტს, ეკონომიკური კრიზისის დროს.
თუმცა, ყოველივე, პოლიტიკური თვალსაზრისით, პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა შეცვალა. იგი ხელისუფლების სათავეში პარტია ფიდეშის დამარცხების შემდეგ მოვიდა. ეს კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოახერხა. ამ გამარჯვების საშუალებით, ორბანმა პარლამენტში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა. ამით კი მას საშუალება მიეცა მოეთხოვა და შეეტანა ნებისმიერი ცვლილება ამა თუ იმ კანონში. ექსპერტების აზრით, ასეთი გზებით, ევროპაში დესპოტიზმის ახალი კერა ღვივდება. ერთ–ერთი უკანასკნელი კანონი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მიიღეს, სასამართლო ინსტანციას შეეხება, რომელსაც პრემიერ–მინისტრის მეგობარი ხელმძღვანელობს. ამ უკანასკნელს, მიღებული კანონის თანახმად. აღნიშნულ ინსტანციებში სხვადასხვა რეფორმების გატარება ევალება. ამაში კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება იგულისხმება, სასამართლო ინსტანციასთან დაკავშირებით.
აღნიშნულმა ვითარებამ დიდი შეშფოთება გამოიწვია დასავლეთის ქვეყნებში, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს პრობლემა განსაკუთრებით ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს აღელვებთ. ამ დროისათის, ამ ორგანიზაციებს ბუდაპეშტისთვის აუცილებელი დოკუმენტები აქვთ ხელმოწერილი, რათა თავი აარიდონ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებულ კატასტროფას. მსგავსმა პერსპექტივებმა ორბანი აიძულა საკუთარი ქმედებების გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა. ამ უკანასკნელმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის მზადებაც კი წამოიწყო.
როგორც აღმოჩნდა, პუტინის პოლიტიკის გაყოლა და ამ პოლიტიკისგან მაგალითის აღება, სრულიად უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის მმართველობაზე. ასეთი გზის არჩევის შემთხვევაში, ქვეყნის მმართველი დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს საკუთარ სამშობლოს!