ვალერიან გაფრინდაშვილის ორი უკანასკნელი ლექსი (გარდაცვალების დღისადმი)

  12:50:14     31-01-2012

1941 წლის 31 იანვარს გარდაიცვალა დიდი პოეტი, კრიტიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი, ლიტერატურის თეორეტიკოსი, ცისფერყანწელების ერთ-ერთი ლიდერი, უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთი რეფორმატორი - ვალერიან გაფრინდაშვილი.

მისმა მგრძნობიარე გულმა ვერ გაუძლო უძვირფასესი მეგობრების დაკარგვას, დაუნდობლობას... დაკრძალულია დიდუბის პანთეონში...

ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი დაიბადა  1888 წლის 21 დეკემბერს (ახალის სტილით 1889 წლის 2 იანვარს), ქუთაისში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. გულბათ ტორაძის თქმით, რომელიც მისი თანაკლასელისა და მეგობრის, გრიგოლ ტორაძისა და მისი ცოლის, ირა ჭავჭავაძის დის შვილი იყო, ვალერიანის „თანაკლასელები იყვნენ - აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, გრიგოლ წულუკიძე (აკადემიკოსი), ნიკოლოზ ანდრიაძე (პროფესორი, პირველი ქართველი ინფექციონისტი), ეფრემ ზაქარაია (პროფესორი, გამოჩენილი ქირურგი), რუსი აკადემიკოსი გიორგი კაშჩენკო“... მართლაც შესანიშნავი თაობა იზრდებოდა. 

გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. თავიდან ლექსებს წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „მეგობარში“. იყო „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი ლიდერი და თეორეტიკოსი.

1918 წელს თბილისში გადმოსახლდა. მისი ლექსების პირველი კრებული „დაისები“ გამოვიდა 1919 წელს. რედაქტორობდა ჟურნალ „მეოცნებე ნიამორებს“ (1919—1924), წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას.

მის შემოქმედებაში, ასე ვთქვათ, ორ ეტაპს გამოყოფენ. გურამ ბენაშვილი კარგად გადმოგვცემს ვალერიან გაფრინდაშვილის პოეტური შემოქმედების პერიოდიზაციას: „ერთ დროს ორთოდოქსი სიმბოლისტი, ბოლოს კი რეალური სინამდვილის გულწრფელი ჭვრიტით დაღლილი „მომღერალი“ - ასეთია ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედებითი გზის სქემატური სურათი“.

1926 და 1937 წლებში გამოიცა მისი ლექსების კიდევ ორი კრებული.

ვალერიან გაფრინდაშვილმა თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ნეკრასოვის, ტარას შევჩენკოს, ინიკენტი ანენსკის, კოსტა ხეთაგუროვის, ჰოვანეს თუმანიანის, ვალერი ბრიუსოვის, ალექსანდრე ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, სერგეი ესენინის, ნიკოლოზ ტიხონოვის, პავლე ანტოკოლსკის, მიკოლა ბაჟანის, გოეთეს, ჰაინრიჰ ჰაინეს, ვალტერ ჰაზენკევერის, ედგარ პოს, ოსკარ უაილდის, ვიქტორ ჰიუგოს, ოგიუსტ ბარბიეს, ჟერარ დე ნერვალის, ტეოფილ გოტიეს, შარლ ბოდლერის, ჟიულ ლაფორგის, ეჟენ პოტიეს, პოლ ვერლენის, არტურ რემბოს, სტეფან მალარმეს, ტრისტან კორბიერის, ალბერ სამენის, ემილ ვერჰარნის, მიხეილ ლერმონტოვის ნაწარმოებები, რომელთაგან ზოგიერთი უკვე გავახსენეთ ჩვენს მკითხველს.

ვალერიან გაფრინდაშვილმა რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. რუსულად თარგმნა სხვა ქართველი პოეტების ლექსებიც.

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში გვაქვს ვალერიან გაფრინდაშვილის რამდენიმე შესანიშნავის ესე, რომლებიც ადვილად შეუძლია მოიძიოს მკითხველმა. აქვე გვაქვს მისი შესანიშნავი ტრიოლეტები, სონეტები...

