
ნუგზარ წიკლაური: აქამდე, აშშ–სგან ასეთი მაღალი მხარდაჭერა არ გვქონია
17:18:16     31-01-2012
აშშ–სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, ქართველი დეპუტატები დადებითად აფასებენ. მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, საქართველოს, ამერიკასთან ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაციისთვის ახალი შესაძლებლობები ეძლევა, რითაც ქვეყანაში, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის ინვესტიცია შემოვა, რაც გავლენას ეკონომიკის განვითარებაზე მოახდენს. წიკლაური აქცენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებაზე აკეთებს და ამბობს, რომ მოსკოვის მუდმივი ტერორის, ადამიანების გატაცების, მუქარისა და აგრესიული რიტორიკის გასანეიტრალებლად, სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გადამწყვეტია. „პრესა.ჯი“ ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:
– ბარაკ ობამას მიერ, რა საგულისხმო გზავნილები გაჟღერდა?
– ამერიკის პრეზიდენტის შეფასებები მნიშვნელოვანია. მან განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელმაც იმ პროგრესით უნდა იამაყოს, რომელსაც მან „ვარდების რევოლუციიდან” დღემდე მიაღწია. ასევე, მან თქვა, რომ მსოფლიო პოლიტიკური არენაზე, საქართველო პასუხისმგებელი მოთამაშეა. ამით, ობამამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონალურად ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ამას გარდა, საქართველოსა და ამერიკას შორის, სამხედრო თანამშრომლობა გაღრმავდება, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო, რუსეთის მხრიდან მუდმივი აგრესიის ფონზე, უფრო მეტ დაცულობას იძენს. ამასთან, ობამამ ყურადღება, ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზეც გაამახვილა. არცერთი ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა, თუ საქართველო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, რეგიონალური ლიდერი არ იქნებოდა.
– შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება. რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის?
– ქვეყანას, ამერიკასთან ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაციისთვის ახალი შესაძლებლობები ეძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, გაცილებით უფრო დიდი რაოდენობის ინვესტიცია შემოვა, რისი მეშვეობითაც, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და ქართულ პროდუქტს თავისუფალ ბაზარზე გზა მთლიანად გაეხსნება.
– ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებსაც შეეხო და განაცხადა, რომ „საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე განხორციელებულ რეფორმებს”. ამ შეფასების ინტერპრეტირება მოხდა, თქვენ როგორ გაიგეთ, ეს განცხადება?
– ფორმალური გადაცემა ნიშნავს, დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს საქართველოში. ქვეყანაში, თუ რომელიმე ადამიანს წარმოუდგენია, რომ ობამა რაიკომის მდივნის ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც ვინმეს ეუბნება, არჩევნები თუ როგორი შედეგებით უნდა დასრულდეს, ეს ამ პოლიტიკოსის პოლიტიკურ სიმაღლეზე მიუთითებს. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველო, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც დიდ პროგრესს მიაღწია, ქვეყანაში, გამჭირვალე არჩევნებს ჩაატარებს, რომელიც უზრუნველყოფს იმ პოლიტიკური ძალების გამარჯვებას, რომელსაც მხარს ქართველი ხალხი დაუჭერს. ამიტომ, ეს სრულიად ბუნებრივი გზავნილია.
– ორ ქვეყანას შორის, უსაფრთხოებისა და სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით განცხადება, თქვენმა ოპონენტებმა რაღაც ფორმით ირანთან მოსალოდნელ კონფლიქტს დაუკავშირეს. . .
– უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას ნიშნავს. საქართველოს ჩრდილოეთიდან, ძალიან აგრესიული მეზობელი ჰყავს, მოსკოვის მუდმივი ტერორის, ტერორისტული აქტების, ადამიანების გატაცებების, მუქარისა და აგრესიული რიტორიკის გასანეიტრალებლად სამხედრო სფეროში თანამშრომლობა გადამწყვეტია. უახლოეს ხანებში, თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან და ქვეყნის თავდაცვასთან დაკავშირებით, კონკრეტულ მიმართულებებს განიხილავენ. ჩვენმა ქვეყანამ, მიუხედავად იმისა, რომ ომისა და დაბომბვების ობიექტი იყო, განვითარება მაინც მოახერხა და როდესაც, ამ მხარდაჭერით, რუსეთის სახით, დიდი პრობლემა იქნება ნეიტრალიზებული, ეკონომიკა ბევრად სწრაფად განვითარდება.
– პრეზიდენტების შეხვედრამ, ჩიკაგოს სამიტთან დაკავშირებით, რა მოლოდინი გაგიჩინათ?
– აშშ, საქართველოს ძალიან აქტიური მხარდამჭერი ადრეც იყო, მაგრამ ობამას მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრირებაში დაეხმარება, თუმცა, ნატო არ არის ერთი ქვეყანა და იქ, განსხვავებული მოსაზრებებია.
– ამერიკის მიერ, მხარდაჭერის დაფიქსირების შემდეგ, რუსეთს რა რეაქცია ექნება?
– რუსეთისაგან პროვოკაციები სულ მოსალოდნელია, მაგრამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა რაც უფრო გაიზრდება, ამ პროვოკაციებისთვის მით ნაკლები ადგილი რჩება. მცდარია მოსაზრება, რომ თუ კი, ჩვენ თავისუფალი სამყაროსკენ ნაბიჯებს გადავდგამთ, პროვოკაციების საფრთხე გაიზრდება. ეს პირიქითაა. დასავლურ სივრცეში, რაც უფრო დინამიური იქნება ინტეგრაცია, საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმების ნაკლები შანსი იარსებებს. ასე, რომ არ ველი, რომ რაიმე ისეთი პროვოკაცია იქნება, რომელთა მოგერიება ქვეყანას არ შეეძლება. საქართველოს ამერიკისგან აქამდე ასეთი მაღალი მხარდაჭერა, არ ჰქონდა და ჩვენი ქვეყანა მტერს მაინც იგერიებდა, ამ მხარდაჭერის პირობებში კი, რისკების მინიმალიზაცია მოხდება.