
მაღაზიის დაყაჩაღებასა და პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირები განაჩენს ასაჩივრებენ
15:27:19     30-01-2012
დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, ქუთაისში, 10 წლის წინ მომხდარ გახმაურებულ დანაშაულს – საიუვილერო მაღაზია ,,თეატრონის’’ დაყაჩაღებისა და დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლის – ალექსი ლილუაშვილის მკვლელობის საქმეზე, სააპელაციო საჩივარს განიხლავს. 2001 წელს, თავდამსხმელებმა ,,თეატრონიდან’’ 150 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნივთები გაიტაცეს და მიიმალნენ. ყაჩაღობაში მონაწილე პირები სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრს უკვე იხდიდნენ, როცა შს სამინისტრომ ,,თეატრონის’’ დაყაჩაღებისა და პოლიციელის მკვლელობის გახმაურებული საქმე გახსნა. აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული პირები - სულხან მაკარიძე, ზვიად ბიწაძე, გიორგი კობახიძე, სერგო ქურცაძე და კახაბერ რევიშვილი გასულ წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავეებად ცნო და განაჩენი გამოუტანა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ,,მათ მსჯავრი დაედოთ ჯგუფურად, საცავში დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ყაჩაღობისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის. გარდა აღნიშნული დანაშაულებისა, სულხან მაკარიძეს მსჯავრი დაცვის პოლიციის თანამშრომლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვისაც დაედო.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ,,ფორდის’’ მარკის მიკროავტობუსის მძღოლი თავისივე მანქანის უკანა სავარძელზე გაკოჭილი მოათავსეს, თვითონ კი მანქანას უკანონოდ დაეუფლნენ. გატაცებული მიკროავტობუსით ყაჩაღური ჯგუფი ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია ,,თეატრონში’’ მივიდა. ცეცხლსასროლი და ავტომატური იარაღით აღჭურვილმა, პირებმა ფიზიკური ძალისა და იარაღის გამოყენებით, განაიარაღეს დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი, დაზიანებები მიაყენეს მაღაზიაში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დახლებზე განთავსებულ დიდი ოდენობით ოქროს ნივთებს. შენობის დატოვების მომენტისთვის, განგაშზე მისულმა დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ალექსი ლილუაშვილმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სულხან მაკარიძემ მას ახლო მანძილიდან მუცლის არეში ესროლა. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ლილუაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
აღნიშნულ დანაშაულზე სასჯელის დანიშვნის მომენტისათვის 4 განსასჯელი საპატიმრო მსჯავრს უკვე იხდიდა სხვა დანაშაულისათვის. შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრულ სასჯელს სხვა დანაშაულისათვის მოუხდელი სასჯელიც დაემატა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, სულხან მაკარიძეს საბოლოო მოსახდელად განესაზღვრა 33 წლით თავისუფლების აღკვეთა, ზვიად ბიწაძეს - 24, გიორგი კობახიძეს - 19, სერგო ქურცაძეს – 25, კახა რევიშვილს კი 40 წლით თავისუფლების აღკვეთა. სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში უმძიმეს დანაშაულში მხილებული პირები.