1990 წელს გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებული, რომლის წინასიტყვაობაში (ცისფერი ორდენის ერთგული რაინდი“) გურამ ბენაშვილი შესანიშნავად წერს:

„...ის მრავალთათვის ბუნდოვანი ლეგენდა იყო. როგორც აუცილებლობა ისიც თანდათანობით შეიკრებს თავის ბუნებრივ ჭეშმარიტ მასშტაბებს და მაშინ, თუ სამწუხაროდ დღესვე არა, ჩვენს წინაშე წარმოდგება განსაცვიფრებელი თავისთავადობით, საოცრად დახვეწილი და არისტოკრატიული ელეგანტური ეროვნული სულით აღბეჭდილი პოეტი“...

ვალერიან გაფრინდაშვილის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ორი უკანასკნელი ლექსი. ეს ლექსებიც კარგად წარმოგვიდგენს მის ტალანტს. გარდაცვალებამ, და განვლილმა დრომ, მართლაც, კიდევ უფრო გამოაჩინა მისი განსაცვიფრებელი ნიჭი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ვალერიან გაფრინდაშვილის ჯეროვანი შეცნობა და დაფასება ისევ მომავლის საქმეა.

უკანასკნელ ლექსში, რომელიც თავისი უკანასკნელი წლის დამდეგს დაწერა, მისი პოეტური კრედო ისევ გამომჟღავნდა: „სხვას არაფერს გთხოვ, ჯერ უცნობო ახალო წელო, / მომეცი ჯანი, მასთან ერთად სიტყვა ფრთოსანი, / რომ მე ბოლომდე გავიტანო შაირის ლელო, / რომ სიკვდილამდე ჭეშმარიტი ვიყო მგოსანი“...

1941 წელმა ვერ მისცა ჯანი, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ჭეშმარიტ მგოსნად დარჩა. დრო კი მის პოეტურ სახელს უფრო და უფრო მეტი შარავანდედით მოსავს...

აკაკის ვარდები სხვიტორში

მის ნივთებიდან ბევრი რამ დარჩა:
დოქი, ლაფშინის ძველი წუმწუმა...
ვუცქერი საბნის თოვლისფერ ფარჩას,
ვათვალიერებ მის წიგნებს ჩუმად.

და მიბნეული კედლის შპალერზე,
კვლავ სათამაშო სჩანან კარტები,
იხედებიან პირველ ალერსით
მგოსნის ბაღიდან ლალის ვარდები.

დაღვრილ ყვავილთა წითელი ფერით
წალკოტი ესხმის აივანს თავზე,
თითქოს დამთვრალი ბულბულის სტვენით
და ათას ერთი სურნელით სავსე.

მუდამ ხარობდეს სხვიტორის ბაღი
და უგზავნიდეს მთაწმინდას სალამს,
სად განისვენებს პოეტი ლაღი,
ძილშიც რომ ეტრფის საკუთარ კალამს!

ილიას გვერდით აკაკის ძინავს,
გულში იხუტებს მათ ერთი კერა,
ერთ განუწყვეტელ ნადიმად ბრწყინავს
ვარდებისა და ვარსკვლავთ სიმღერა!

1940 წელი

1941 წელი, 1 იანვარი

მაჩაბლის ლექსით ვესალმები ახალ წელიწადს -
ისმოდეს სიტყვა მოელვარე და შექსპირული.
თუმცა არავის ვემუქრებით ჩვენ დასალეწად,
დიდ ძალას იტევს ეს ქვეყანა ჩვენი გმირული.

სხვას არაფერს გთხოვ, ჯერ უცნობო ახალო წელო,
მომეცი ჯანი, მასთან ერთად სიტყვა ფრთოსანი,
რომ მე ბოლომდე გავიტანო შაირის ლელო,
რომ სიკვდილამდე ჭეშმარიტი ვიყო მგოსანი.

ახალი წელი მტკვრის ნაპირებს მოჰყვება ჩუმად,
იგი სტამბებში ამძრავებს მბეჭდავ მანქანებს,
თორმეტ საათზედ მოვარდება იგი სამუმად
და მთელ სამყაროს, ვით პლანეტას, წინ გააქანებს.

მე ველოდები ახალ წუთებს, ვით მეტეორებს,
მუდამ თან მახლავს განუყრელად ფარული რწმენა,
რომ შთაგონება თვის სასწაულს გაიმეორებს
და მიეცემა უტყვ საგნებსაც უკვდავი ენა.

ახალ წელიწადს, ვით ნაძვის ხეს, მე ველოდები,
და თოვლის პაპა ჯერ არნახულს მომიტანს ნობათს,
ირგვლივ ჩრდილები შეიმოსენ მრავალ წოდებით,
სრული იმედით მე ვუცქერი ცასა და მყობადს!

1941 წლის 1 იანვარი