
მღვდელმონაზონ იონას კვალი აფხაზეთში იკარგება
12:23:58     30-01-2012
ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრიმინალური ფაქტები, მათ შორის ადამიანების გატაცება, ახალი თემა არ არის, მაგრამ ოკუპანტები იმდენად გათავხედნენ, რომ უკვე სასულიერო პირების დაკავებასაც აღარ ერიდებიან.
თითქმის ერთი კვირაა უცნობია სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, მღვდელმონაზონ იონას ადგილსამყოფელი. იგი რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.
მღვდელმონაზონის ნათესავმა, ზაალ მაისურაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთ სტიქაროსანს აფხაზეთიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ იონა ტყვეობაში იმყოფება და გამოსასყიდის სახით 100 000 დოლარი მოითხოვეს.
მისივე ცნობით, მღვდელმონაზონი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაციასთან დაკავშირებით მასალის ჩამოსატანად იყო წასული.
,,პრესა.ჯი’’ აღნიშნული საკითხის გასარკვევად საპატრიარქოს დაუკავშირდა.
საპატრიარქოს განცხადებით, ჯერჯერობით დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და მასზე საპატრიარქო განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს. საქმეში ჩართულია შს სამინისტროც. ხვალ, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იგეგმება, სადაც შს სამინისტროს წარმომადგენლები მღვდელმონაზონ იონას გაუჩინარების საკითხის გარკვევას შეეცდებიან.