დეიდაშვილის მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებულს, 16 წელი მიესაჯა

  14:23:18     31-01-2012

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმის განხილვა დაასრულა. ,,დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ომანაძის მეუღლის, დარეჯან ქარდავას ცხედარი სამართალდამცავებმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.  საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის დარეჯან ქარდავას ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა, ცხედარს მოჭრილი ჰქონდა ყური. სამართალდამცავებმა მის მკვლელობაში ეჭვიტანილი, მახარე დარსალია დააკავეს, რომელიც გარდაცვლილის დეიდაშვილი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ხშირად მოსდიოდა უთანხმოება დეიდაშვილთან.

საქმის მასალების მიხედვით:  მახარე დარსალია 2011 წლის 3 მაისს,  თავისი ინიციატივით გაჰყვა დეიდაშვილ დარეჯან ქარდავას საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში პირად საქმეზე. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ,  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, მახარე დარსალიამ რამდენჯერმე უსაყვედურა და  შენიშვნა მისცა მას იმ მანერებთან და ქცევებთან დაკავშირებით, რასაც ეს უკანასკნელი ავლენდა უცხო მამაკაცებთან ურთიერთობისას. ამავდროულად, დარსალიამ გამოთქვა ეჭვი, რომ  დარეჯან ქარდავას ჰყავდა საყვარლები.

სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ, მათ ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისაკენ ფეხით განაგრძეს  გზა. დარსალიასა და ქარდავას შორის წამოწყებული საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც მახარე დარსალიამ, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ყელში ხელები წაუჭირა და მოგუდა საკუთარი დეიდაშვილი. შემდეგ კი ქარდავას კუთვნილი ,,NOKIA”–ს ფირმის მობილურ ტელეფონი აიღო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ღია სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თავი არ  სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა  მახარე დარსალიას მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულ იქნა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მახარე დარსალია დამნაშავედ ცნო და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 16 წლისა და 6 თვის ვადით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.