პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, „დიდი ფული" ერთიანდება

  12:02:57     31-01-2012

პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, დიდი ფული ერთიანდება. რუსი ოლიგარქები აპირებენ დაამტკიცონ, რომ პუტინმა საზღვარგარეთ მილიონები დამალა. საბოლოო მიზანი კი „კრემლის კაპიტალის“ კონფისკაციაა.

ბრიტანეთში მცხოვრები რუსი ბიზნესმენები, რომლებიც მოსკოვიდან პუტინის რეჟიმის გამო არიან გაქცეულები, პუტინის ახლო გარემოცვის კორუმპირებული ჩინოვნიკების სიას  შეადგენენ. სიის კანდიდატი უკვე არის 50-მდე ადამიანი.

შურისძიებისთვის განწყობილი რუსი მულტიმილიონერები „საერთაშორისო ანტიკორუფციული კომიტეტს“ ქმნიან და შეეცდებიან აიძულონ დასავლეთის სახელმწიფოები, რუსეთის დანაშაულებრივ მმართველ  ჯგუფებზე ზემოქმედებისთვის სხვადასხვა ბერკეტები აამოქმედონ, მათ შორის, სანქციები, რომლებიც კორუმპირებულ რუს ჩინოვნიკებს დასავლეთის სახელმწიფოების ტერიტორიებზე შესვლას აუკრძალავს.

რუსი ოლიგარქების მიერ დასახელებული სიის სათავეში, რათქმაუნდა, ვლადიმერ პუტინია. ბიზნესმენები აგროვებენ მტკიცებულებებს, რომ პუტინმა სახელმწიფოს ასობით მილიონი მოპარა და ეს ფული საზღვარგარეთ დამალა.

The Sunday Times-ის მონაცემებით, კომიტეტში საკვანძო ფიგურაა ბიზნესმენი ვლადიმერ მოროზოვი. მან რუსეთი „ოლიმპსტროისთან“ და პრეზიდენტის საქმეთა მმართველთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა. მეწარმემ სოჭის ოლიმპიადის მშენებლები კონტრაქტის პირობების დარღვევაში, ჩინოვნიკები კი ქრთამის გამოძალვაში დაადანაშაულა.

ჯერჯერობით უცნობია, კიდევ კონკრეტულად ვინ შევა „ანტიკორუფციული კომიტეტის“ შემადგენლობაში. თუმცა, მსურველები ცოტანი ნამდვილად არ იქნებიან. სხვადასხვა დროს, კრემლთან უთანხმოებისა და რუსეთის სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან დევნის გამო დიდ ბრიტანეთში არაერთი რუსი მილიონერი გადაიხვეწა. მათ შორისაა კომპანია „ევროსეტის“ ერთ-ერთი მფლობელი ევგენი ჩიჩვარკინიც, რომელმაც 2010 წელს პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მიმართა და შს სამინისტროსგან დაცვა სთხოვა.

ის ამბობდა, რომ სამინისტროს თანამშრომლები მას ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ.

2011 წლის თებერვალში ბიზნესმენი სერგეი კოლესნიკოვი, რომელიც ასევე საზღვარგარეთ ცხოვრობს, მედიას გელენჯიკთან მშენებარე ობიექტის მშენებლობაზე მოუყვა. მან განაცხადა, რომ დასასვნებელმა კომპლექსმა, რომელზეც ფული, რა თქმა უნდა, ბიუჯეტიდან იხარჯებოდა, ბოლოს „პუტინის სასახლის“ სტატუსი მიიღო.

2007 წელს იქვე დაიწყო მეორე პროექტის განხორციელება, ვენახებისა და ელიტარული ღვინის წარმოების მიზნით. 2008 წელს ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ პუტინმა ყველა სხვა სამრეწველო პროექტი შეაჩერა, თუმცა ბოლო ფინანსურ დოკუმენტებში, რომელიც კალესნიკოვმა თავად ნახა, ამ პროექტის ღირებულებად მილიარდი დოლარი სახელდებოდა.

