
„აშშ-სთვის საქართველო ეკონომიკური ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითია“
21:34:58     30-01-2012
აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ქართველ კოლეგას, თეთრ სახლში, დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე შეხვდება. ამ შეხვედრიდან რა მოლოდინი აქვს ქართულ მხარეს? პრესა.ჯი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დეპუტატ აკაკი მინაშვილს ესაუბრა:
-რას ელით შეხვედრისგან და პრეზიდენტები რა საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას?
-პრეზიდენტების შეხვედრა მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამასთან, საყურადღებო იმ საკითხების ნუსხაა, რომელიც თეთრი სახლის მიერ წინასწარ იყო გაჟღერებული, კერძოდ, განცხადებაში ხაზგასმულია ტერიტორიული მთლიანობა, დეოკუპაციის მიმართულებით მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. საქართველო უსაფრთხოების არამარტო მომხმარებელია, არამედ მიმწოდებელიც, ვინაიდან, ქვეყანა აქტიურ როლს თამაშობს გლობალურ პოლიტიკაში, მათ შორის ავღანეთში. გარდა უსაფრთხოებისა, მნიშვნელოვანი საკითხი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაა. 2008 წლის სამხედრო აგრესიისა და ფინანსური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ მოახერხა, გამოწვევები დაეძლია და ჩვენ სხვა სახელმწიფოსთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის ტემპები გვაქვს. მალე ორნიშნა ზრდაზეც გადავალთ. ამ კუთხით კი, ეკონომიკურ სფეროში, ამერიკის მხარდაჭერა ინვესტორებისთვის ძალიან კარგ გზავნილს ნიშნავს.
მაგალითად, ის, რომ საქართველოში ინვესტიციების ჩადება ღირს, ეს არის იმის ნიშანი, რომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა აქვს. ეს ყველაფერი კი, კავშირში ინვესტიციების ზრდასთან და დასაქმებასთან არის. ამას გარდა, პრეზიდენტებს შორის საუბარი იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, დემოკრატიულ რეფორმებსა და გამოცდილების გაზიარებაზე. ამერიკისთვის საქართველო წარმატებული მაგალითია ეკონონომიკური ტრანსფორმაციის და საქართველო ბრენდია, იმიტომ, რომ არაბული სახელწიფოები საუბრობენ, საქართველოს მაგალითი როგორ გამოიყენონ.
ბევრ სკეპტიკოსს ეგონა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია იქნებოდა მხოლოდ თანამშრომლობა ქაღალდზე, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა და პირიქით, ჩვენი განვითარება შეუქცევადი გახდა.
ქართული თემა, როგორც მოკავშირის თემა ამერიკის შიდა პოლიტიკისთვისაც აქტუალურია და ამაში მთავარი ის არის, რომ თანამშრომლობა არათუ პრაგმატული მიზნებისთვის ხდება, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ ამერიკასთან ღირებული~ებების ერთიანობა გვაქვს.
-ექსპერტებს ნაწილი აცხადებს, რომ ობამა ამ შეხვედრით ცდილობს, “დემოკრატებს” დაუმტკიცოს, რომ საქართველო ისევ ამერიკის პარტიორია...
-ის მოსაზრება, რომ ობამას “დემოკრატიულ პარტიას” საქართველო არ აინტერესებს - არასწორია, მთელი ამ ისტორიის მანძილზე, ამერიკას აქტიური საგარეო პოლიტიკის მიმართულება გამოიკვეთა, კერძოდ, ის, რომ აშშ-ს ამოცანა დემოკრატიის გავრცელება და მოკავშირეების მხარდაჭერაა, ეს არაპარტიული მიდგომაა და მსგავსი ხედვა, პრეზიდენტებს ყოველთვის ჰქონდათ, ეს იყო კლინტონი თუ რეიგანი. სკეპტიკოსებს მინდა შევახსენო, რომ ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის ყველაზე კარგი სიმბოლო სტრატეგიული პარტიორობის ქარტიაა, რომელიც 2009 წლის იანვარში გაფორმდა, ეს იყო პერიოდი, როდესაც ბარაკ ობამა აირჩიეს. ამერიკის მხრიდან, ყველა დონეზე, თანამშრომლობა იზრდება.
-პრეზიდენტები ირანის კრიზისს განიხილავენ. რა პოზიციას დაიკავებს ამ დაძაბულობაში საქართველო?
-ამაზე საუბარი ნაადრევი და არასერიოზულია, იმიტომ, რომ ამერიკას დღეს გაცხადებული პოლიტიკა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ სამხედრო ალტერნატივა დღის წესრიგში, ჯერჯერობით, არ დგას. დღეს დაძაბულობის მოხსნის სხვადასხვა რესურსი არსებობს, მათ შორის, დიპლომატიური. ამიტომ ამაზე საუბარი არ ღირს და ბუნებრივია, რომ საქართველოს სამეზეობლოში კონფლიქტი არ აინტერესებს. ასეთი მოსაზრებები სპეკულაციებია და მეტი არაფერი.
-უახლოეს მომავალში, საქართველოს ჰილარი კლინტონიც ეწვევა. ამ რანგის შეხვედრები, რა გავლენას მოახდენს ჩიკაგოს სამიტზე?
-მოვლენებს წინასწარ არ უნდა გავასწროთ, მაგრამ ზოგად გზავნილებს თუ გავითვალსიწინებთ, კერძოდ, გენერალური მდივნისა და ელჩების განცხადებებს, რომ საქართველომ უმოკლეს ვადაში, ძალიან დიდი გზა გაიარა და თვისობრივად ქვეყანა, ისე ახლოს არის ნატოსთან, როგორც არასდროს, ეს გზავნილი ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში დაფიქისირებული იქნება, მაგრამ რა ფორმით, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, სამოქმედო გეგმის ეს ფაზა არის გზა ნატოში საბოლოო წევრობამდე.
-ამ შეხვედრების შემდეგ, რუსეთის რა რეაქციას უნდა ველოდეთ?
-რუსეთის პოლიტიკას თუ განვიხილავთ, მარტივად მიხვდებით, რომ ქვეყნის ლიდერები საბჭოთა მენტალობით გამოირჩევიან. კრემლი საგარეო პოლიტიკას იყენებდა, მაგრამ დღეს ეს სიტუაცია რუსეთში თვისობრივად შეცვლილია, რადგან ეს ფანდი რუსეთში აღარ მუშაობას. ეს ძალიან კარგად დემონსტრაციების ფონზე ჩანს. მეორეს მხრივ, რუსეთი ისეთი ძლიერი არ არის, რა მითიც არსებობს, არც ეკონომიკურად და არც სამხედრო კუთხით. კრემლს მუდმივად აქვს ამერიკის შიში, რადგან რეალურ კონკურენციაში მისი არსებობა რთული იქნებოდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთს შესვლა ორი წლის წინ არ აინტერესებდა, მაგრამ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები თავად დაიწყო, მიხვდნენ, რომ იზოლირებულ სამყაროში მათი არსებობა კატასტროფაა. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ ომს დაიწყებს, ეს არც სასურველი იქნება, მაგრამ ის, რომ დასავლეთი ყველა ფორუმზე საქართველოს მხარდაჭერას აფიქსირებს, რომ რუსეთმა პრინციპები სრულად დაიცვას, ეს დიპლომატიური ბერკეტია. გადატვირთვის პოლიტიკა არ ნიშნავს, რომ პრინციპების დარღვევაზე თვალს ვინმე დახუჭავს.