სავარაუდოდ, შურისძიების შანსს ხელიდან არ გაუშვებს არც ბორის ბერეზოვსკი, რომელიც უკვე აქტიურადაა ჩართული ანტიპუტინისტურ კამპანიაში და ქვეყნის პრემიერის პოლიტიკიდან ჩამოშორების საქმეში, ამბობს, რომ არც შესაძლებლობებსა და არც ფინანსებს დაზოგავს.

პუტინის გარემოცვა ამ ლონდონურ ინიციატივას საკმაოდ გაღიზიანებული გამოეხმაურა. პრემიერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობის კორუფციაში დადანაშაულება ძალიან სერიოზული რამაა და მტკიცებულებებს საჭიროებს. დიმიტრი პესკოვმა ისიც აღნიშნა, რომ ბევრი „დევნილი“ ადანაშაულებს პრემიერს „მომაკვდნებელ ცოდვებში“, თუმცა ამის დასაბუთება, ჯერჯერობით, ვერავინ  შეძლო. სწორედ ასეთი ბანდიტები, რომლებმაც თავად გაიტანეს მილიონები, წავიდნენ ლონდონში - განაცხადა პესკოვმა.

პუტინის მიმართ ასეთი სიებით მანიპულირება დასავლეთში დიდი ხანია დაწყებულია. არებობს ამერიკული „მაგნიტსკის სია“. 2011 წლის აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა ინფორმაცია რიგი რუსი ჩინოვნიკების მიმართ სავიზო სანქციების დაწესების შესახებ, აგვისტოში კი ბარაკ ობამამ გასცა განკარგულება - ქვეყანაში შესვლა აეკრძალოთ იმ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევასთან, გენოციდსა და სამხედრო დანაშაულებთან კავშირში არიან. ასეთივე სიის საკითხი დადგა კანადის პარლამენტში, The Observer კი იტყობინებოდა, რომ სია აქვს დიდ ბრიტანეთსაც, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ გაცხადებული არ არის. როგორც გაზეთს ბრიტანეთის მთავრობის ყოფილმა წევრმა კრის ბაიანტმა უთხრა, ემიგრაციის მინისტრმა მას მიანიშნა, რომ სავიზო სანქციები რუსი ჩინოვნიკების მიმართ მართლაც არსებობს. ცოტა ხნის წინ კი ბრიტანელმა დეპუტატებმა ღიად მოითხოვეს, არ დაუშვან ვლადიმერ პუტინი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე.

შეიძლება თუ არა ზეწოლის შიდა და გარე ბერკეტებმა რაიმე გავლენა მოახდინოს რუსეთის რეალობაზე? ყოველ შემთხვევაში, ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ „პუტინის საფუძველი“ საკმაოდ შეირყა.

საპროტესტო მიტინგების გარდა ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ინტერნეტსივრცეს, რუსულ საინფორმაციო საშუალებებში კი მოხშირდა ისეთი შეგნებული თუ უნებლიე „წამოცდენები“, რომლებიც ადრე მკაცრი ცენზურის გავლენით ჟურნალისტებს ფიქრადაც კი არ მოუვიდოდათ. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ, როცა მორიგ ჯერზე რუსეთში ლენინის დაკრძალვაზე იყო საუბარი, ტელერადიოკომპანია „კრასნოიარსკის“ ტელეწამყვანმა მაყურებელს ასე ჰკითხა: უნდა დავმარხოთ თუ არა ვლადიმერ პუტინი?

ცოცხალი ლიდერების სიკვდილზე რუსეთში უკვე ხშირად ლაპარაკობენ. მაგალითად, დიმიტრი მედვედევს ცოტა ხნის წინ ერთმა სტუდენტმა ასეთი კითხვა დაუსვა: მზად არის თუ არა იმისთვის, რომ რევოლუციის შემთხვევაში სახალხო სასამართლომ, მას, შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიუსაჯოს და აიტანს თუ არა ამას ღირსეულად, - თან მაგალითად სადამ ჰუსეინის შემთხვევა დაუსახელა.